საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას.
„მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლებააყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი.