164-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტს. დოკუმენტი მარაქეშში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაზე დაამტკიცეს. მიგრაციის შესახებ 34-გვერდიანი შეთანხმება საერთაშორისო მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.
როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, გლობალური მიგრაციული პაქტი იურიდიულად სავალდებულო არ არის. მისი თქმით, დოკუმენტის მიღება აუცილებელია მიგრანტებთან ურთიერთობაში ერთიანი მინიმალური სტანდარტების დასადგენად.
დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაში მარაკეშში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც მონაწილეობდა. მისი განცხადებით, გაერო-ს პაქტი ღიად უცხადებს ბრძოლას არალეგალურ მიგრაციას და არალეგალთა უკანონო ტრანსპორტირებას.
„მიგრაცია ბუნებრივი პროცესია და თუ ის ლეგალურია, ეს კარგი საქმეა. შრომითი მიგრაცია ხელს უწყობს გერმანიის განვითარებასაც“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელის თქმით, ცალკეული ქვეყნები ვერ გადაწყვეტენ არალეგალური მიგრაციის პრობლემას დამოუკიდებლად, ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა.
გაერო-ს გლობალური მიგრაციული პაქტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-მა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ჩილემ, დომინიკელთა რესპუბლიკამ. რამდენიმე ქვეყანას კი ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდეს თუ არა მიგრაციულ შეთანხმებას, მათ შორის არიან ბულგარეთი,სლოვენია, ესტონეთი, იტალია, შვეიცარია და ისრაელი.