ჯგუფი The Smile Shop, სიმღერით Give me your Smile
2013 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველო ჯგუფმა The Smile Shop წარადგინა, საკონკურსო სიმღერით “Give me your Smile” და მეხუთე ადგილი დაიკავა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურსზე საქართველო სექსტეტით წარდგა.
შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის, 22 კონკურსანტს შორის, 4 გოგონა და 2 ბიჭი შეარჩია. ასე შეიქმნა ჯგუფი The Smile Shop.
ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა.
ჯგუფში The Smile Shop ყველაზე პატარა წევრი 10 წლის მარიამ შავლაძეა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის „ანა ბანაში“.
11 წლის არიან მარიამ სამუშია და თამთა დიასამიძე. ორივეს აქვს კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება. თამთა მღერის ანსამბლ „პატარა ქართველებში“, რომლის ხელმძღვანელი მეკო ქავთარაძეა.
12 წლის ანა კვანტალიანი მაყურებელმა პირველად სწორედ საბავშვო ევროვიზიაზე შეაფასა.
13 წლის საბა ჩაჩუა არის ვოკალური ანსამბლის „იმედის” სოლისტი. 2006 წელს მოსკოვში ფესტივალზე Утренняя звезда I ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წელს მოსკოვში ფესტივალზე Мир детства გრან-პრი მოიპოვა. 2007 წელს პროექტ „ანა-ბანას” სახე და ფავორიტი გახდა. 2011 წელს ანაკლიაში, ფესტივალზე Golden Shell აიღო III საპრიზო ადგილი, ხოლო 2012 წელს ყაზახეთში, ქალაქ ალმათში გამართულ ევრაზიის საბავშვო ფესტივალზე Almaly აიღო გრან-პრი და მოიპოვა რამდენიმე ქვეყნის საბავშვო ფესტივალის საგზური.
ჯგუფის მეექვსე წევრი 14 წლის ლუკა გოგიბერიძეა, რომელიც უკრავს გიტარაზე, მონაწილეობდა პროექტში „ახალი საბავშვო ხმა”.