144 ქართული დუბლი NBA-ში - სტეფანიას დაწყებულს ბითაძე და მამუკელაშვილი განაგრძობენ, რეკორდსმენი ფაჩულიაა #1TVSPORT
144 ქართული დუბლი NBA-ში - სტეფანიას დაწყებულს ბითაძე და მამუკელაშვილი განაგრძობენ, რეკორდსმენი ფაჩულიაა #1TVSPORT

NBA-ში სულ 144 ქართული „დაბლ-დაბლია“ შესრულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენიანები 144 მატჩში ასცდნენ (ერთდროულად) 9-ქულიან და 9-მოხსნიან ნიშნულს. ზაზა ფაჩულიას 114 ორმაგი დუბლი აქვს, ხოლო ვლადიმერ სტეფანიას – 10. ნიკა ცქიტიშვილს 10 მოხსნაც შეუსრულებია და 17 ქულამდეც ასულა, მაგრამ ერთ მატჩში ორივე მაჩვენებლით 9-ისთვის არ გადაუბიჯებია და ამერიკაში დაბლ-დაბლი არ აქვს. ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას 2012-13 წლების სეზონში ერთადერთხელ მიეცა 20-ზე მეტი წუთი და მოედნიდან 11-11 ქულა-მოხსნით გავიდა.

გოგა ბითაძემ კი თანამემამულეთა შორის ყველაზე სწრაფად – NBA-ში გამართულ მესამე მატჩში შეასრულა „დაბლ-დაბლი“.

რაც შეეხება NBA-ში ჩვენიანთა პირველ ორმაგ დუბლს, იგი ვლადიმერ სტეფანიას ეკუთვნის – 1999 წლის 4 აპრილს „სიეტლის“ მაისურით 17 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა და თანაგუნდელებს „დალასთან“ 110:100 მოაგებინა.

მას მერე ვოვამ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, 2002 წლამდე ისეთ გუნდს ეძებდა, სადაც ნდობას გამოუცხადებდნენ და სათამაშო დროს მისცემდნენ. ასეთი პატ რაილის „მაიამი ჰიტი“ აღმოჩნდა, რომელშიც სტეფანიამ საკუთარი შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად გამოავლინა და 9 დუბლი შეასრულა.

სტეფანიამ კარიერა 2004 წელს დაასრულა, 2003-ში კი NBA-ში ფაჩულია მოხვდა და ესტაფეტა ღირსეულად გადაიბარა. მას „ორლანდოში“ არ ენდობოდნენ, პირველი დაბლ-დაბლი „მილუოკის“ მაისურით 2005 წელს მიითვალა, „ნიუ ჯერსისთან“ გამოიდო თავი – 14 ქულა, 12 მოხსნა. იმავე წელს „ატლანტაში“ გადავიდა, სასტარტო ცენტრადაც იქცა და დუბლების სარეკორდო მაჩვენებელიც 2005-06 წლების სეზონში ჰქონდა – 21. თუმცა ზაზამ ეს რეკორდი 2015-16-ში დაამხო – „დალას მავერიქსის“ მაისურით 22 „დაბლ-დაბლი“ მოუგროვდა.

ზემოთ „ესტაფეტა“ და „გადაბარება“ ვახსენეთ. თითქოს ერთგვარი ჯაჭვიაო – ზაზამ კარიერა 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა, 2019-20-ში კი NBA-ში გოგა ბითაძემ შეაბიჯა, 2021 წლიდან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ სათამაშო დრო თუ მიეცემათ, სტატისტიკაც მაღალი ექნებათ. ასე რომ, გოგა ბითაძის მიერ 2024 წლის 14 ნოემბერს შესრულებული ორმაგი დუბლი ბოლო არ არის…

გაგრძელება იქნება…