ვახტანგ კოტეტიშვილის წერილებში გაბნეულია ცალკეული ფრაგმენტები, რომელთა თუნდაც მეხსიერებაში ამოკრება და განფენა მისივე თანადროული ლიტერატურისა და ხელოვნების საერთო სურათს წარმოგვიჩენს. დღევანდელი გადასახედიდან ეს წერილები დიდი ინტერესით იკითხება. აქ არის საძიებელი პროცესი XX საუკუნის ქართული კულტურის საფუძვლების მზადებისა. ტიციან ტაბიძეს 1916 წელს ეს პროცესი „მსოფლიო რადიუსის“ განზომილებაში მოაქცია. ვფიქრობ, ვახტანგ კოტეტიშვილისათვისაც ევროპული რადიუსია ქართული კულტურის პროფესიული დონის განმსაზღვრელი.
წერილი „თანამედროვე ქართული ხელოვნება“, საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების წლებშია დაწერილი. ვახტანგ კოტეტიშვილი მანამდე არსებულ ვითარებას იხსენებს: „პატარა წერილების გამოკლებით, რომელნიც ეროვნული საქმისათვის თავდადებულად იღწვოდნენ, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, რუსეთის კულტურით არსებობდა. ქართულ თეატრს , მუსიკას, მხატვრობას, ქანდაკებას მრევლი არ ჰყავდა.“ ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, იმხანად თუკი რაიმე ახალი იქმნებოდა, ყველაფერს ხელოვნური იერი ჰქონდა, რადგან „გაუქმებამდე დაყვანილ ჩვენს ეროვნულ ცხოვრებას ხელოვნურად ასულიერებდნენ“.
სკოლების ნაციონალიზაცია მოხდა, დაწესებულებებში შემოიღეს ქართული ენა, წარწერებიც განახლდა, მაგრამ ხელოვნების სფეროში მსგავსი მეტამორფოზა გაძნელდა. ქართველი კრიტიკოსი და ხელოვნებადმცოდნე ამბობს, რომ შეიძლება შემოქმედებითი ატმოსფერო უკეთესობის ნიშნით შეიცვალა, „მაგრამ ნაყოფის მიღება ჯერ კიდევ ნაადრევია“. ვინმე გენიოსიც რომ გამოჩნდეს ხელოვნების ასპარეზზე, ეს მაინც არ იქნება ზოგადად აღორძინების მაუწყებელი. ისევ ციტატა: „დიახ, სულის განვითარების ეტაპები ბევრად უფრო რთულია, ნელი და უხილავი, ვიდრე პირველი შეხედვით გვეჩვენება, და ყოველი რენესანსი თაობებად მოითხოვს, საგანგებო ატმოსფეროს ხანგრძლივობას, რომ მოხდეს ადამიანის ნიჭთა აყვავება.“ ასევე მართებულად წერს ავტორი იმის შესახებ, რომ „გენიის თესლი სტიქიონში ინახება“, მაგრამ კულტურის ტოტალური განვითარება და განფენა მოკლე დროში შეუძლებელია. ვახტანგ კოტეტიშვილის თქმით, მიქელანჯელოს და ლეონარდო და ვინჩის წინ უძღოდნენ ფრა-ანჯელიკო, ვეროკიო, გირლანდაიო, ჯოტო, ჩიმაბუე და სხვა.
წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბდა ლიტერატურული მიმდინარეობა და არაერთი ჯგუფი, ამ გაერთიანების შიგნით ურთიერთოებები არა რის გულწრფელი და კონსტრუქციული, ამიტომაც გათითოკაცებას აქვს ადგილი, რაც შემოქმედებით საქმიანობას აფერხებს.
ასეთ ვითარებაში კრიტიკას განუზომელი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ავტორი უშეღავათო კრიტიკას კუთხით განჭვრეტს მოვლენებს. ეროვნული და უნივერსალური მიზნები ჩვეულებრივ თანხვდებიან ერთმანეთს. ავტორის აზრით, „ზოგადკაცობრიული არის ის რეგულატური პრინციპი, რომელიც აშენებს და ცვლის ეროვნულ იდეალს, ხოლო ეს უკანასკნელი კი აუცილებელი პირობაა უნივერსალობისათვის. და მაშასადამე, ეროვნული ფსიქიკის გამოცხადება უნდა იყოს მიჩნეული აუცილებელ პირობად ყოველივე უნივერსალურის მისაღწევად“.
შემოქმედება არამხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის მამოძრავებელია. შეიძლება ესა თუ ის ხალხი გადაშენდეს, მაგრამ რჩება მისი სული გადარჩენილი შემოქმედების მეშვეობით. მარჯვედ შენიშნავს ვახტანგ კოტეტიშვილი, მთელი ჩვენი ქვეყანა სამხატვრო გალერეას წარმოადგენსო. მიდით იმ კედლებთან და ჩუქურთმებთან, როგორც მაძიებლები და ისეთ რამეს წააწყდებით, რასაც ვერცერთ წიგნში ვერ ნახავთო. „ქართული კულტურის განვითარების საქმეს ერთგვარი პროტექციული განვითარების საქმეს ერთგვარი პროტექციული სისტემაც კი სჭირდება“- დასძენს შემაჯამებელ ნაწილში კრიტიკოსი. მისი აზრით, შემოქმედებითი ძალების გამოფხიზლება სადღეისოდ უპირველეს საქმეთაგანია.
ვახტანგ კოტეტიშვილი გამუდმებით მსჯელობს იმის შესახებ თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია მისი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მეტ-ნაკლები ჩამორჩენა. ქართული მწერლობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერის ბედთან და ისტორიის ლაბირინთში გამომწყვდეული ეროვნული ცხოვრება მწერლობასაც თავის კუთვნილ სფეროში განიხილავდა. ყოველი გადაცდენა, სიახლისკენ ლტოლვა და თავისუფალი სახე თუ აზრი შეიძლებოდა დანაშაულად აღქმულიყო. ამიტომაც მიეჯაჭვა მწერლობა ტრადიციებს და უძრავი გახდა. ეს უძრაობა კი ჩამორჩენილობას ნიშნავდა.
და ნაუცბათევად სხვა პერსპექტივა გაიხსნა, ისტორიულმა პერტუბაციებმა ძველი ცხოვრების პირობები მოარღვია და „მოთხოვნილებად იქცა ახალი სიმაღლეების დაპყრობა“
„ინტელექტის“ გამოცემულ ვახტანგ კოტეტიშვილის წერილებში აღბეჭდილი ნააზრევის ერთი უმთავრესი მსოფლმხედველობრივი ხაზი ქართულ კულტურაში ახალი აზროვნების წარმოჩენის მცდელობაა. ვახტანგ კოტეტიშვილის თანახმად, ერის სახე კულტურაში ირეკლება. მკვლევარი წერს: „ჩვენ მემკვიდრენი ვართ საკმაოდ დიდი კულტურის, და დღეს კვლავ შემოქმედების ასპარეზზე ხელ-გაშლით გამოსულებს ერთბაშად გვინდა ჩამორჩენილობის გადალახვაც“.
ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, ეროვნული ფსიქიკის ზრდის უკანასკნელი საფეხურია ეროვნული თვითგამორკვევიდან თვითაღზრდისაკენ გადასვლა. ამ უკანასკნელ საფეხურზე ერთმანეთს ეროვნული და უნივერსალური მიზნები ხვდება. ვახტანგ კოტეტიშვილი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ. უნივერსალურის მიღების თუ მიღწევის წინაპირობა ეროვნული ფსიქიკის განვითარებაა. საბოლოოდ კი ყოველივე ეს შემოქმედებითი ძალების აქტივობას ემსახურება. „ერის შინაგანი ბუნება შემოქმედებაში ცხადდება, შემოქმედება კი ამოძრავებს მთელ კაცობრიობას“.
მოკლედ რომ ვთქვათ, „წერილების“ ავტორის თანახმად, ქართველი ერის სახე, მისი შესაძლებლობები აწმყოში უნდა გამოჩნდეს და ეს უნდა მოხდეს შემოქმედებით საქმიანობაში. ამ ახალ გზაზე დამდგარ შემოქმედს მრავალი საცდური ელის, ყოველივე ეს მან უნდა შენიშნოს და აირიდოს.
პირველი საცდური ისაა, რომ მავანნი უკან, ძველი კულტურის ათვისებისკენ „არ იყურებიან და მოკლე ნაბიჯებით გარბიან წინ“. დიდი კულტურა კი უკან არის დარჩენილი და მხოლოდ მისი ათვისებაა წინსვლის უეჭველი პირობა; მეორე საცდური ისაა, რომ „იზმებს“ კი არ ითვისებენ ორგანულად, არამედ იმეორებენ „ლოზუნგურად“.
რას ნიშნავს ეს?
