12-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ითამაშებს
12-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ითამაშებს

1-ელ მაისს ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში ბათუმის „დინამო“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბათუმელები ტურის ცენტრალურ მატჩს, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, პირველად ჩაატარებენ საკუთარ მოედანზე – ანგისას ბაზაზე.

„ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი თამაშობდა ბათუმის „ადელის“ სტადიონზე, 2012 წლიდან კი ქობულეთში გადავედით. თუმცა, ევროპის ლიგის თამაშები ზესტაფონსა და ქუთაისში ჩავატარეთ. მოკლედ, გუნდი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, რაც ცხადია, შედეგებზე მოქმედებდა. ბათუმში 2017 წელს „რაგბი არენაზე“ დავბრუნდით, მაგრამ საკუთარ სტადიონსა და ბაზაზე 12 წელი ვოცნებობდით და მხოლოდ ახლა გვეღირსა. ეს ამბავი მნიშვნელოვანი და სასიხარულოა არამხოლოდ გუნდისა და მისი გულშემატკივრებისთვის, არამედ, ზოგადად, ბათუმისთვისაც. სასიხარულო ფაქტია, რომ გუნდი საკუთარ ბუდეს დაუბრუნდა“, – ამბობს ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე.

ბათუმის „დინამო“ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კლუბია – სხვათა შორის, ის თბილისის „დინამოზე“ ორი წლით ადრე, 1923 წელს დაარსდა. შეგახსენებთ, რომ ბულვარში მდებარე ცენტრალური სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და სტადიონის მშენებლობა მხოლოდ წელს დაიწყო. მანამდე გუნდს ანგისას ბაზა აუშენეს, რომლის მშენებლობაც დეკემბერში დასრულდა, თამაშებს კი მინდვრის საფარის გაუმჯობესებამდე არ ატარებდნენ.

„დინამოსა“ და მარტვილის „მერანის“ შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია 1-ელ მაისს, 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.