ლაზარე ერქომაიშვილი - 4-3-2-1
ლაზარე ერქომაიშვილი - 4-3-2-1

მოკლედ ასეთი ამბებია: ხვალ თბილისის ჩემპიონატია ფიფა 18ში. მსგავს ჩემპიონატში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ჩემს ცხოვრებაში პირველი შეჯიბრია, სადაც გამარჯვების რეალური შანსი მაქვს. მიუხედავად იმისა რომ ერთი ჯეელი ორი წლის განმავლობაში ჩამჩიჩინებდა, წელს უეჭველი ვიგებთ, უკვე ბარგის ჩალაგება დავიწყეო, მაინც ყოველთვის ვიცოდი რო პირველს თუ არა, მეორე თამაშს მაინც წავაგებდით და ორივე შემთხვევაში ასეც მოხდა. ახლა კი იმენა მოგების ხოდზე ვარ.

ხვალ ფიფა 18ში ჩემპიონატია, როგორც ავღნიშნე და დღეს საგულდაგულოდ ვივარჯიშე. ვარჯიშის შედეგებზე დაკვირვების შემდეგ, დასკვნები ჩამოვწერე და მივხვდი რომ ვირტუალური ფეხბურთის ანალიზი კიარა, ლიტერატურული შედევრი შევქმენი.
ჩემივე გენიოსობით აღტაცებულმა ისიც კი შევძახე, მთაწმინდიდან გადმომხედოს გვარდიოლამ თქო.
ხოდა რასაკვირველია, ამ შესავალს იმიტომ ვწერ რომ ჩემი შედევრი გაგაცნოთ.

მაშ ასე, დღევანდელი ვარჯიშის შეჯამება:

სტატისტიკა:  4 თამაში
3 გატანილი გოლი
11 გაშვებული
0 ფრე
0 მოგება
4 წაგება
(რაღა თქმა უნდა, ყველაზე რთულ დონეზე)

დასკვნები:
ბურთის ფლობაში აშკარა უპირატესობა მაქვს. პასებსაც ბევრს ვაკეთებ. უმეტესობას-ზუსტად. კომბინაციურად ვთამაშობ. ანუ ნახევარდაცვა ჩემი ძლიერი მხარეა. შეტევაში ბევრ მომენტს ვერ ვიყენებ. რაც ან მეტოქე გუნდის კარის დარაჯის თავდაგმოდების, ან ჩემი თავდამსხმელების კლასის დაბალი დონის ბრალია. მოწინააღმდეგე ბევრ სახიფათო მომენტს ვერ მიქმნის, მაგრამ თუ მიქმნის-მიტანს. დაცვა არ არის მყარი და სტაბილური

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე პრაქტიკული იქნება 4-4-2 რომ ვითამაშო.
იქიდან გამომდინარე, რომ ფიფა18_ის გეიმფლეი საგრძნობლად განსხვავდება ფიფა15_ის გეიმფლეისგან (ფიფა 15_ის გეიმფლეის ძლიერი მხარე დრიბლინგის სიმარტივეა, 18ში კი დრიბლინგი სისწრაფის ხარჯზე თითქმის შეუძლებელია. აქ მეტი ყურადღება გამახვილებულია ფინტებსა და ტრიუკებზე, რასაც დრიბლინგთან შედარებით, ბევრად ნაკლები ტერიტორია სჭირდება), ფლანგებიდან გარღვევაზე თამაში არ გაამართლებს.
ცენტრი უნდა დავიკავო. ამისათვის ყველაზე ხელსაყრელია 4-4-2 ან 4-5-1.
შეტევის გეგმას ცენტრში შევიმუშავებ, და გამჭოლი პასით გავიყვან თავდამსხმელს მეკარესთან პირისპირ, ან ორ მცველს შუა აღმოჩნდება. ამ შემთხვევისთვის უკან ერთი, ან ორი ნახევარმცველი უნდა აზღვევდეს, რათა ბურთი დაუტოვოს, და შემდეგ ან შორეული დარტყმით დაასრულონ შეტევა, ან მცველების ყურადღება გადმოიტანონ და ბურთი კვლავ 9 ნომერს დაუბრუნონ. ასე თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩება…

გეგმა B იქნება 2010 წლის ესპანეთის ტაქტიკა. ნაცადია, და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკად ითვლება: ფლეიმეიქერი შეტევასაც მართავს, თავადაც უტევს, და ნახევარდაცვასაც დირიჟორობს. ამასთანავე, ფლანგებზეც ანაწილებს ბურთს.

