0:10 წაგების შემდეგ სომხეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს
0:10 წაგების შემდეგ სომხეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს

21-წლამდელთა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის შეხვედრა სომხეთის ნაკრებმა შვედეთთან 0:10 წააგო, არც ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე მტკივნეული მარცხი იყო – სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ რეაგირება არ დაახანა.

„მატჩის შემდეგ, სომხეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ანტონიო ფლორესს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან არმენ მელიქბეკიანთან. გადაწყდა, რომ ანტონიო ფლორესი სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობას არ გააგრძელებს. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა მალე გაირკვევა”, – წერია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქ ლუბლინის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში შვედეთის 21-წლამდელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 3:0 მოიგეს, ბოლო 10 წუთში კი 4 გოლის გატანა მოახერხეს.

სომხეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ანტონიო ფლორესი 2019 წლის თებერვალში დანიშნეს. თუმცა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შედეგი ვერ აჩვენა – ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა 8 მატჩი გამართა და 8 ტურის შემდეგ 1 მოგებითა და 7 წაგებით ბოლოდან მეორე ადგილზეა.