იოსებ ბროდსკი თავის ესეში „ნადავლი“ (Трофейное -1999) წერს: „მე ვამტკიცებ, რომ ტარზანის ოთხმა სერიამ, გაცილებით მეტად შეუწყო ხელი დესტალინიზაციას, ვიდრე ხრუშოვის ყველა გამოსვლამ პარტიის მეოცე ყრილობაზე!“
ბროდცკი განსაკუთრებით საბჭოთა გაქირავებაში გასულ ბოლო მეოთხე სერიას უსვამს ხაზს, რომელშიც ტარზანი ნიუ იორკში ბრუკლინის ხიდიდან ხტება. ბროდსკი ამას აკეთებს არა იმდენად ტრუკის სირთულის, არამედ საბჭოთა მოქალაქისათვის ცათამბჯენების სრულიად გამაოგნებელი, ფუტურისტული ხედის გამო, რომელიც კადრში მოჩანს.
მეორე მსოფლო ომის შემდგომ წლებში, საბჭოთა კავშირში უცნაური გარემო ჩამოყალიბდა, კოსმოპოლიტიზმისა და მთელი ამერიკული კულტურის ავტოდაფეთი პერმანენტულად დაკავებული პროპაგანდის პარალელურად, საბჭოთა კინოთეატრები ამერიკული ბლოკბასტერებით გაივსო. ეკონომიკა განადგურებული იყო, საბჭოთა კინოწარმოების რიცხვი წელიწადში რამდენიმე ათეულ ფილმამდე დაეცა, კინოთეატრები კი რაღაცით უნდა შევსებულიყო. არაყი და კინო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები იყვნენ გრძელი და სასტიკი ომით დაცარიელებული წითელი ხაზინისათვის. ამიტომაც კინოაფიშები გერმანიიდან გამოზიდული ამერიკული ფილმების სათაურებით გაივსო. მათ ტროფეულ ფილმებს უწოდებდნენ.
ყველა ფირი იწყებოდა შემდეგი ტიტრებით: „ეს ფილმი მოპოვებულ იქნა დიდ სამამულო ომში „ტროფეის“ სახით!“
ეს სწორედ ის ფილმებია, რომლებიც, ორი ათეული წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მათ საბჭოთა ეკრანებზე თავი ამოწურეს და დავიწყებას მიეცნენ, თბილისში დიდუბის საგამოფენო პარკში, კინოთეატრ „კოსმოსის“ დირექტორ ბორის ავალიანის ბრწყინვალე იდეის წყალობით, ისევ გამოჩნდნენ ქართულ აფიშაზე. ამ უნიკალური კინოთეატრის პროგრამა მთლიანად მივიწყებული ტროფეული ფილმებით იყო შედგენილი. თან ყოველი სეანსი ორ – ორი, სხვადასხვა დაწყვილებული ფილმით. ასე რომ ერთი დღის განმავლობაში ათამდე ფილმი შეგეძლო გენახა, თუ საქმე არაფერი გქონდა. ჩემი თაობის ის ნაწილი, ვინც კინოთეატრ „კოსმოსის“ ერთგვარი „კლუბის წევრი“ იყო, თავისდაუნებურად დასავლური, ნამდვილი ამერიკულ პოპ კულტურის ნაწილს ეზიარა და ეს სულაც არ იყო უმნიშვნელო ფაქტორი მათი მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში.
მოგვიანებით „კოსმოსის“ კინოჩვენებების კონცეფცია საბურთალოზე, კინოთეატრ „გაზაფხულში“ გადავიდა თავის დირექტორთან ერთად. მაგრამ „გაზაფხული“ შედარებით აკადემიური კინოს მექა გახდა, აქ ტროფეული ვესტერნების, განგსტერული და საშინელებათა რამდენიმე კლასიკად ქცეული ნიმუშის გარდა, პრაკატში გამოსულ ღირებულ, ნამდვილ დიდ კინოსაც უჩვენებდნენ, ხანდახან დიდი რეჟისორების რეტროსპექტივაც იმართებოდა, საიდანღაც ნაშოვნი ფირების კოპიოებით. „გაზაფხული“ „უბრალო მოკვდავთათვის“ ფაქტობრივად დაკეტილი „კინოს სახლის“ ნამდვილ ალტერნატივად ჩამოყალიბდა… თუმცა კინოს სახლთან მიმართებში სიტყვა „დაკეტილი“ მაინც პირობითია, უფრო შესფერისი – „ძნელად შეღწევადის“ გამოყენება იქნებოდა: ძალიან თუ მოინდომებდით, „კინოს სახლში“ ისევე შეგეძლოთ შეპარვა, ან კონტროლიორისათვის მანეთიანის ხელში ჩაკუჭვა, როგორც ნებისმიერ სხვა კინოთეატრში. ზოგადად ეს ყბადაღებული წითელი „ელიტურობა“ გარკვეული მოსაზრებით ბევრად უფრო პირობითი იყო, ვიდრე დღევანდელი უფერული სისტემური სოციალური სნობიზმი.
