**** **** ****
ლირიკა პოეზიაში პიროვნებისეული თვითრეფლექსიაა, პიროვნების ემანაციაა, მაგრამ აი, XX საუკუნის ტექნიცისტურ საზოგადოებაში, ჩემი აზრით, მან რაღაცნაირი არასასურველი სირთულე შეიძინა და ეს გამოჩნდა იმ ნიშნით, რომ ლირიკა, ლირიკული სიხალასე გაქრა და მისი ადგილი უფრო გონებამ, რაციომ დაიკავა. ამიტომ ამბობს შტეფან ცვაიგი თავის წიგნში
„ევროპელის მოგონებანი“, რომ ისეთი პოეტები, როგორებიც არიან რილკე, შტეფან გეორგე ან ჰოფმანსტალი, მომავალში აღარ იარსებებენო. ამას ის სინანულით ამბობს, ოღონდ არ განმარტავს, თუ რა იქნება მათი გაქრობის მიზეზი. ტექნიცისტურ სივრცეში, სადაც ბატონობს
„მასის ადამიანი“, „ადამიანი-მასა“, სადაც პიროვნებისეული საწყისი გამქრალია, პოეზიას უჭირს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ზოგადად პოეზიას კი არ უჭირს, ლირიკულ პოეზიას უჭირს. ლირიკა იმდენად სუფთა, იმდენად ირაციონალურია, რომ გარკვეულწილად
„სხვა იმპულსების“ ჩარევაც კი ასხვაფერებს მას. პოეზიას, რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანები ქმნიდნენ, ამიტომ მაინც განაგრძო პოეზიამ არსებობა, მაგრამ შტეფან ცვაიგის თქმის არ იყოს, რილკეს მსგავსი პოეტები ნაკლებად შემორჩნენ, მასთან ბუნებრივად იყო შეთავსებული მედიტაცია და ლირიკული სიხალასე. მომდევნო პერიოდში, როგორც ლირიკის მკვლევარი ჰუგო ფრიდრიხი ამბობს, მოდიან „ცივი პოეტები“, ასეთია მაგალითად, პოლ ვალერი, რომელთანაც აშკარაა ფორმის პრიორიტეტი. ადრე თუ შინაარსი ქმნიდა ფორმას, ახლა ფორმა ქმნის შინაარსს.
მომხმარებლური, ტექნიცისტური საზოგადოება ზემოქმედებდა ხელოვნებასა და
ლიტერტურაზე. ადამიანის სპეციფიკური ნიშანია შემოქმედების ნიჭი. შემოქმედება არ უნდა იყოს მხოლოდ კონსტრუირება, მხოლოდ ტექნიკა. ტექნიკურად გამართული ლექსი ტექნიკური ნიმუშია, კარგად არის შესრულებული, მაგრამ იქ არ არის პოეზია. შემოქმედება არის სიცოცხლის შეტანა მასალაში, გრძნობადი მასალის გაცოცხლება, სულის შთაბერვა, რომლის შედეგადაც იბადება სრულიად უნიკალური თავისთავადი, ყველასგან განსხვავებული ცოცხალი არსება. ეს თავისუფალი აქტია.
