/ამონარიდი რომანიდან/

 

თერთმეტი დღით ადრე დაიბადა მარიამი. დედაჩემი დედამისთან ერთად იწვა პალატაში. ულოცავდნენ ერთმანეთს ჩვენს დაბადებას და მარიამი სამი კილო აღმოჩნდა და მე ათას ორასი გრამი, დღენაკლული , დანაოჭებული, მჭლე, უპროპორციო, მაკროცეფალიით ინკუბატორში გამოკეტილი, რომ ტაშით ახარეს დედაჩემს ფილტვების გახსნა, რომ ექიმმა მამაჩემს იმედები გადაუწურა, მოსკოვის ნაცვლად ჭიათურაში რომ დავიბადე და შეიძლება გვარზე ზრუნვა ჩემს ძმას დავალებოდა უფრო მეტი პასუხისმგებლობებით და ამბებით, რომ იმ დღეებში მარიამის გარდა კიდევ ერთი გოგო დაიბადა, ვისთან ერთადაც მეძინა

ინკუბატორამდელი პერიოდი, რადგან დღენაკლულებს დაბადებიდან გვცივა და სულ ორასიოდე გრამმა გადაწყვიტა , რომ გადასარჩენად მარიამი არ მომიწვინეს. ვახ, კოსტა, როგორ გყვარებია ჩახუტება, – რამდენს სიამოვნებს, რამდენს აშინებს და რამდენს ყლე ვგონივარ.

 

 

 

გამოუცდელი მაროდიორები, მათ ყველაფერი უმნიშვნელო წაიღეს ჩემგან და რაც თავად დავიტოვე აღარავისთვის მიმიცია. კაფე-ბარებში წოწიალით რომანი ვერ იქმნება, სეირნობითაც შეიძლება ვერაფერი ჩასახო, ამიტომ იმ დღეს ორივე ვცადე. “ყავის სახლში” , რომელსაც უკეთესია ყავახანა ვუწოდოთ, რადგან ყურში “ჩაის სახლად” ჩაგვესმის. აზიური სტილის კოპირება უნიჭოდ სცადეს, უფრო შერეულ, არაავთენტურ განწყობას ტოვებდა უშინაარსოდ მიწყობილი რამდენიმე დეკორაცია და კედლებზე ორნამენტები, რომ თავად იდეის ავტორს აზიურ

კულტურაზე დილეტანტური წარმოდგენა ჰქონდა და შემსრულებლებიც უფრო დაამახიჯებდნენ გამოხატვის გზაზე იდეურ საწყისს. სენდვიჩები შევუკვეთეთ, მინდოდა პურის ნაჭრისთვის მაგარი ნაწილები მომეშორებინა, მაგრამ გავიფიქრე ესეც დიდ დროს წაიღებს-მეთქი და საერთოდაც , უმჯობესი იქნებოდა პირში მალევე გადამეგდო, რათა სარიტუალო დრო მაქსიმალურად შემემცირებინა. როცა მიყურებენ, ჭამა მიჭირს. შემაძრწუნებლად ულამაზოდ მეჩვენება ყბების ქნევა, პირის ტრიალი, მერე პაუზებით, სოუსით დასვრილი ტუჩის კუთხეებით და ზოგჯერ ისე სცდება დანიშნულ საზღვრებს, რომ ლოყაზე სიმხურვალით დნება და სადაცაა შეიძლება მოწყდეს დაღინღლულ ზედაპირს. მარიამი ჭამდა, ერთს შევყვირებდი, შევაშინებდი და ავაკანკალებდი , მაგრამ დაე გაეგრძელებინა, რომ მის კუჭს

 

სიცარიელის სიმღერა არ ემღერათ ექსკლუზიურად ჩემთვის ამ დედამოტყნულად მივიწყებულ დღეს, რომელსაც მხოლოდ მე ვიხსენებ. საპირფარეშო საითააო მკითხა და მერე მე ოფიციანტს ვკითხე, გავარდა მარიამი, პირისახე შეიმოწმა ჭამის შემდეგ. ჯანდაბას, ესეც წავიდოდა. სმა სხვა ხელოვნებაა, როგორ ათამაშებ ხელში ჭიქას, როგორ ცვლი თითებს, არეგულირებ სიბრაზეს, მინის თხელ ზედაპირზე გადაგაქვს რამდენიმე გაუხმოვანებელი აზრი, ასე რომ მოგანდომეს არაფხიზელი მდგომარეობა. სვამ ნაწილ-ნაწილ, აუჩქარებლად და ყლაპვის ხმა შეუდარებლად მიმზიდველია, ალკოჰოლის გარდა ხომ ნერწყვსაც ხშირად ვუშვებთ საყლაპავ მილში, დაუსრულებელ გზაზე, რომ დღეს ისევ და ისევ ის ქალი ჩვენი ვერ გახდა, მაგრამ ნერწყვს ვყლაპავთ და აქ მეტაფორული არაფერია, ვყლაპავთ რეალობით, რეალობის

წინ და შეგვცქერიან დამკვირვებლები, რომ ათასწლეულების მერე ისევ ასე გვინდა და ახლა მათ ნაქებს ეკიდებათ ნერწყვი, მაგრამ მათი ასოები რა ხანია საუკუნოდ

მომჩვარულან. ალბათ ასიოდე გრამის მოწრუპვა მოვასწარი გვერდით რომ დამიჯდა.

