17 ქულა „ბრუკლინთან“ - მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 9 ივლისს გამთენიისას NBA-ის საზაფხულო ლიგა „მილუოკი ბაქსმაც“ დაიწყო, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. ქართველი კალათბურთელი ლას ვეგასში მიმდინარე ტურნირზე მონაწილეობას იღებს და ვისკონსინელების მთავარი ვარსკვლავიც გახლავთ.
„ბაქსი“ პირველ შეხვედრაში „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 94-90 დაამარცხა. სანდრო, რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, 27 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის მხრიდან ლინდელ ვიგინტონთან ერთად ყველაზე მეტი, 17 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, „მილუოკის“ ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ის 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მამუკელაშვილი სამქულიანებს მაღალი პროცენტით ისროდა და 5-დან 4 ჩააგდო, ორქულიანი 7-დან 2-ჯერ, საჯარიმოს ხაზთან კი 2-ჯერ დადგა და ზუსტად ერთხელ ისროლა.
მამუკელაშვილი VS ბრუკლინ ნეტსი (საზაფხულო ლიგა)
მამუკელაშვილზე მეტი ქულა ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ ორმა კალათბურთელმა აიღო – ქემერონ ტომასმა 31 ქულა დააგროვა, ხოლო დეივიდ დიუკის ანგარიშზე 22 ქულაა.
შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ 12 ივლისს „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.