ტარზანი, რა თქმა უნდა, ბევრად ფართო მასშტაბის ფენომენია, ვიდრი მისი საბჭოური თავგადასავალი. გასული საუკუნის დასაწყისში მწერალ ედგარ რაის ბუროუს მიერ შექმნილი ეს ეგზოტიკური პერსონაჟი, ფაქტობრივად ლაით მოტივად გასდევს გასული საუკუნის პოპ კულტურას დღემდე. კომიქსი, ანიმაცია, სპექტაკლი, უამრავი კინო ვერსია, ვიდეოთამაშები. პორნოგრაფიაც კი… არ არსებობს ვიზუალური გამოხატვის ჟანრი, რომელშიც არ გაცოცხლებულიყო ეს შიმპანზეების მიერ აღზრდილი ქერა და ცისფერთვალება მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი. ტარზანი, უბრალოდ რომ ვთქვათ, უკანასკნელი ასწლეულის უნივერსალური მითია, რომელმაც ისევე გაუძლო დროს, ომებს, პოლიტიკურ სისტემებს, კულტურულ მრავალფეროვნებას, როგორც ჩაპლინის მაწანწალამ, კინგ კონგმა, დრაკულამ ან ბითლზმა.

ტარზანის მითის გაუნივერსალება, ცხადია, უმეტეს წილად მაინც მას შემდეგ მოხდა, რაც ამ უკვე პოპულარული პერსონაჟით 1930 წელს ჰოლივუდი დაინტერესდა. ზოგადად, დასავლეთს ყოველთვის იზიდავდა ეგზოტიკური ისტორიები, შორეული აღმოსავლეთი და აზია კი შესანიშნავ შესაძლებლობას იძლეოდა ამ გატაცების, ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად.

 

 

კულტურის კომერციალიზაციამ ეს ფანტაზმები უფრო მერკანტილური გახადა. 1894 წელს გამოცემული კიპლინგის შედევრის, „ჯუნგლების წიგნის“ მთავარი გმირის – მაუგლისგან განსხვავებით, ტარზანი ინდოელი ბიჭი კი არა, ნამდვილი ინგლისელი არისტოკრატია. ქერა ათლეტი, ცისფერთვალება. ადამიანებს უყვართ საკუთარი თავის გაიგივება გმირებთან. მით უმეტეს იმ არაპოლიტკორექტულ, სეგრეგაციულ ეპოქაში, სავარაუდოდ ქერა ჯონ ვეისმიულერთან იდენტიფიცირება ბევრად აღგმზნები იყო, ვიდრე ჯუნგლებში დაკარგულ შავტუხა ინდოელ ბიჭუნასთან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტარზანის ერთგვარი…  თუ შეიძლება ითქვას – პოპკულტურული ანტროპოლოგიური უნივერსალიზმისათვის. ის ისეთივე კულტი გახდა ამერიკელებისთვის, როგორც ინდოელებისათვის, აფრიკელებისთვის და როგორც ბროდსკი აღნიშნავდა, თვით ბოლშევიკურ ჯუნგლებში იზოლირებული  საბჭოთა  პროლეტარიატისთვისაც კი.

ჩვენ ყოველთვის იმ თეტრის, კინოს,  სპექტაკლის მატარებლები ვართ მთელი ცხოვრება, რომელსაც დავესწარით. ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო სცენების, რომლებიც პარაზიტებივით გვაქვს გამჯდარი ტვინის უჯრედებში. არა აქვს მნიშვნელობა, ეს სცენები მოგვწონს, თუ გვძულს. ნებისმიერი ჩვენგანის ქცევაში შეიძლება იმ პერსონაჟების აჩრდილების დანახვა, რომლებმაც რაღაც ქვეცნობიერი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენში.

ჩვენს შემთხვევაში უამრავი პათეტიკური მაგალითის მოყვანა შეიძლება ქართული კინოდან, თეატრიდან. განსაკუთრებით, კლასიკურიდან, რომლებმაც კვალი დაამჩნიეს იმ  ახალი თაობების ქართველთა ქცევსაც კი, რომლებსაც საკუთარი პათეტიკის პირველწყაროს შესახებ, შესაძლოა, არც სმენიათ. ღრმად ეროვნული თეატრი და კინო ყველა ეროვნების ადამიანზე აისახება. – რუსებზე, ფრანგებზე, სომხებზე…

უცხოური კინო იშვიათად ახდენს ადამიანზე ისეთ გავლენას, რომ მან ფსიქოტიპი შექმნას. ტარზანი შესაძლოა ერთ-ერთი ასეთი ძალიან იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ამ უნაკლო პოპ-მითმაც კი ვერ მოახერხა ის, რასაც ეროვნული პოპ პერსონაჟები ახერხებენ.

ძნელი სათქმელია, დღევანდელი ქართული კინოდან რომელი პერსონაჟები მოახერხებენ ადამიანების ცხოვრებაში ისე შეღწევას, რომ მათი მირაჟი წლების შემდეგ აისახოს თაობაში, რომელიც ჯერ არც კი დაბადებულა.

ტონი მონტანას შემთხვევის არ იყოს,  დიდი  ოპტმიზმის საფუძველი სამწუხაროდ არ ჩანს… შესაძლოა, იმის გამოც, რაც ზემოთ აღვნიშნეთ – ამ დაბალანსებული სტერეოტიპიზაციის წყალობით სიცოცხლე კინოში ერთგვარ კომატოზურ მდგომარეობაშია.

 

 

ხანდახან ვფიქრობ და მიკვირს, რატომ არასდროს არ დამკვიდრდა ქართულ კინოწარმოებაში წარმატებული კლასიკური ქართული კინოპერსონაჟების რემეიქების კეთების ტრადიცია – მაგალითად, ბაში აჩუკის, მაია წყნეთელის… ან თუნდაც ერთადერთი ქართული ერორი – ფანტასტიკის „ცისკარასი“… ვინ იცის, იქნებ რაღაც ახალი არომატი მაინც შემოეტანა ეროვნული კინოგმირების გარეშე, ვიდეო თამაშების ამარა, მის ენაზე მოლაპარაკე გმირების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის.

ას წელს გადაცილებული მარად ახალგაზრდა ტარზანი ხომ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პერსონაჟმა გაუძლოს დროს, სტილისტიკურ, თხრობის მანერის თუ ტექნოლოგიურ რევოლუციურ ცვლილებებს და მაინც ძალიან აქტუალური, მოთხოვნადი დარჩეს.

 

 

1 2