12 მაისის ღონისძიებებზე საუბრისას გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა
12 მაისის ღონისძიებებზე საუბრისას გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა კლუბებში ჩატარებული ღონისძიებების საფუძველი. მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რადგან არც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წარმოდგენილა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. ახლა მოგახსენებთ, თუ რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ – ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით.

ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი მოვლენაა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გვაქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს, ეს არის კლუბის წინ) ასევე კლუბის შიგნით.

არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვა კლუბის შიგნით, ღონისძიება არ გაგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება – „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ“. შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა.

მეორე – რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. როდესაც ერთერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა- იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და  ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით“, – განაცხადა შს მინისტრმა.