10-კაციანმა „ბარსელონამ“ ელ-კლასიკო 2:2 დაასრულა
10-კაციანმა „ბარსელონამ“ ელ-კლასიკო 2:2 დაასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის რანგში “ელ-კლასიკო” გაიმართა – “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “რეალს” უმასპინძლა. კატალონელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მატჩი 2:2 დასრულდა.
მე-10 წუთზე სერხი რობერტოს პასით ლუის სუარესმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-14 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე დაწყებული კომბინაციის შემდეგ გაათანაბრა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მსაჯმა სერხი რობერტოს წითელი ბარათი მისცა და “ბარსელონამ” მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარა. მიუხედავად ამისა, 52-ე წუთზე მაინც დაწინაურდა – 33-ე გოლი გაიტანა სეზონში ლიონელ მესიმ.

“რეალი” წაგებას 72-ე წუთზე გარეტ ბეილმა გადაარჩინა. უელსელმა, რომელიც პირველ ტაიმში უმტიტის წინააღმდეგ უხეშობისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2. “რეალმა” მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშა, რომელიც მწვრთნელმა პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალა.

“ბარსელონა” ისევ დაუმარცხებელია ესპანეთის ჩემპიონატში, “რეალი” მესამეზეა 72 ქულით.