11 კომპანია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს და პარლამენტს მოუწოდებს, დოკუმენტს მხარი არ დაუჭიროს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ინიციატივით, ტელემაუწყებლების, რადიომაუწყებლებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა პარლამენტთან პრესკონფერენცია გამართა. 11 კომპანია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირონ. მათი შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა და დოკუმენტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 11 კომპანია მათ პოზიციას წერილობითი ფორმით პარლამენტს, მთავრობასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს.
„ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც არსებითად აუარესებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს არის კანონპროექტები, რომლებიც მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას, გრძელი ხელის საშუალებით მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში. მარეგულირებელი კომისია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ეხება მედიას. ეს არის ტყუილი. უშუალოდ მთავრობა მარეგულირებელი კომისიის საშუალებით ითავისუფლებს სივრცეს და ქმნის გარკვეულ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მომავალში საჭიროების მიხედვით შეძლონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხებზე არსებითი მსჯელობა იყოს და მთლიანობაში ამ კანონპროექტების მხარდაჭერა არ მოხდეს“, – აცხადებს კოალიციის წევრი ერთ-ერთი ორგანიზაციის, საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.