უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის უფროსი მძევლად აიყვანა
უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის უფროსი მძევლად აიყვანა

უკრაინის ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის უფროსი მძევლად აიყვანა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად თავდამსხმელმა აფეთქების მუქარით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აიყვანა მძევლად, თუმცა მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად, კრიმინალური გამოძიების რეგიონული განყოფილების უფროსმა, ვლადიმირ შიიანმა ოფიცრების გათავისუფლება შეძლო და მძევლად თავად ჩაბარდა. ორივე მათგანი ავტომობილით პოლტავადან გავიდა და კიევის მიმართულებით გადაადგილდება.

ოფიცრების მძევლად აყვანამდე, კრიმინალური გამოძიების განყოფილების თანამშრომლები მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ. ის ავტომობილის უკანონო დაუფლებაშია ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა „ერგედე-5“-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღო და პოლიციელები მძევლად აიყვანა.

უკრაინული მედია წერს, რომ თავდამსხმელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დამალვა სურს.