ყოველი ახალი „მემარცხენე“ კულტურის თუ მიმართულების ათვისება არ უნდა იყოს ზერელე და ფუნდამენტურ საფუძველს მოკლებული. აი, რას ამბობს ვახტანგ კოტეტიშვილი: „სტილიზაცია ხელოვნებაში მხოლოდ შემდგომი საფეხურია, რომელსაც უნდა უსწრებდეს გრძელი და სერიოზული აკადემიური მუშაობა“ და ცოტა ქვემოთ დასძენს: „სამწუხაროდ, სწორედ ეს არ არის ჩვენში“.
ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ წერილს „სიახლის ეპიდემია“ ჰქვია. მაგრამ წერილების ავტორი აქ არ გაჩერებულა. მას კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ძველების მიმართაც, ამიტომაც დაიწერა მომდევნო წერილი – „სიძველის ბალასტი“. ახალგაზრდების სახეები უჩვეულოა, აზრი სნეული და უცნაური, განცდები – გამრუდებული. კრიტიკოსს ისღა დარჩენია, იკვლიოს, რამდენადაა აქ წრფელი შინაგანი სტიმული რეალიზებული, უნდა გაირკვეს მათ თხზულებებში სიმართლისა და სიყალბის დოზა.
ვახტანგ კოტეტიშვილის კრიტიკის საგანი ახლა უკვე ძველი თაობაა. რა ირკვევა, რა ნიშნით არიან ნაკლოვანები ე.წ. „ძველები“? როგორც „წერილების“ ავტორი ამბობს, მათ დაკარგეს ის ნიადაგი, რომელზეც დიდი ქართველი მწერლები იდგნენ. ეს დიდი მწერლები არიან: ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა და სხვ.
მწერლობაში გაბატონდა ტრივიალობა, „პრიმიტიული ფორმა და თითქმის არავითარი ერუდიცია“. ვახტანგ კოტეტიშვილი წერს: „ამ მწერალთა განვითარების დონე, შეიძლება ითქვას, უფრო დაბალია, ვიდრე არამწერალ ინტელიგენციის, და, რასაკვირველია, ასეთი ხალხის შემოქმედება ვერ იქცევა უფრო მეტის მცოდნეთა საგნად“. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მწერალი, ყველაფერთან ერთად, თავისი წიგნიერებითაც უნდა აღემატებოდეს მკითხველს. ერთი სიტყვით, საქართველოში ახალი ხელოვნებისა და მწერლობის დამკვიდრების გზაზე ვახტანგ კოტეტიშვილმა ჯერ უმცროსი თაობა გაატარა კრიტიკის ქარცეცხლში, მერე – უფროსი. ორივეს ნაკლი უმწიფარობაა, თეორიულ-აკადემიური, ინტელექტუალური მოუმზადებლობაა. უფროსებმა ორგანული მემკვიდრეობითი კავშირი დაკარგეს საუკუნის სიტყვის ოსტატებთან, უმცროსებმა კი ინტუიციით დაიჭირეს ევროპული სიახლენი, თუმცა ასევე ორგანულად ვერ აითვისეს ყოველივე ეს, თავიანთი შინაგანი სამყაროს განუყოფელ ნაწილად ვერ აქციეს.
ვახტანგ კოტეტიშვილს აქვს ერთი უაღრესად საინტერესო წერილი „სიტყვის დაპყრობა“. აქ ნათქვამია, რომ „ყოველ სტილს აქვს თავისი ეპოქა და დღეს ეს სტილი ძიების პროცესშია. ე. ი. არც უფროს და არც უმცროს თაობას არ მიუგნია იმ სტილისთვის, რომელიც მათ ეპოქას გადმოსცემს. რა არის სტილი ვახტანგ კოტეტიშვილის მიხედვით? „წერილების“ ავტორი წერს: „ სტილი მეტია, ვიდრე სიტყვა. სტილი – სიტყვის სისტემაა“, ცოტა ქვემოთ კი დასძენს: „სიტყვა არის პატრიცი. იგი გოროზი თვალებით გადასცქერის გარემოს და უფრთხილდება საკუთარ ამპარტავნობასა“. ე.ი. საჭიროა სიტყვის დაპყრობა და ამ დაპყრობილი სიტყვების სისტემა შექმნის სტილს. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით, სიტყვა არც ისე ადვილად დასამორჩილებელია, როგორც ეს ჩვეულებრივ შეიძლება ეგონოს ვინმეს. ყოველ მწერალს თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს სიტყვასთან, ის გრძნობს მის სიმძიმეს, მოცულობას და ხმიერებას.

 

1 2 3