 

– დღეს ბოლო ზარის პერანგი ვნახე. წასვლამდე რაღაც მაისურებს ვეძებდი ,-

ჯერ ღვინისთვის პირი არ დაეკარებინა.

 

 

– მაგ პერანგზე მეც ხომ წაგაწერე?

 

 

– შენც? – გაიცინა და მოსვა. – შენც კი არა, შენ. გინდოდა სხვებს ადგილი არ დარჩენოდათ?

 

 

– ჰო, სულ მაგას ვცდილობდი, ეტყობა თავი ვერ შევიკავე,- თავშეუკავებელო

სირო.

 

 

– ზურგზე დიდზე დიდი ასოებით დაწერილი კ ო ს ტ ა.

 

 

– იმ მოცუცქნულ კაცუნებს ტრაკს არ ვანახებდი.

 

 

– რა სულ შედარებებში ხარ , კოსტა?

 

 

გამახსენდა ბავშვობის მყვირალა საღამოები, დედის წამოჭარხლებული სახე , მამის ზიზღნარევი სიტყვა, რომ ჩემი კლასელი დღეს და ღამეს ასწორებს, უხარია სწავლა და სიზარმაცის არაფერი ეტყობა, რომ მე ვერ ვკონცენტრირდი მთავარ საკითხებზე. განა ბიჭებთან გაუთავებლად სირების დატოლება არ მეყოფოდა, მშობლებს ზრდილობა და შრომისმოყვარეობაც მათზე რომ არ გადაენაწილებინათ.

 

 

– ერთხელაც ჩამოვწერ უპირატესობათა სიას, – წავიდუდუნე სინარცისით

სავსემ.

 

 

– დაწყნარდი, არასდროს არავის გადარებდი, ყოველთვის ცალკე იდექი.

 

 

– მუღამიანი გგონია ცალკე დგომა? შენთვის გრძელცხვირა მიხეილიც ასე ცალკე დგას, კიდევ ის ძველბიჭი და ახლა უკვე მეგრელი რაინდი.

 

 

ნეტავ გენახათ, როგორ დაემანჭა სახე. ატირდი, მიდი ერთხელ მაინც იტირე ჩემ დასანახად. მეგონა თავზე დამამხობდა ფსევდოაზიურ დეკორაციებს, ვიცოდი როგორი გაბრაზება შეეძლო. უფროსს, დაუფარავად რომ ეჩალიჩებოდა , კაბინეტის კარზე დიდი ასოებით “ცნობილი ყლე” დაუწერა. ორომტრიალს გადავურჩი თუ არა, ხელი დაუკითხავად გამექცა, თითები მოვძებნე და ასე მეჭირა დიდხანს, თან თვალს თვალში ვუყრიდი, ვსვამდი სასმლის დარჩენილ ყლუპებს და მანაც მიიყუდა და

იგრძნო ჩემი ცხელება, რომელიც თავდაპირველად თანაზიარი მეგონა. სასიყვარულო ვუჩურჩულე ყურთან და სადაც იყო ავტირდებოდი და ამ შესაბამის წამს მარიამის ხელი დავკარგე. მოწყვეტილ წამში დავინახე თრთოლვა და არასტაბილური ემოცია, რომელსაც შეეძლო ამოეყვინთა კუჭის წვენში , ამოცურებულიყო სრიალა მილში, გაენგრია კბილი და პირი და ეთქვა რამე საამო, მაგრამ მარიამი დუმდა და თავს უფრო საცოდავად ვგრძნობდი.

 

 

ოფიციანტი ბიჭი ჩვენკენ ინტერესით იხედებოდა, როგორ ააოფორიაქა, როგორ ააცეკვა ერთ-ერთ სამუშაო დღეს მარიამის სიკარგემ და როგორი ზიზღით მიყურებდა თითქოს მისთვის ოცნება წამერთმია და არ იცოდა რას შევყროდი მთელი ეს წლები. დაიცა, ეს მოგრეხილი ცხვირი, აწეული წარბი, შეშინებული თვალები, გამომშრალი ტუჩები, მთლიანი სევდა და მუდარა ჩემი არაა? რას ვერ ხედავენ, რას

 

