12-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში ქართველმა ითამაშა - ქოჩორაშვილის სადებიუტო მატჩი
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა – „საბურთალოს“ აღზრდილმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ ფორმით ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამოჩნდა.
21 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ლიგაში სადებიუტო შეხვედრაა. მართალია, გიორგი მოედანზე მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ეს ჩვენთვის მოვლენა გახლდათ. ქოჩორაშვილმა რუნებ ნოჩინა შეცვალა.
ესპანეთის ლა ლიგაში ქართველებიდან მხოლოდ ორ ფეხბურთელს უთამაშია – გიორგი დემეტრაძეს (2001 წელს „რეალ სოსიედადში” გამოდიოდა და 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა) შოთა არველაძე კი სწორედ „ლევანტეში“ გამოდიოდა 2007–2008 წლების სეზონში, მაგრამ ტრავმის გამო გუნდის ფორმა მხოლოდ 4-ჯერ მოირგო და ერთადერთი გუნდია, რომლის ფორმითაც გოლი არ გაუტანია.
საამაყო და სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ერთერთ გამორჩეულ ლიგაში ქართველმა ბიჭმა ითამაშა, თუმცა, გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძისგან განსხვავებით, გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ისე დააწინაურეს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა ჯერ არ მოურგია, მაგრამ გიორგი „ჯვაროსნებში“ მოხვედრას ელის.
რაც შეეხება შეხვედრას, „ლევანტე“ დამარცხდა – ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკთან” 1:2 წააგო და ლა ლიგაში გამართული 36 ტურის შემდეგ, 43 ქულით მე-12 ადგილზეა.