არჩილ თალაკვაძე - მას შემდეგ, რაც მთავრობამ უზრუნველყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე და ეკონომიკური პროცესების გახსნა, ქვეყანას 12%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, სესხის აღება აუცილებელი არ არის
არჩილ თალაკვაძე - მას შემდეგ, რაც მთავრობამ უზრუნველყო ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე და ეკონომიკური პროცესების გახსნა, ქვეყანას 12%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, სესხის აღება აუცილებელი არ არის

მას შემდეგ, რაც მთავრობამ უზრუნველყო სრული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე და ეკონომიკური პროცესების გახსნა, ქვეყანას შვიდ თვეში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს და ახლა სესხის აღება აუცილებელი არ არის. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან დამატებით სესხს ამ ეტაპზე აღარ აიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური ღირებულებების გაზიარება და რეფორმების ჩატარება არ ნიშნავს სესხის აღებას.

„ოპონენტების მცდელობა, რომ სესხის აღების საკითხი როგორმე დაუკავშირონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ან იმ ძველ ნარატივს დაუკავშირონ, რომლებსაც ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში, შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებებს ის ადამიანები აკეთებენ, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი ანტიევროპული და ანტიდასავლური გააკეთეს, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინათ. დასავლური ღირებულებების გაზიარება და რეფორმების ჩატარება არ ნიშნავს სესხის აღებას, ეს ნიშნავს ამ ღირებულებების რეალურად განხორციელებას ცხოვრებაში, რაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვიდან, დასრულებული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, ყოველთვის იყო დაცული და მომავალშიც ასე იქნება. ის რომ, სესხის არაღებით საქართველომ თითქოს უარი თქვა რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ეს არის აბსურდი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ოპოზიციის მისამართით უბრალოდ საჭირო არ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა.