ვის გამოარჩევს ვახტანგ კოტეტიშვილი? „ცისფერყანწელებს“ და მათ შორის გრიგოლ რობაქიძეს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებს კიდეც მას, აკრიტიკებს ნაძალადევი ორიგინალობისა და ზერელეობის გამო. ზედაპირულობა გამოსჭვივის „ცისფერყანწელებზე“ მსჯელობაში, სადაც რობაქიძე ამბობს, რომ მასთან ერთად ამ ჯგუფში გაერთიანებულები არიან პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მერე კი დასძენს, ქართული პოეზიის გამოცხადება ჩვენით იწყება, რუსთაველი უკვე დავამარცხეთო. ეს ბოლო განაცხადი საბოლოოდ უარყო გრიგოლმა, მაგრამ ვახტანგ კოტეტიშვილმა მოწმეების მოხმობა შესთავაზა, რაც არცთუ ხელსაყრელი გამოდგა მისთვის. ვახტანგი წერს: „ ჩემს წერილს სულაც არ ვწერდი მტრული განზრახვით, პირიქით, რობაქიძეს პატივსა ვცემდი. დღესაც მსურს გულწრფელად მისი სიკეთე და, თუ დაუნდობელი ვიყავ და ვარ, ისევ რობაქიძის სასარგებლოდვე. რამდენადაც მეტ თავდაჭერილობას გამოიჩენს და სიღრმეს, იმდენად უკეთესია მისთვის.“
„წერილების“ ავტორი პაოლო იაშვილის პოეზიას მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ის სტიქიური ნიჭის პოეტია, თუმცა იქვე აღნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედება არათანაბარია, გაფანტულია და გაბნეული. ზოგჯერ მის ლექსებში პოეზიის მაგივრად ქრონიკა გამოერევა, ზოგჯერ კი მისივე ლირიკული თხრობა მოკითხვის ბარათს ემსგავსება. მან უნდა შეძლოს თავდაოკება – ასეთია დასკვნა.
ტიციან ტაბიძის შემოქმედებიდან კრიტიკოსი გამოარჩევს ლექსს „ცხენი ანგელოზით“, მერე კი დასძენს, რომ ამ პოეტს გააჩნია საკუთარი სტილი, თუმცა ეს სტილი თითქოს პირობითია და დაუმთავრებელი. პოეტს აქვს თავისი ლექსიკა, მაგრამ ხშირი განმეორების გამო გარკვეული სიტყვები ძალას კარგავენ, მხატვრული ძალმოსილებისგან იძარცვებიან.
ვალერიან გაფრინდაშვილი ვახტანგს „ყანწელებს“ შორის ყველაზე დიდი ფანტაზიის პოეტად მიაჩნია. მას საკუთარი ეგზოტიკური სამყარო აქვს. ის არ ღალატობს ერთხელ არჩეულ გზას, არ ღალატობს „თავის ქიმერებს“. მის პოეზიაში მეორდება ერთი და იგივე სიტყვები და სახელები: „საფირონი“, „ორეული“, „ოფელია“, „აშორდია“ და სხვ. მისთანანი. საბოლოოდ ვახტანგ კოტეტიშილი დაასკვნის: „ ვალერიან გაფრინდაშვილი თავისებური ფიგურაა ქართულ მწერლობაში და მისი გზა ქართული მწერლობის მონმარტრისაკენ მიდის. მიაღწევს თუ არა – ეს მისი გამძლეობის საკითხია“.
სიახლეთა წარმოჩენაზე როცა არის საუბარი, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ვახანგ კოტეტიშვილის წერილი უოლტ უიტმენზე. ეს არ არის ინფორმაციული ნარკვევი, ეს არის ესეისტური გამოკვლევა, რომელშიც ამერიკელი პოეტის შემოქმედება საუკუნის მიწურულის და საუკუნის დასაწყისის რთული მსოფლიო მოვლენების ფონზეა განჭვრეტილი. ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „დემოკრატია უოლტ უიტმენისათვის პოლიტიკური ცნება არ ყოფილა. ეს კოსმიური ფენომენია, რაღაც უფორმო და უსაზღვრო“. ეს მართლაც ასეა. უიტმენის დემოკრატიზმი კოსმიურ სახეს იღებს. ამ კოსმიურ განზომილებაში მოქცეულია მთელი დედამიწა. უიტმენი სალამს უთვლის მთელ ქვეყნიერებას, ის არღვევს დროისა და სივრცის საზღვრებს, წარსულშიც მოგზაურობს და აწმყოშიც. ის მიმართავს მასებს, სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს, სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს, ეხმაურება მათ და თავის კეთილგანწყობასა და სიყვარულს უდასტურებს. ამერიკელი პოეტი წერს: „ხალხთა მასების გამოღვიძება და საზოგადოებრივი ღობეების დანგრევა ბრძოლაში იწვევს ასეთ პოეზიას და მე შეუგრძნობლად მივიღე იგი. ძირს ძველი თემები, არავითარი სამკაული, არავითარი დახლართული სატრფიალო ფაბულები, არავითარი საგანგებო გმირები, არც ლეგენდები, არც ლექსები, არც კეთილხმოვანება, არც რითმა“.
ვახტანგ კოტეტიშვილი ახსენებს უიტმენის ცნობილ მთარგმნელსა და კომენტატორს კორნეი ჩუკოვსკის. მან არამარტო თარგმნა რუსულ ენაზე ამერიკელი პოეტის ლექსები, არამედ წიგნიც დაწერა – „ჩემი უიტმენი“. წიგნში არაერთი ზუსტი შტრიხი გამოკვეთს უიტმენის პორტრეტს. ამერიკელი პოეტი ცდილობს გარდაისახოს იმ ადამიანად, ვისაც უმღერის და უდასტურებს სიყვარულს. მისი მრავალი პოემა სწორედ იმაზეა დაწერილი, თუ როგორ გარდაისახება პოეტი ყოველ წუთს სხვა ადამიანებად და როგორ ხდება მათი მსგავსი. ამგვარი პოეზიის არსებობის გამო გამოითქვა აზრი, რომ ის შეიძლება წინასწარ გამიზნული იყოს. ეს ნიშან-თვისება კი არ შეიძლება ლირიკულ პოეზიას თავისებურ ხიბლს არ ართმევდეს. გონებისმიერი ლექსი ემოციური მუხტის მქონე ვერ იქნება. ჩუკოვსკის თანახმად, ამერიკელ პოეტს ნამდვილად აქვს წინასწარ გამიზნული ლექსები, სადაც ერთგვარი სქემატიზმი იგრძნობა, თუმცა მასვე ეკუთვნის სახეობრივი აზროვნებით აღბეჭდილი, შემოქმედებით ექსტაზში შექმნილი შუდარებელი ლირიკული პოემები. ასეთია, ვთქვათ, პრეზიდენტ ლინკოლნისადმი მიძღვნილი პოემა.
სადღეისოდ ტექნიკური ცივილიზაციის პროგრესის ქება ვერ მიიზიდავს უიტმენის ქომაგს, მაგრამ მისი სიცოცხლის სიყვარული, მისი სრული ღიაობა კაცობრიობის წინაშე, მისი სიწრფელე და მძაფრი ლტოლვა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხე-კუნჭულისაკენ, სადაც ადამიანთა მოდგმის თუნდაც მცირე ნაწილი ცხოვრობს, დღესაც მიმზიდველი იქნება ახალგაზრდა მკითხველისათვის. უიტმენისეული კაცთმოყვარეობა და დედამიწის მკვიდრთა ერთიანობის განცდა შეუძლებელია სადღეისოდაც არ იყოს ამაღელვებელი, ვინაიდან დედამიწა მართლაც ერთ სახლად არის ქცეული. უიტმენის ლექსები ხშირად ვრცელი ჩამონათვალისგან შედგება; ეს ვრცელი რეესტრია საგნების, ადამიანების, მოვლენებისა და ა.შ. პოეტს უნდა მოიცვას მთელი ამერიკა, მთელი დედამიწა, მთელი სამყარო; მას სურს წაშალოს ყველა საზღვარი, ყველა მიჯნა და სიცოცხლის ძალმოსილება განავრცოს ყველგან. ამ ჩამონათვალს კრიტიკოსებმა კატალოგი უწოდეს. კ. ჩუკოვსკი ამბობს: „თუკი ეს მართლაც
კატალოგია, მაშინ მას გონების კატალოგი უნდა ვუწოდოთ. მართალია, იგი მკითხველისგანაც შთაგონებას მოითხოვს, მაგრამ ამ შთაგონების გარეშე რომელი გენიალურად შერაცხილი პოემის წაკითხვაა შესაძლებელი? ტყუილად კი არ ამტკიცებდა უიტმენი – ჩემი ლექსები თქვენი ლექსებიაო“.
მართლაც, უიტმენს სურს, საკუთარ ლექსებსა და მკითხველს შორისაც წაშალოს ზღვარი. ამას აღნიშნავს „წერილების“ ავტორიც.
ვახტანგ კოტეტიშვილის წერილები ეძღვნება ასევე სიახლის ნიშნით აღბეჭდილ ქართულ ხელოვნებას – მხატვრობასა და ქანდაკებას. ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილ წერილში „წერილების“ ავტორი გამოთქვამს აზრს, რომ მხატვარმა პარიზში მიღებული გამოცდილება ქართულ ესთეტიკურ ბუნებას უნდა დაუკავშიროს და ეს იქნება მისი წარმატების წინაპირობა.
ასევე წერილში გამოთქმულია აზრი მხატვარი ქალის ორ ტილოზე – ძველი ტფილისის „ეზო“ და „პარიზის კუთხეები“. ორივე ნამუშევრის განხილვისას ვახტანგი იყენებს მხატვრის გამოცდილებას: „ ავტორმა წინა პლანის შესრულება მშვენივრად შესძლო, უკანა პლანს კი ეს ძალა ვეღარ მიატანა… ამ ერთი ტილოდან, ჩვენი აზრით, ორი სურათი გამოვიდოდა და სჯობდა კიდეც. „ეზო“ იქნებოდა ერთი საუკეთესო ტილო ჩვენს თანამედროვე მხატვრობაში“. აქ მართლაც არა მწერალი, არამედ მხატვარი ვახტანგ კოტეტიშვილი ლაპარაკობს. იგივე შეიძლება ითქვას იაკობ ნიკოლაძეზე მსჯელობისას. ამჯერად კი მოქანდაკე ვახტანგ კოტეტიშვილი გამოთქვამს თავის მოსაზრებას. მისი შეხედულებით, ქართული ქანდაკება საუკუნეების მანძილზე დუმდა და მხოლოდ იაკობ ნიკოლაძის ქანდაკებების მეშვეობით ამეტყველდა. აი, რას ამბობს „წერილების ავტორი: „იაკობ ნიკოლაძის კონფირმაცია ევროპაში აქვს მიღებული. მართალია, იგი თავისი უცდომელი რასსიული ინტუიციით გრძნობს ძველი ქართული პლასტიკის ხასიათს, მაგრამ ამავე დროს, თავისი შემოქმედების საერთო ხაზით იგი ორგანულად არის დაკავშირებული ევროპის ხელოვნებასთან“.
იაკობ ნიკოლაძის ქანდაკებებია: „შოთა რუსთაველი“, „მწუხარე საქართველო“, „აკაკი წერეთელი“, „ჩრდილოეთის ქალი“. ამ უკანასკნელის შესახებ „წერილების“ ავტორი ამბობს, რომ აქ მკაფიოდ ჩანს როდენის სკოლა. ეს ქანდაკება თავისუფალ თემაზეა შექმნილი და იმასაც დასძენს, რომ ამ ნამუშევარში ფორმა და შინაარსი არტისტულად არის შერწყმული, იგრძნობა ჩრდილოეთის სიცივე და თავშეკავებული, ფარული ტემპერამენტი.
კოტეტიშვილის აზრით, ნიკოლაძე უმთავრესად პორტრეტისტია. მის პორტრეტებში იგრძნობა ხასიათის კვეთა და გამომსახველი ძალა, მაგრამ „წერილების“ ავტორი იმასაც დასძენს, რომ თანამედროვეობასთან ერთად მის ნამუშევრებში კონსერვატორული ბუნებაც შეინიშნება, რაც მისივე კულტურტრეგერობით არის გამოწვეული. ის არამარტო ქმნის, არამედ სამომავლოდ ნიადაგსაც ამზადებს.
ვახტანგ კოტეტიშვილი იმ ხელოვანების შემოქმედებას იკვლევს, ვისი ნამუშევრებიც მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით არის აღბეჭდილი. ერთ-ერთი მათგანია გიგო გაბაშვილი. წერილის დაწერის საბაბი 1927 წელს თბილისში გამართული გამოფენაა. „წერილების“ კომენტარებში აღნიშნულია, რომ გიგო გაბაშვილი იყო სამხატვრო აკადემიის
ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. 1893 წელს ის შეხვედრია საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ მოგზაურს ჩარლზ კრენის. ამერიკელმა სტუმარმა გაბაშვილს სხვადასხვა თემაზე 14 სურათი შეუკვეთა. ამერიკელისგან აღებულმა ჰონორარმა და ცნობილი მეცენატის დავით სარაჯიშვილის გაღებულმა თანხამ ქართველ მხატვარს საშუალება მისცა სწავლა განეგრძო მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 2006 წელს ნიუ-იორკის აუქციონზე კრენის შთამომავლებმა გაიტანეს გ. გაბაშვილის „სამარყანდის ბაზარი“, რომელიც ერთ მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.