ანი დიდიშვილი - ურბანული ფიქცია
ანი დიდიშვილი - ურბანული ფიქცია

ყველა ქალაქს ჰყავს ფიროსმანივით ნაივური პროტაგონისტი, ყველა ქალაქს აქვს ინდივიდუალური ხმა(ური), ყველა ქალაქს ჰყავს თავისი შამანი, თავისი ბომჟი და ყველა ბომჟს აქვს თავისი ურბანული ისტორია, თავისი ურბანული თავგადასავალი…

უკვე რამდენიმე საათია მონოტონურად მივაბიჯებ გადათხრილ ტროტუარზე, უკვე რამდენიმე საათია ქალაქის ყოველ წერტილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და უკვე რამდენიმე საათია უბრალო ქალაქი ჩვეულებრივზე უფრო ენიგმატური გახდა. მთვარეც, სადღაც ჯანდაბაში გაიქცა, აღარ მოჩანს.  სიბნელე ასწორებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმბეცილური საქციელია მთვარის მხრიდან.

სიბნელეშიც კი ზეპირად ვიცი სად რა ანაგრამაა მიჯღაპნილი კედელზე, ზეპირად მახსოვს ნაცნობი გვარები სახლის ჭიშკრებზე, ნაცნობი სახელები ,,პამიატნიკზე”, ზეპირად ვიცი რომელი კორპუსის რომელი სართულის რომელი აივნიდან რომელი შამანი მიყურებს და რაღაცას გაჰკივის. ჯანდაბა, ღმერთმა იცის რას!

ამ ქალაქშიც, სხვების მსგავსად, ყველაზე გამოყენებადი ნივთი ბულბულატორია. სამყაროს ჰიპერრეალისტურად აღქმის წინააღმდეგ განწყობილი ბიჭების ხსნა, პანაცეა… მათი მანუალური სამყაროს აღსაქმელი ხელსაწყო, რომელიც მათივე ბანალურ ყოფას მრავალფეროვნებას სძენს. ჰოდა, ეგეც ზეპირად ვიცი სად ეგდება თითოეული მათგანი მომდევნო ჩაყრის მოლოდინში.

ირგვლივ სიჩუმეა, მთელ ქალაქში არავინაა გარდა სინქრონულად მიმავალი, კარაბინმომარჯვებული სარბაზებისა და მოჯაჰედებისა, რომელთა გონსაც იმის გათვიცნობიერებაც კი არ ძალუძს, რომ ეს სამყარო ერთი დიდი აბსორბენტია.

მე, პირადად, არ ვცხოვრობ აბსორბციის მოლოდინში, მე მავიწყდება ხოლმე სიკვდილზე ფიქრი. მე ვერ ვესაუბრები იმ ხალხს ვინც ეს განიცადა და ვინც ვერ განიცადა ის აბა როგორ მეტყვის რამეს?! მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა, სიბნელეში მოსმენილი მუსიკით შექმნილი ტრანსი. მე ვიცი, რომ არც შამანი მიყურებს აივნიდან, არც სარბაზები და მოჯაჰედები დადიან  ჩემს გასწვრივ და არც არავინ ეხეთქება კედელს ტარანით. მე მარტო ის ვიცი, რომ წარმოსახვის ეს ნაკადი ერთი დიდი ურბანული ფიქციაა, რომელიც ჩემი გონის კუნჭულიდან ამოტივტივდა ღამის იმ საათებში, როცა ელექტროენერგია გამოირთო და ამიტომ (მგონი, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული) მთვარეს გზა აებნა და ირგვლივ, უკუნით სიბნელეში ყურსასმენების ამარა დავრჩი ბოლომდე არცთუისე ფხიზლად მყოფი მამრი.

მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ქალაქი განათდა, დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ბულვარში ისევ ჩაირთო 2000-იანი წლების ჰიტები (ბანძი მუსიკები რა, ერთი სიტყვით) ჩემი სახლის წინ ისევ განათდა შუქნიშანი, შენობებზე ისევ აციმციმდა ბილინგვური წარწერები, ქალაქი ისევ შთაინთქა ანარქიაში, ისევ გამოჩნდა სტომატოლოგიური კლინიკის კარზე წარწერა ,,გისურვებთ ჯამრთელობას”, ისევ, როგორც ყოველთვის, ახლაც არ მუშაობს შადრევანი…

ჩემი ურბანული ფიქციაც ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ შთაინთქა გონების კრატერებში მომავალ თრიფამდე…

ანი დიდიშვილი

XII კლასი, 18 წლის