ჩვენ კონკრეტულ დროსა და სივრცეში ვცხოვრობთ და მოვლენებსაც კონკრეტული დროის გადასახედიდან ვაფასებთ, გადასახედიდან-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი დღე არ შეიძლება მოწყვეტილი იყოს გუშინდელი დღისგან და დღევანდელზე საუბრისას გუშინდელის გათვალისწინება გვმართებს.

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი ისტორიული არსებაა, ე.ი. ცვალებადია მისი აზრიც და წარმოდგენაც ცხოვრებაზე. ცვლილებების მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კორონა-ვირუსზე. საკითხი ალბათ ასე უნდა დაისვას: შეცვალა კი ადამიანების მსოფლმხედველობა კორონა-ვირუსმა? ყოფა, ყოველდღიურობა და ფიზიკური მდგომარეობა რომ შეცვალა, ეს ცხადია, მაგრამ შეცვალა თუ არა მსოფლმხედველობა? თუ არ შეცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ადამიანის მსოფლმხედველობა იმდენად ძლიერია და ისე ხანგრძლივად ყალიბდებოდა, რომ მისი შეცვლა ნაუცბათევად შეუძლებელია.

ჩემი აზრით, ჯერჯერობით არსებითად ადამიანი არ შეცვლილა, მისი ღირებულებითი ორიენტაცია იგივე დარჩა, ისეთივე დარჩა, როგორიც იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. და საერთოდ, მეოცე საუკუნეში. მეოცე საუკუნე პრინციპულად განსხვავებული გახლდათ სხვა საუკუნეებისგან და ამიტომ ვსაუბრობთ მასზე.

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა, მის არსებობას თავისუფალი ნება განსაზღვრავს, რომლის მეშვეობითაც ის თვითონ ირჩევს თავის ცხოვრების გზას, ცხოვრების წესს, თავის ღირებულებით ორიენტაციას. აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი თვითონ ქმნის თავის თავს. ეს ფორმულა უცვლელია, ზოგადია, მარადიულია, ვინაიდან ამ ნიშნით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან, რომელიც ინსტინქტების კარნახით ცხოვრობს. ადამიანი ინსტინქტებით ღარიბი არსებაა, სამაგიეროდ მას აქვს გონება, ცნობიერება, თავისუფალი ნება, რომლის მეშვეობითაც ის აკეთებს არჩევანს. გავიხსენოთ აღორძინების ხანის მოაზროვნე პიკო დელა მირანდოლა (მე-15 საუკუნე). ადამიანი, ფიქრობს მირანდოლა, ღმერთმა შექმნა, როგორც თავისუფალი ნების უნარით დაჯილდოებული არსება. ადამიანის რაობა დამოკიდებულია თავად მისსავე ნებაზე, ადამიანი არის საკუთარი თავის შემქმნელი, ჩამომყალიბებელი. მას შეუძლია დამდაბლდეს და ცხოველის მდგომარეობამდე დაეშვას, მაგრამ მასვე ძალუძს ამაღლდეს და ეზიაროს ღვთაებრივს. ადამიანის ღირსება სწორედ ეს თავისებურებაა, – ამას ამბობს პიკო.

მე-20 საუკუნეში ადამიანი უკვე, თუ შეიძლება ითქვას, უკანმოუხედავად, განუხრელად დაადგა ტექნიკური პროგრესის, „ინდუსტრიული ცივილიზაციის“ განვითარების გზას. ეს გარკვეული აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ადამიანმა, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებამ, ყოველგვარი გარეგანი იძულების გარეშე აირჩია ეს გზა. ეს მისი შინაგანი მოთხოვნილება იყო და მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები ამ გზით განვითარდა, მაგრამ ინდუსტრიული აღმავლობის გზაზე მოხდა მრავალი გაუთვალისწინებელი რამ; ჯერ ერთი, მანქანამ გამოდევნა ადამიანი, შრომა გახდა თავისუფალ შემოქმედებით აზროვნებას მოკლებული, მთლიანად ავტომატური. ადამიანი მცირე მექანიკურ როლს ასრულებდა ამ მანქანის შიგნით და მის მიერვე კონსტრუირებული მანქანის კონკურენტი შეიქნა. მუშა რაც უფრო მეტ საქონელს ქმნის, მით უფრო იაფი ხდება თვითონ. მისივე შრომა მისსავე წინააღმდეგ მიიმართება. აქ იბადება ადამიანის გაუცხოება მის მიერვე შექმნილი ნივთების მიმართ. ნივთები თვითონ იპყრობენ და იმორჩილებენ მას. საბოლოოდ ადამიანი გამოიდევნება და იქცევა ნივთების მომხმარებლად. მანქანა ადამიანის ნაცვლად მუშაობს,

 

ქმნის და ასე მზა სახით აწვდის ადამიანს პროდუქტს. ადამიანი ყალიბდება მომხმარებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგავს თავის შემოქმედებით აქტივობას. შემოქმედებითი აქტივობის გარეშე ადამიანს მოწყენილობა ეუფლება. შემოქმედებითობა მისთვის სპეციფიკურად ადამიანური ნიშანია. საბოლოო ჯამში ამ მომხმარებლური საზოგადოების მიზანია

კომფორტის შექმნა, ყალიბდება კომფორტის კულტივირება. ამ „ტექნიკური კომფორტის“ ვითარებაში ტექნიკა, ავტომატიზაცია შეაღწევს ცხოვრების ყველა სფეროში. მიმდინარეობს ხელოვნებისა და ლიტერატურის ტექნიზაცია, საბოლოოდ კი სულიერი მოღვაწეობის სფეროებისთვის საზოგადოებაში ადგილი აღარ რჩება.

