15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება
15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელია, 2019 წლის 15 იანვრიდან ვალდებული იქნება, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეიყვანოს. ამას ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს.

ბრძანების თანახმად, 2019 წლის პირველი მაისიდან სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში გადაცემის ვალდებულება უკვე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას ექნება. პირველი სექტემბრიდან კი, პროგრამაში ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, EHR სისტემაში ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიყვანოს.

EHR სისტემა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

EHR სისტემის მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები, რაც უწყვეტ, ეფექტიან, პაციენტზე ორიენტირებულ და ხარისხიან, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სისტემაში თავს მოიყრის შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი;    ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვა.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

EHR სისტემის შემადგენელი ნაწილია პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით, პაციენტს შეუძლია, სისტემაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია მოიძიოს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სისტემის ამოქმედება უფრო მოქნილს გახდის პაციენტებისთვის სერვისების გაწევას, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ექიმს ექნება მყისიერი წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მიღებული ტრავმის გამო უგონოდაა და არ შეუძლია, ექიმს მიაწოდოს მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი და სხვა), მედპერსონალი აღნიშნული ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიტყობს ყველა საჭირო მონაცემს.

EHR სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების საკითხები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.