​მარცხი ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში - საქართველოს ნაკრებმა არგენტინა XV-თან წააგო #1TVSPORT
​მარცხი ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში - საქართველოს ნაკრებმა არგენტინა XV-თან წააგო #1TVSPORT

დღეს, 3 ივლისს საქართველოს რაგბის ნაკრებმა ზაფხულის ტესტ მატჩების სერია დაიწყო, სადაც პირველ შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ არგენტინა XV-ს დაუპირისპირდნენ და 24:30 დამარცხდნენ.

მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად დაიწო და ძირითადად შეტევაში იყო. ერთ-ერთი შერკინების დროს, მე-8 წუთზე ვასიკო ლობჟანიძემ ბურთი გამოიტანა, პასი ტაბუცაძეს მისცა, რომელმაც ეფექტური მოძრაობით ხაზი გაჭრა და ბურთი აბჟანდაძეს გადააწოდა, თედომ რამდენიმე მეტრი გაიარა და ბრწყინვალე, შორეული პასი გაუკეთა ფლანგზე მაღალ სისწრაფეზე მიმავალ დავით ნინიაშვილს, რომელიც ვერავინ გააჩერა და ანგარიში გაიხსნა. აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 7:0 დავწინაურდით. არგენტინა XV-მა შეტევები გაამწვავა და ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. შეხვედრის 32-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი შეტევა განავითარეს და ამჯერად ნინიაშვილმა ლელო აბჟანდაძეს დაადებინა. თედოს გარდასახვა მეორეჯერაც უნაკლო იყო და საბოლოო ჯამში გუნდები შესვენებაზე 14:6 ანგარიშზე გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს. ცოტა ხანში კი აბჟანდაძემ კვლავ წარმატებით შეასრულა ჯარიმა და უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ამის შემდეგ არგენტინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, სამი ლელო დაგვიდეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ნოდარ ჭეიშვილმა მეტოქე დაალელოვა, 24:30 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივლისს გამართავს. „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იქნება. შეგახსენებთ, რომ ბოლოს იტალიელებმა 2018 წელს ფლორენციაში 28:17 დაგვამარცხეს.

დატოვე კომენტარი