24 თებერვალი, 11:30 წთ – ეს ის დროის მონაკვეთია, როდესაც “ეფბიაი“-ს სპეციალური აგენტი, დეილ კუპერი, პირველად შევიდა ქალაქ თვინ პიქსში. დევიდ ლინჩის ლეგენდარული, უკვე თამამდ შეიძლება ითქვას, ქრესტომათიული შოუ „თვინ პიქსი“ ჯერჯერობით სულ სამ სეზონს ითვლის, 27 წლიანი პაუზის შემდეგ, მესამე სეზონით 2017 წელს დაგვიბრუნდა და დღემდე ღიაა კარი მისი გაგრძელებისთვის, რასაც იმედია მალე მოვესწრებით. თებერვლის ნომერში დასაბეჭდი სტატია კი იდეალური საშუალებაა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო პროდუქტი. ამისთვის მესამე სეზონის საუკეთესო სცენების ხუთეულს შემოგთავაზებთ.

5. დოქტორ ჯაკობის სარეკლამო რგოლი

პირველი სერიიდანვე ვხედავთ, რომ ჯაკობი რაღაცას ამზადებს, შემდეგ მის პოდკასტების სერიას ვეცნობით, სადაც კაპიტალიზმზე, კორპორაციებზე, ახალგაზრდობის დეკადანსზე და სხვა მავნებლურ ტენდენციებზე კრიტიკით არ ზოგავს თავს. თუმცა წინასწარი „თიზინგის“ შემდეგ, მეხუთე სერიაში, უშუალოდ გვიჩვენებს თავის შექმნილ პროდუქტს, ოქროსფერ ნიჩაბს, რომელიც 29 დოლარი და 99 ცენტი ღირს და რომლითაც შესძლებელია, რომ საკუთარი თავი ნეხვიდან ამოთხარო. ეს ერთის მხრივ ძალიან სასაცილო და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯია ლინჩისგან, რომელიც მუდამ ერიდება ღიად საკუთარი კინოგზავნილების დაფიქსირებას.

4. გორდონ კოულის სიზმარი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით

მეთოთხმეტე სერიაში გორდონი ალბერტს და ტემის უყვება თავის მორიგ სიზმარზე, რომელშიც მონიკა ბელუჩი ჩნდება. ეს მოცემულობა თავიდან მხოლოდ იუმორისტულად აღიქმება, როგორც მისი კოლეგებისთვის, ისე მაყურებლისთვის და გგონია რომ სადაცაა მოხუცი კოული თავის ეროტიკულ ვნებებს გაგვიმხელს. თუმცა რეალურად სცენა ძლზედ მნიშვნელოვან ეპიზოდად გარდაიქმნება სერიალისთვის, რადგან მისი ინტერპრეტირების საკმაოდ საინტერესო დეტალს გვაწვდის ბელუჩის პირით, რომელიც არა კოულს, არამედ მაყურებელს მოგვმართავს: „ჩვენ ვგავართ ზმანებულს, რომელიც სიზმარს ნახულობს და შემდეგ ამ სიზმარში ცხოვრობს, მაგრამ ვინ არის ზმანებული?“ – საოცარი ენიგმატურობის და მისტიური ატმოსფეროს მქონე სცენა მორიგი რუბიკის კუბია რეჟისორისგან, რომლის აწყობაც განსაკუთრებული სინეფილური სიამოვნებაა.

3. ალუბლის ღვეზელის სერენადა

მეთერთმეტე სერიაში, როდესაც დაგი ძმებ მიტჩუმებს შეხვდება და ლინჩისეული იუმორის საუკეთესო ტრადიციებში ძმები მის მოკვლას გადაიფიქრებენ სიზმარში ნანახი იდენტური ეპიზოდის გამო, რაც უფრო მეტ იმედს აჩენს მაყურებელში, რომ დაგის, ანუ აგენტი კუპერის ოდისეას მეტაფიზიკური მფარველობა გააჩნია, ვინაცვლეთ რესტორანში, სადაც გაკეთილშობილებული მიტჩუმები დაგის ალუბლის ნამცხვრით უმასპინძლდებიან და სახეზე ვიღებთ იმის ილუსტრაციას თუ სიკეთის ქმნადობობას რამდენად შეუძლია ადამიანების ცხოვრების და ცნობიერების პოზიტიური ტრანსფორმაცია. თუმცა შინაარსობრივ დატვირთვაზე საინტერესო ეპიზოდის რიტმი, მონტაჟი და ინტერაქციებია, რადგან თუ ოდესმე ვინმეს გსურდათ გენახათ მიუზიკლი დევიდ ლინჩის დირიჟორობით, ყველაზე ახლოს მის შექმნილ სცენებთან სწორედ ეს მონაკვეთი დგას. ჭიქების მიჭახუნება, ნამცხვრის მადიანი ლუკმები, ბედნიერების დ მადლიერების ექსტაზში მყოფი პერსონაჟები, ფორტეპიანოს მელოდიური კლავიშები, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის მაგიურ სცენას, რომელიც „თვინ პიქსის“ კვინტესენციურ ეპიზოდად რეგისტრირდება.