ჩემი „თინეიჯერობის“ დასაწყისში კინოთეატრ „კოსმოსში“ ფაქტობრივად ვცხოვრობდი. სწორედ აქ მივხვდი, რომ კინო პირველ რიგში სპექტაკლი, წარმოდგენაა და არა ის პოლიტკორექტული საავტორო მარაზმი, რომლის ტირანიამ მოგვიანებით კინოთეატრებში სიცოცხლე ჩაკლა. საქართველო, სადაც ყველა სოფელს თავისი ნამდვილი საპროექციო აპარატით აღჭურვილი „კლუბი“ ჰქონდა – კინოს გაპოლიტკორექტულების პანაშვიდს არ დასწრებია, რადგან უფრო ადრე, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე კინოთეატრების უმაღლესი ზომით – სიკვდილით საჯარო დასჯაში მონაწილეობის მიღებამ და მერე მათი უპატრონოდ მიყრილი, დასახიჩრებული და გამოშიგნული „გვამების“ გახრწნის ყურებამ მოუწია, რომლებიც მოგვიანებით ნელ-ნელა აღსდგნენ რესტორნებად, მაღაზიებად, ოფისებად… კინოთეატრი, როგორც არქიტექტურული ნაგებობა ფაქტობრივად საერთოდ გაქრა ქართული პეიზაჟიდან.
დიდი ცოცხალი კინოს გამყინვარების ეპოქამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ჯერ ტელევიზორების ცივ ეკრანებში გადაიტანა მეშვიდე ხელოვნება, მოგვიანებით კი უსულო ლეპტოპებში და სმარტფონებში გამოკეტა.
მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით მოხდა, ტროფეული ფილმების დახატულ აფიშებზე გამოჩენიდან, ცურვაში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის, ჯონ ვეისმიულერის ტარზანის ოთხი ეპიზოდის ტრიუმფალური გამოსვლიდან – დიდ თეთრ ეკრანებზე გამოსვლიდან ორმოცი წლის შემდეგ…
ბროდსკი მართალია. ტარზანის ეს ოთხი სერია, საბჭოთა ხალხისათვის მართლაც გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ საკულტო კინო-პოპ პერსონაჟი, ისევე როგორც მოგვიანებით, 70-იანებში, როკ მუსიკა.
ზოგადად ყველა თაობას თავისი საკულტო პერსონაჟი ჰყავს.
60-იანელებისათვის ასეთი ერთმნიშვნელოვნად კრისი იყო „შესანიშნავი შვიდეულიდან“ თავისი შენელებული მიხვრა-მოხვრით… 70-ში ჩემთვის, ისევე როგორც კინო „კოსმოსის“ სხვა „კლუბელებისათვის“, ასეთი უფრო ტროფეული ფრანკენშტეინი და „კინგ კონგი“… მერე, მოგვიანებით, „ნათლიმამა“, „ერთხელ ამერიკაში“ და ტონი მონტანა „სკარფეისიდან“… რომლებიც მერე, 90-იანი წლების კრიმინალური ანარქიაში ქართულ კოშმარებად გაცოცხლებულნი მოგვევლინენ… მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, სხვა დრამა…
ჩვენი მშობლების – საბჭოთა ბეიბი ბუმების თაობისთვის კი აბსოლუტური, სრულყოფილი კინო-კულტი „ტარზანი“ გახლდათ.
კარგად მახსოვს ჩემს ადრეულ ბავშვობაშიც კი – 60 წლებში როგორ დახტოდნენ უფროსი ბიჭები ხიდან ხეზე… ამბობდნენ ტრავმული ინციდენტების რიცხვი არასდროს ისეთი მაღალი არ ყოფილა საქართველოში, როგორც ტარზანის გამოსვლისას.. მეტიც, ომისშემდგომ წლებში საბჭოთა ბიჭებმა ტარზანის ხათრით, თმების მოშვება დაიწყეს. ბითლზების გამოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე… ბითლზების იმიტომ, რომ რატომღაც გრძელი თმა სამოციანი წლების საბჭოთა კავშირში სწორედ ლივერპულელ ოთხეულთან ასოცირდებოდა. ასეთ ვარცხნილობას „ბიტელსებს“ ეძახდნენ, სხვა ბენდებს უბრალოდ არ იცნობდნენ… თუმცა მერე, მაღალყელიანი თხელი სვიტრების გამოჩენით როლინგების არსებობა შეიტყეს.
1 2