მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ტიაგო ალკანტარა გუნდს ტოვებს. ესპანელი ნახევარმცველი უახლოეს მომავალში „ლივერპულთან“ გააფორმებს კონტრაქტს.
„როგორც ჩანს, ის ჩვენგან მიდის. მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დამტკიცება, რომ შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი დიდ მატჩებში. ჩემთვის ოდნავ მტკივნეულია ეს ყველაფერი. უახლოეს დღეებში ველოდებით წინადადებებს მასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუმენიგემ გაზეთ Die Welt-თან კომენტარში.
გასულ სეზონში ალკანტარამ 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.