2. ატომური აფეთქება, როგორც ბოროტების გენეზისი

„თვინ პიქსის“ მერვე სერია ყველაზე განსხვავებული ეპიზოდია მთლიანი შოუს პატერნიდან. და მისი მითოლოგიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანიც. ამ სერიიდან ვიგებთ, რომ ის მეტაფიზიკური მანკიერება, რომელსაც ბობის სახელით ვიცნობთ, თავის მხრივ გაცილებით მასშტაბური, კოსმიური ბოროტების სუროგატია, რომლის მოვლენაც ჩვენ სამყაროში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადამიანმა დესტრუქციის ყველაზე საშინელი იარაღი შექმნა. ლინჩი გვიჩვენებს პირველი ატომური ბომბის გამოცდის სცენას, რომლის აფეთქებაც პორტალს ხსნის მარადიული და უპიროდო ბოროტების სამყაროში მოსავლენად და ვხედავთ თვინ პიქსის სამყაროს მთავარ ანტაგონისტს, ჯუდის, რომელიც თავის ნაყოფს დედამიწაზე ავრცელებს. ეპიზოდი საოცრად ენიგმატური და შემაძრწუნებელია და ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელ იმიჯებს შეიცავს ლინჩის კარიერაში. ამასთან, ხოჭოს ეპიზოდზე სულ ვფიქრობ, რომ კაფკასთვის გაკეთებული რევერანსი და პერვერსიული ხუმრობაა, რომელიც ხოჭოდ გარდასახული გრეგორ ზამზას შურისძიებას წარმოადგენს.

1. აგენტ დეილ კუპერის დაბრუნება

16 სერიის მანძილზე, მთავარი მოლოდინი ისაა თუ როდის დაბრუნდება ფიზიკურ სამყაროში დეილ კუპერი. როდესაც ტელევიზორში „სანსეტ ბულვარს“ მოკრავს თვალს და გორდონ კოულის სახელს გაიგონებს, კუპერი ხვდება როგორ უნდა შეძლოს გამოღვიძება, რაც ძალიან მომხიბვლელი მეტაფორაა კინემატოგრაფის, რომელსაც ლინჩი წარმოგვიდგენს გამოფხიზლების, რეალობაში მაქსიმალურად ჩართვის, მოქმედების დაწყების, ცვლილებების გამოწვევის საშუელებად. მედიუმად, რომელიც გეხმარება სამყაროზე რეფლექსიაში,
პრობლემის დანახვაში, წარმოგვიდგენს მას ინსტრუმენტად, რომელიც ემოციურ თუ ინსტინქტურ ბიძგს გვაძლევს ინტერნალური და ექსტერნარული წინაღობების აღმოსაფხვრელად. როდესაც პალატაში მწოლიარე კუპერი როგორც იქნა გამოიღვიძებს, პირადად მე ისეთივე ხმაურიანი ემოციით შევხვდი ამ სცენას, როგორც ძირითადად ყვირიან ხოლმე გულშემატკივრები საყვარელი გუნდი რომ ფინალში გამარჯვების გოლს გაიტანს. თუმცა ყველაზე დიდი კმაყოფილების გამომწვევ სცენად მაინც ის რჩება, როდესაც კითხვაზე, ეფბიაის არ უნდა დაველოდოთო, კუპერი ჩვეული სიმშვიდით, თავდაჯერებულობით და ქარიზმით პასუხობს – მე ვარ ეფბიაი. ეს კიდევ ერთი ემოციური ფეერვერკი და იმ დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნების დაბრუნებაა, რომელიც აგენტი კუპერის სამყაროში ყოფნისას გეუფლება.