„წერილების“ ავტორი გიგო გაბაშვილს დიდ მხატვრად მოიხსენიებს. მას ხიბლავს მხატვრის მაღალი ოსტატობა და ნაყოფიერება. გაბაშვილის შემოქმედება ჟანრობრივადაც უაღრესად მრავალფეროვანია: „ პეიზაჟები, ბატალური სცენები, ტიპები, ნატიურ-მორტები და სხვ. ზეთი, აკვარელი, ფანქარი, ტუში, ყველაფერი ეხერხება ჩვენს მხატვარს და ყველგან იჩენს შემოქმედებითი ენერგიის ძალოვანობას“. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, გიგო გაბაშვილის ნამუშევრები „ სამი მოქალაქე“, „ღამისთევა“, „ალავერდობა“, „ალგეთის ხეობა“ არა მხოლოდ საქართველოს გალერეებს დაამშვენებენ, არამედ ევროპის დარბაზებშიც მიიქცევენ ყურადღებას.
ასეთია ვახტანგ კოტეტიშვილის უშეღავათო კრიტიკა. ის ებრძვის დილეტანტიზმს და პროვინციალიზმს. „წერილების“ ავტორი იზიარებს ილია ჭავჭავაძის იმ აზრს, რომლის თანახმადაც „კრიტიკის უქონლობა ჩვენის ლიტერატურის უშინაარსობას კი არ უნდა დაჰბრალდეს, არამედ ჩვენს ქონდრიკაცობას, რომელიც იმოდენად უძლურია, იმოდენად უღონოა, რომ ვერც ჩვენის ლიტერატურის სიღრმისთვის გონების თვალი ჩაუწვდენია და ვერც ჩვენი პოეზიის სიმაღლისთვის თვალი გაუსწორებია…“
აქ საუბარია იმაზე, რომ დიდი ევროპელი მწერლების შემოქმედება შესწავლილია და გამოკვლეული, ქართული ლიტერატურის ნიმუშები კი, როგორც ილია ამბობდა, „უმართებულოდ არის ფასდაკარგული“. ვახტანგ კოტეტიშვილს კვლავ და კვლავ მოაქვს ილიას სიტყვები: „უშინაარსობა ჩვენის ლიტერატურისა აშკარა ტყუილია. ვინც ამ ბრალსა სდებს, იგი უმართლოდ ექცევა ჩვენს ნაწარმოებს და ნაღვაწს გულისას და ეს მოსდის ან უვიცობით, ან განგებ, რომ კრიტიკის უქონლობის სირცხვილი თავს მოაშოროს და სხვას დააბრალოს“.
ძნელი სათქმელი არ უნდა იყოს, რა გახდა ნამდვილი მიზეზი კრიტიკის უქონლობისა. რა თქმა უნდა, ე.წ. „ქონდრისკაცობა“, ქონდრისკაცობა როგორც ზნეობრივი ნიშნით, ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით. ზნეობრივში იგულისხმება პირადი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ინტელექტუალური მიზეზი კი უგემოვნობას, ან როგორც ილია ამბობს, უვიცობას წარმოაჩენს.
ვახტანგ კოტეტიშვილი ბოლომდე იზიარებს ილიას თვალსაზრისს და ილიასთან ერთად აქცენტს აკეთებს არა ცოდნაზე, არამედ დამოუკიდებელ აზროვნებაზე. კიდევ ერთი ილიასეული უაღრესად ღრმა ციტატა მოაქვს ვახტანგს კრიტიკის უქონლობის მიზეზისა: „შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა და სწავლა ჰქონდეს და აქ ერთი ფეხიც ვერ წასდგას, თუ
ის „სხვა უნარიც“ არა ჰშველის. ის „სხვა უნარი“ იგია, რასაც თვითმსჯელობას, თავისით მოქმედებას, თავისით სვლას ეძახიან“.

 

 

 

 

 

1 2 3