პოლ ოსტერის მისნის ღამე
პოლ ოსტერის მისნის ღამე

პირველად პოლ ოსტერის შესახებ ჩემმა მეგობარმა თორნიკე ადამაშვილმა მითხრა და ბოლოს თავის ხელით მომიტანა ნიუ იორკული ტრილოგია, რომელმაც ჩემზე წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილება დატოვა. იყო რაღაც, რაც ძალიან მომეწონა და არ მომეწონა რაღაც, რასაც სახელი ვერ მოვუძებნე. ამის მიუხედავად მივხვდი, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ავტორთან მქონდა საქმე და როდესაც მისი მისნის ღამე ქართულად გამოიცა, რჩევა და დაძალება არ დამჭირვებია, დაუფიქრებლად ვიყიდე.

 

პოლ ოსტერი უცნაური მწერალია, მის წიგნებში კი ყოველთვის რაღაც არის მოუხელთებელი. ამ წიგნშიც ორმაგი სიუჟეტია: ერთი ამბავი მოგვითხრობს მთხრობელის ცხოვრებაზე, რომელიც ეს-ესაა დაუძვრა ხელიდან სიკვდილს და ვინაიდან ხელობით მწერალია, მორიგი სეირნობისას გულგრილად ვერ ჩაუვლის ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიას, სადაც მის ყურადღებას პორტუგალიური ბლოკნოტი მიიპყრობს.

აქედან კი იწყება მეორე სიუჟეტი, რომელსაც მთავარი გმირი წერს და ჩვენ თვალწინ ძალიან დაძაბული და საინტერესო თხრობის ფონზე მწერლის სამზარეულო გაშიშვლდება – მისი შიშები, სწრაფვები, სირთულეები, როგორ აისახება მის პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები მისივე ნაწერზე, როგორ პოულობს და განავრცობს თემას და ა.შ.

 

და მაინც, წიგნში არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომლებიც შეიძლება ითქვას გადამწყვეტ როლს თამაშობენ სიუჟეტის განვითარებაში. მთხრობელის ცოლი და მეგობარი, ხანშიშესული მწერალი. ამ ნაწილში კი ჩვენ ვიღებთ დრამას, რომელიც რთულად გადაიხლართება მთავარი გმირის განცდებთან.

 

თუ დაძაბული სიუჟეტი და ადამიანური გრძნობების ღრმა მიმოხილვა გიტაცებთ, მაშინ მე თამამად გირჩევთ წაიკითხოთ პოლ ოსტერის “მისნის ღამე”.