სამომხმარებლო საზოგადოების და იმავე კულტურის კრიზისის ეპოქაში შესამჩნევი იყო პოეზიის ტრანსფორმაციის პროცესი. ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ თანდათან უფრო მკვეთრი ხასიათი მიიღო. ამ პროცესს დიდიხანია ეწოდა პოეზიის პროზაიზაცია. მე აქ ვგულისხმობ იმ გარდატეხას, რომელიც პოეზიაში მხატვრულობის საზიანოდ კი არ მოხდა, არამედ მისი შენარჩუნების მიზნით. ასეთ დროს, შეიძლება ითქვას, რომ პროზაიზაცია არსებულ ვითარებაში გარდაუვალი პროცესი იყო და გულისხმობდა პოეზიის მრავალი ნიშნით შენარჩუნებას: პროზადქცევის პროცესი ბუნებრივი რამ არის და არ შეიძლება მისი აღკვეთა ან მისივე რამენაირად ხელოვნური შეჩერება. აქ მთავარი ის გახლავთ, რომ შეიცვალა თვითონ ლირიკული გმირის ფსიქოლოგია და შესაბამისად, ლექსის ფორმაც. მე ვფიქრობ, ფორმა- შინაარსის ურთიერთზემოქმედება ორმხრივი პროცესია და ამიტომაც ხელს უწყობს მთლიანი ლექსის მკვეთრ და სწრაფ ცვალებადობას. ალბათ ამას ჰქვია მთლიანი ლექსის
ტრანსფორმაცია, იცვლება მისი სხვადასხვა პარამეტრები. მე ზემოთაც ვსაუბრობდი და ახლაც ვსაუბრობ ლირიზმის ქრობაზე, რაც არასასურველია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს პოეზიის ქრობას. პოეზიის შენარჩუნების ცდა იმას ნიშნავს, რომ ლირიზმის ნაკლებობის მიუხედავად, რამდენადმე არ უნდა გაღარიბდეს პოეზია. საყოველთაოდ ცნობილია, რა ფართო პანორამა გაიშალა 10 – იან და 20 – იან წლებში რუსული ლიტერატურის სივრცეში. ევფონიური მრავალფეროვნებითა და გამჭვირვალე ლირიზმით აღბეჭდილ სიმბოლისტებს დაუპირისპირდნენ აკმეისტები, რომლებიც პოეზიაში აზრის მკაფიო თანამონაწილეობასაც
უჭერდნენ მხარს თეორიულად და პრაქტიკულადაც.
ლირიკის მკვეთრ კლებას, ანდა სხვაგვარ, თავშეკავებულ ლირიკულობას სწორედ აკმეისტებმა დაუდეს სათავე. მათს გაერთიანებაში იყვნენ მანდელშტამი და ახმატოვა.
ეპოქის სირთულე განსაკუთრებით ოსიპ მანდელშტამის შემოქმედებაში წარმოჩნდა. აკმეიზმი მსოფლიო კულტურის მონატრებააო, ამბობდა თურმე რუსი ებრაელი პოეტი. ვინც ამ პოეტის შემოქმედებას გაეცნობა, აშკარად შეამჩნევს, რომ ეს მართლაც ასეა. მის შემოქმედებაში სხვადასხვა ეპოქის სიტყვიერი კულტურის პლასტებია გაშლილი. ევგენი რეინი ამბობს, მანდელშტამმა პოეზიის სიურეალისტური ნიმუშები შექმნაო. ამ ნიმუშებში აშკარად ჩანს XX საუკუნის პოეტური აზროვნების სირთულე. აქ ტრადიციული პოეზიის სიღრმეც არის და პოეტის თანადროული მოდერნისტული აზროვნებაც…
XX საუკუნის მეორე ნახევარში, 1972 წელს საბჭოთა კავშირიდან გააძევეს პეტერბურგელი პოეტი იოსიფ ბროდსკი. საზღვარგარეთ ყოფნისას მას ნობელის პრემია მიენიჭა. პეტერბურგელ პოეტს ერთმა ლიტერატორმა პოეტი-ესეისტი უწოდა. ბროდსკი ინგლისურ ენაზე წერდა ესეებს და რუსულად კი ლექსებს. მისი პოეზია თავისებური ნაზავია ანგლო-ამერიკული და რუსული პოეზიისა, მაგრამ აქაც მთავარი მონაპოვარია პოეტური აზროვნების სირთულე.
გალაკტიონ ტაბიძის ნათქვამი „დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით“ XX საუკუნის კრიზისულ მდგომარეობასაც აღნიშნავს და თავისებურად დღვანდელ მდგომარეობასაც ეხმაურება. დღვანდელი ქართული პოეზია ეძებს თვითგამოხატვის ახალ ფორმებს, რომელშიც კორონა-ვირუსის ეპოქის გამოცდილებაც აღიბეჭდება.