გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადად აჩვენა, რომ ქვეყანაში კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საზოგადოების პოლიტიკური განწყობების პოლარიზაცია, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიუღებლობა და შესაბამისად, დელიბერაციული დემოკრატიის ინსტიტუციური მშენებლობა. ბუნებრივია, მედია, როგორც რეალობის ანარეკლი, ასევე მკვეთრად პოლარიზებულია. სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლები ხშირად ნეგატიურ დღის წესრიგს ატარებენ და საზოგადოება მოკლებულია განვითარების პერსპექტივას, განსხვავებული პოლიტიკური ხედვების კრიტიკულ განხილვასა და ანალიზს.

გადაჭარბებული ნეგატივიზმი საზოგადოებრივ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. აღვივებს ნიჰილიზმს და რაციონალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას სპობს ემოციური მანიპულაციით, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.

ამ ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიის ეგზისტენციურად საჭირო ინსტიტუტის არა მხოლოდ არსებობა, არამედ მისი მნიშვნელოვნად გაძლიერება.

თავის მხრივ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზებას, კრიტიკულ გააზრებასა და კონსტრუქციულ განხილვას, რაც აუცილებელია წარმოქმნილი განხეთქილების და მიუღებლობის დასაძლევად, პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის განსამტკიცებლად.

ამისათვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესების განსახილველად და თვითმმართველობის არჩევნებისთვის სწორედ ამგვარი კონსტრუქციული პლატფორმის შეთავაზება პოლიტიკური პროცესის მონაწილე ჯგუფებისათვის.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური და სამოქალაქო სუბიექტების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მედიალურ ნეიტრალურ პლატფორმად.

ამ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების განხორციელებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საკუთარი ახალი ამბებითა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით ზუსტად რომ დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესს, ხელს შეუწყობს ქვეყანას პოლარიზაციისა და ურთიერთმიუღებლობის დაძლევაში და შესაბამისად, განვითარებაზე ორიენტირებული პროცესების დანერგვაში.