…ხო, სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ასპექტი გამომრჩა: ამ ოთხი თამაშის განმავლობაში, არცერთხელ დამიცემინებია. ხვალ დაცემინება შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდეს. ზუსტად საჭირო დროს გავცივდი. თუ მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე გადმოვიდა, ან ჩემი დაცვა თუ ჩავარდა და მეკარესთან მეტოქის ერთი ან მეტი მოთამაშე აღმოჩნდა პირისპირ-დავაცემინებ, დაიბნევა და ჩემი მეკარე დაეუფლება ბურთს.
ეგეც ნაცადი ხერხია. ფორესტ გამპმა ქნა ჭადრაკის ჩემპიონატის ფინალში. ოღონდ დაცემინება არა, სხვა რამე ქნა.

რაც შეეხება გეგმა C_ს: (დაცემინება გეგმა D_ა.) გეგმა C იქნება  4-3-2-1 (ფლანგებზე გაშლილი).: გარემარბებს ორი ფუნქცია დაეკისრებათ: თუ შევატყვე, რომ გარღევაზე თამაში შესაძლებელი და ხელსაყრელია, რათქმაუნდა, თავისთავად ფლანგები ჩემს განკარგულებაში გადმოვა, უხეშად რომ ვთქვათ, ფლანგებზე ვითარეშებ. წინ ორი შემტევი ნახევარმცველი: მარჯვენა და მარცხენა, ფლანგებიდან ცენტრში შემოტანილ ბურთს გააკონტროლებენ. ან თავად ითამაშებენ გარღვევაზე და თუ საჭირო გახდა, შორეულ დარტყმასაც არ ითაკილებენ. ასევე საჭიროების შემთხვევაში, ფლანგებზე ღრმად შეიჭრებიან, საყრდენი ნახევარმცველი დასარტყმელ პოზიციაზე ჩამოიწევს, იმ შემთხვევაში თუ მცველები ცენტრფორვარდზე გადაიტანენ ყურადღებას, აწ უკვე გარემარბის ფუნქციის შემსრულებელი ფლეიმეიქერები (ან თავად გარემარბები, თუ ფლეიმეიქერები ბურთს ჩასაწოდებელ პოზიციაზე დაუტოვებენ) ბურთს ცენტრში გადაუგზავნიან წინ ჩამოსულ საყრდენ ნახევარმცველს, რომელიც ძირითად შემთხვევებში, შორეული დარტყმით დაასრულებს შეტევას. ან კიდევ, თავდამსხმელის იმედად, საჯარიმოში ჩააწვდიან ბურთს.
რაც შეეხება, ამ ტაქტიკის ფარგლებში თავის დაცვას: შეტევაზე (ან კონტრშეტევაზე) გადმოსულ მოწინააღმდეგეს, ცენტრში ერთად ერთი ნახევარმცველი დახვდება. თავდაპირველად მოწინააღმდეგე მოტყუვდება, რამეთუ იფიქრებს, რომ იოლად გაუმკლავდება ეულ ჰავბეკს, თუმცა, ამასობაში გარემარბები და ფლანგის მცველები ერთგვარ ალყაში მოაქცევენ მეტოქე გუნდის ნახევარმცველებს. ცენტრალური მცველები კი თავდამსხმელს აიყვანენ.
შეტევაზე გადმოსული ნახევარმცველის ერთადერთი გამოსავალი, საყრდენი ნახევარმცველის ჩამოტოვება, და შორეული დარტყმით ბედის ცდა იქნება, რასაც ჩემი  მეკარე ადვილად გაუმკლავდება, ვინაიდან მეტოქე გუნდის დაბნეული შემტევი, სათანადო ტყორცნას ვერ განახორციელებს. ხოლო თუ იმდენად დაიბნა, რომ ბურთი დაკარგა, კონტრშეტევა სასიკვდილო აღმოჩნდება: საყრდენი ნახევარმცველი ბურთს მოიპოვებს და სწრაფი სვლით დაიძვრება წინ. გარემარბები ფლანგებზე გაიშლებიან, მარჯვენა და მარცხენა ფლეიმეიქერები პოზიციებს დაიკავებენ. მოწინააღმდეგის მცველებს ორი ვარიანტი დარჩებათ: ან 9 ნომერის გაკონტროლება, ან გარემარბების. ორივე შემთხვევა ჩემთვის ხელსაყრელია. 9 ნომერის აყვანის შემთხვევაში, ბურთს ფლანგზე გადავიტან და სწრაფად გავაგრძელებ ცენტრისკენ შემოწევას, ან კომბინაციის გათამაშებას. ყველა ვარიანტში, ამ დროს ბურთი რომელიმე გარემარბს უნდა გადავაწოდო, ანუ ამ დროს შეტევაში ექვსი კაცი მეყოლება (1 საყრდენი, 2-ფლეიმეიქერი, 2-გარემარბი, 1-ცენტრფორვარდი), ორი, სამი, ან ოთხი მცველის წინააღმდეგ.
იმედია, გვარდიოლა უკვე ანძასთან მელოდება…