ასე რომ, თავისუფალი ადამიანის არჩევანი არასწორ არჩევანად იქცა. ტექნიკის საჭიროება, რომელიც ნამდვილად არსებობდა, იქცა ტექნიკის კულტად. თავისუფალი ადამიანი იქცა „ჰომო ფაბერად“. ადამიანმა დაკარგა ინდივიდუალური სახე, მოხდა მისი ნიველირება,

სტანდარტიზაცია. დასავლური საზოგადოება განიხილავდა ამ ცხოვრებისეულ რეალობას და აკრიტიკებდა. უნდა დაძლეულიყო სამომხმარებლო საზოგადოება, ტექნიკის კულტი და წინა პლანზე წამოწეულიყო შემოქმედებითი საქმე. ეს ვითარება გადაიქცა კულტურის კრიზისად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროპაში, ეს მოვლენა ფაქტობრივად ავადმყოფობად შემობრუნდა. მას დიაგნოზი დაუსვეს გამოჩენილმა მოაზროვნეებმა და ხელოვანებმა, თუმცა არსებითად ხსნის გზას ვერ მიაკვლიეს. ადამიანმა დაკარგა თავისუფლება, ვინაიდან ის გახდა დამოკიდებული კომფორტზე. ამ კომფორტს ადამიანი ტექნოლოგიების მეშვეობით გამუდმებით ქმნიდა სათავისოდ.

კორონა-ვირუსზე სადღეისო საუბრისას ლიტერატორები ხშირად პარალელს ავლებენ ალბერ კამიუს რომანთან „შავი ჭირი“. ეს რომანი მართლაც მსგავსია თანამედროვე ვითარებისა: „თანამედროვე ცივილიზებული ცხოვრების წესი ის ჭაობია, რომლიდანაც სასიკვდილო დაავადებები აღმოცენდება.“

უპირატესი მსგავსება ამ რომანისა დღევანდელ ვითარებასთან ის არის, რომ ამ რომანში ტექნიკური პროგრესის იდეით გამსჭვალულ ცივილიზებულ ადამიანებს არ სჯერათ, რომ

მომაკვდინებელი სენი შეიძლება გაჩნდეს მათ დროში და მათ ქალაქში. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი რამ მხოლოდ შუასაუკუნეებში იყო შესაძლებელი. მსგავსი ვითარებაა დღესაც. ჩვენ იმ ზომამდე ვართ მინდობილი ტექნოლოგიებს, ვერ ვიჯერებთ, რომ კორონა-ვირუსს არ მოევლება. ე. ი. ვითარება ასეთია: სავარაუდოდ, ვირუსი დაბადა ტექნოლოგიებმა, ვინაიდან ის არ ჰგავს აქამდე არსებულ ჩვეულებრივ ვირუსებს, რომლებიც სეზონური იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრებოდა. სწორედ ამიტომ ამ ვირუსს ისევ „ტექნოლოგიების აქტივობა“ უნდა დაუპირისპირდეს. უნდა იქნას გამოგონებული ვაქცინა, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და ა.შ. დიახ, მაგრამ ყოველივე ეს რომ მოხდეს, ადამიანებმა უნდა შეიცვალონ თავიანთი პოზიცია, ისინი ცოტა ხნით მაინც უნდა გათავისუფლდნენ ცხოვრების ჩვეული წესისგან, კომფორტის ქმნის მუდმივი მცდელობისგან. ცხოვრების წესის შეცვლა კი რას ნიშნავს? თანამედროვე პოსტინდუსტრიული ცივილიზაციისა და ურბანიზაციის პირობებში მოქალაქეთა ფართო მასებს სულიერი ინერტულობა, ანუ „ ცხოვრების მოვლენათა ჩვეული წყობისა და დინებისადმი ბრმა, უკრიტიკო მიდევნება“ ახასიათებთ. ისინი, ძირითადად, თავიანთ კომერციაზე ან ბიზნესზე ფიქრობენ, ვინაიდან მთავარი ღირებულება ფულია, ფიქრობენ გართობასა და თავის შექცევაზე და უყურებენ უწყინარ ფილმებს, სერიალებს, რომლებიც მათი კომფორტული ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია. ამგვარ ადამიანებს უნდა დაუპირისპირდნენ თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანები…

იმ ქალაქში, რომელსაც აღწერს კამიუ, ავადმყოფობა, მითუმეტეს სიკვდილი, არღვევს ყოველგვარ კომფორტულ განწყობილებას. აქ ადამიანები იმ ზომამდე არიან დაკავებულები

 

 

1 2 3