10 წლის ირლანდიელმა გოგონამ ზღვაზე საფეხბურთო ბურთი დაკარგა, რომელმაც 200 კილომეტრი იცურა და უელსის პლაჟზე აღმოჩნდა
10 წლის ირლანდიელმა გოგონამ ზღვაზე საფეხბურთო ბურთი დაკარგა, რომელმაც 200 კილომეტრი იცურა და უელსის პლაჟზე აღმოჩნდა

10 წლის ირლანდიელი გოგონას საფეხბურთო ბურთს ზღვაში საოცარი მოგზაურობა ჰქონდა. საბოლოოდ, ის ერთი კვირის შემდეგ უელსის სანაპიროზე იპოვნეს. სოციალური ქსელების წყალობით, ბურთი ისევ თავის მფლობელს დაუბრუნდება.

10 იანვარს, აოიფი თავისი საფეხბურთო ბურთით უოტერფორდთან ახლოს პლაჟზე თამაშობდა. ბურთი ზღვაში ჩავარდა და გოგონას მამამ მისი აღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ტალღებმა ბურთი ირლანდიის სანაპიროდან შორს გაიტაცეს და მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ ის სამუდამოდ დაიკარგა.

მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ, ბურთი უელსის სანაპიროზე კერედიგიონის პლაჟზე იპოვნეს – აოიფისგან 200 კილომეტრის დაშორებით. მპოვნელი ადგილობრივი მაცხოვრებელი ალინ დენტონია. ის სამხრეთ და დასავლეთ უელსის ველური ბუნების ფონდის მოხალისეა და პლაჟს ნაგვისგან ასუფთავებდა, როცა ირლანდიელი გოგონას ბურთი დაინახა.

ალინმა ბურთს ფოტო გადაუღო, რომელზეც აოიფის სრული სახელი ეწერა. ქალმა სურათი სოციალურ ქსელებში განათავსა და იკითხა – ვინმე ხომ არ იცნობდა ამ გოგონას.

„ის ახლახანს გამოირიყა დასავლეთ უელსის პლაჟზე! საინტერსოა, რამდენი დრო დასჭირდა მას ირლანდიიდან აქ მოსაღწევად?“ – დაწერა ქალმა „ფეისბუქში“.

„ბურთი ჩაფუშული არ ყოფილა, ალაგ-ალაგ ოდნავ გაცვეთილი იყო ქვებზე მიხეთქების გამო. საერთო ჯამში, კარგად იყო შენახული“, – მოუყვა მოგვიანებით ალინმა BBC-ს.

თავდაპირველად, დენტონის პოსტი მხოლოდ მისმა მეგობრებმა ნახეს, მაგრამ შემდეგ, ერთ-ერთმა შესთავაზა ბურთის შესახებ უელსის საფეხბურთო ასოციაციაში ეცნობებინა. ამის შემდეგ, ეს ისტორია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და პრესაში და ხუთი საათში პოსტი აოიფის მამამაც ნახა.

მამაკაცმა მადლობა გადაუხადა ალინსა და ყველა დანარჩენს, ვინც ამ ისტორიაში მონაწილეობდა და აოიფს ბურთის პოვნაში დაეხმარა.

„შვიდი დღის წინ, აოიფი ფეხბურთს თამაშობდა უოტერფორდის მახლობლად. მადლობა ყველას, ვინც ეს პოსტი გააზიარა!“ – დაწერა გოგონას მამას.

ახლა, ალინ დენტონი აპირებს ბურთი უკან ირლანდიაში გაგზავნოს, რათა ის აოიფს დაუბრუნონ.