ვერ ამჩნევენ? ვგავარ ბიჭს, რომელმაც გოგო სამუდამოდ დაისაკუთრა. როცა სკოლის სპორტდარბაზში ორმა უგვანო ტიპმა მოყუჩებულ ადგილას ზრდილობიანად გამიყვანა და მერე ვისმენდი შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ ვიდექი მედგრად და არც ცრემლებს ვღვრიდი, ოღონდაც მარიამი საჩუქრად არ შერჩენოდათ და გავახვევდი მსუბუქ საფარქვეშ მათ დედებს და დანით ვეთამაშებოდი ყოველ დილას, რომ ნებისმიერ წუთს შემძლებოდა გარსის რღვევა და ცოცხალ კანზე დანის პირით უგზოუკვლოდ ბოდიალი. ყურებით დამიჭირეს, შეუცდომლად ატრიალეს ჩემი მიმოწერა, როგორი ნათელი გონება ჰქონია მარიამს, დაიმახსოვრა ზედმიწევნით ის, რისი თარგმანებაც წესით შეუძლებელია და ახადა ბაბუინს თავი, შეტყობინებები

ჩაუდო და გამოუშვა სასწრაფოდ ჩემკენ თავის პირღია ძმაკაცთან ერთად , ვცდილობდი მასწავლებლისთვის მენიშნებინა რამე, ის კი იღიმოდა, თითქოს მონატრებულ მეგობრებს შევხვედროდი და არ სურდა შეჭრილიყო ჰარმონიაში. მიყვარს ყველაფერი , რაც მოჩქეფს, თუ ეს საკუთარი სისხლი არაა და იმ ღამით სიზმრისეული ნეტარება სველი თითებით მეფერებოდა: ნანგრევებთან შველას ითხოვდა ორი უსულგულო, ხელს ვიწვდიდი და ვიღაც სასეიროდ ქვებს აგროვებდა. გველებივით იკლაკნებოდნენ, ისხლეტდნენ ნასროლს და მაინც სიხარულით ვხტოდი, რადგან მუშტებით შემეძლო მათი მიბეგვა. შეშურდებოდა ტრიერს ამდენი სისხლი. სავსედ მოჩქეფდა დაბერილი ნესტოებიდან.

 

 

ნუთუ ისე გაზარდეს, შეძლო და თორმეტი წლისამ გააზრებულად

ჩამჩურჩულა ჩახუტების ჟამს: “სენტიმენტები არ გვინდა”. მე კი ვერ ვხვდებოდი, ზუსტად რას გულისხმობდა, რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე მშვენიერი, შეჩერება, პაუზა და ცოტაც ემოცია. რატომ მიყვარდა კორპუსის სახურავზე მზესუმზირის ჭამაში ტრაკის ჩაბეტონება და დაბადებიდანვე რა დამქონდა, რა მომაკრეს , რომ ათიოდე წლის ღვარღვარით ჩამომდიოდა ცრემლები მზის ყოველ ჩასვლაზე.

ზაფხულის საღამოებს შეეძლოთ დაისის თბილ სხივებში გაეხვიათ ყველა კარგი და ყველა ცუდი ასე ერთიანად. შებინდებისას სახურავის კიდისკენ მივცოცავდი და ვაკვირდებოდი კაცთა მოცლილ ჯგუფს. მამაჩემი გასაღებებს ათამაშებდა, მათ

რაჩხუნს იშვიათად ამოჰყოლია რამდენიმე სიტყვა: სტადიონი, განათება, საგადასახადო, ლამპიონი, გაკეთება, იმედიანად. ჩემს სახელსაც სულ რომ ბუტბუტით ეთქვა, ხშირად ვიჭერდი. “ამდენმა წიგნმა და ფილმმა სულ გამოატვინა, ხო ხედავ” – უყვიროდა დედაჩემს და აგრძელებდა – ” როგორ შეიძლება სულ ტიროდეს, რას ვაკლებ, რას ვერ ვაძლევ. მაგის ტოლები დახეულ-დაგლეჯილი ტანსაცმლით დადიან”. მინდოდა ოთახიდან გამოვარდნა, ფეხებში ჩავარდნა, დამშვიდება, არა მამიკო, შენ ყველაფერს კარგად აკეთებ-მეთქი. პასუხი არ მქონდა, მხოლოდ შემეძლო ამეხსნა, რომ კინომდეც და წიგნამდეც სრულიად ცარიელი და უგონო მიტოვებულ ადგილებში ვბღაოდი, რომ დაბადებიდანვე შეიძლება მქონოდა

 

რაღაც პათოლოგია. ხვარტიან ზაფხულს, სოფლის ერთ ღამეს, სიბნელეში კბილის ჯაგრისის თავი ვიპოვე, საყვარელი ყვითელი სათამაშო, დედაჩემს რომ ვამგვანებდი და ტირილიც შეწყდა, მთელი ღამე სახე ვუკოცნე პლასტმასის დედას. იქნებ ამ დროიდან უნდა შეეხსენებინათ რამდენიმე სიტყვა: მესაკუთრეობა, მიჯაჭვულობა და სხვა დანარჩენი.

 

 

 

1 2