დღეისათვის გართობის იდეა საკმაოდ სტანდარტიზებული და დეტერმინირებულია. სამუშაო კვირის ბოლოს, ცნობიერი იმპულსები ავტომატურად გვაძლევს სიგნალს, რომ მთელი ხუთ დღიანი შრომის შემდეგ, პარასკევს და შაბათს ინტენსიურ გართობას ვიმსახურებთ. ცნობიერს ამაში ყველაზე მეტად სამეგობრო წრე ეხმარება, ამ ორივეს ერთად კი კულტურული გარემო, რომელშიც გავიზარდეთ.

გართობის ეთიკის მიხედვით, პარასკევი საღამო ნიშნავს ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებას, უკეთეს შემთხვევაში, პირველივე ხელმისაწვდომი ნარკოტიკის მოხმარებას, მწუხრის ჟამს ბარიდან ბარში, კლუბიდან კლუბში მანევრირებას, ხოლო ამ ყველაფრის საგვირგვინო ფაზა სექსუალური აქტია. ამ მოცემულობაში, ჩვენი ყოველკვირეული აქტივობები კომპიუტერული თამაშის სცენარივით ვითარდება, პირველი საფეხური – მეგობრებთან შეხვედრა, შემდეგ თრობა, ამ მდგომარეობაში, მაქსიმალურად მეტ ლოკაციაზე მანევრირება, გზადაგზა სოციალიზაცია, რომელიც მხოლოდ ავტომატური ინტერაქციებით შემოიფარგლება და ბოლოს, საფინალო ტურში, ბოსთან შეხვედრა, ანუ ინტერკორსი.

თუმცა ხშირად ბოლო პუნქტის განხორციელება ვერ ხერხდება, მეორე დღის ნაბახუსევზე თვითშეფასებაც ფსკერზეა დაშვებული და გათხრით სამუშოებს ატარებს, რომ უფრო ქვევით ჩავიდეს. მაგრამ მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, მეორე დღის მტკივნეული შეგრძნებების, და იმ გამოცდილების მიღებისა, რომ საკუთარი წარმოდგენები იდეალურ გართობაზე უმეტეს წილად არ ემთხვევა რეალობას, ჩვენ მაინც ყოველკვირეულად ვიმეორებთ იგივეს.

კანადური ბენდი Arcade Fire სიმღერაში Signs of Life სწორედ ამ სენტიმენტზე რეფლექსირებს და ახალგაზრდული გართობის სუბსტანციას, უსიცოცხლო ინტერაქციებს აღწერს. ბენდის ლირიკებში ვისმენთ რეპლიკას, რომ ღამის გართობაში არავინ ეძებს ემოციურ კავშირებს და კომპლექსურ ურთიერთობებს, მთავარი მიზანი ლიბიდური ენერგიის დაშრეტაზე დაიყვანება. ბენდი სიცოცხლის ნიშნებს ეძებს, ემოციურ პულსირებას, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა მაინც აგრძლებს ძიებას.

დღეისათვის გართობის პრაქტიკები იმდენადაა პრესტიჟის ნიშნებთან დაკაშირებული, რომ კითხვაზე,უიქენდზე რა ქენი? თუ საკვანძო სიტყვებად არ ურევია ”ბევრი სმა”, ”ემდიემეი”, ”ბერლინელი დიჯეი” და ანალოგიური ვნებების აღმბეჭდი ფრაზეოლოგია, ე.ი. მოსაწყენი გართობის სცენარი აგირჩევია. მაგალითად, გამართული კომუნიკაცია და ემოციური კავშირის აღმოჩენა არასოდესაა მოთხოვნადი უიქენდის გეგმებში. ამაში, ალბათ ყველაზე დიდი როლი იმ მუსიკას აქვს, რომელსაც ვუსმენთ, იმ ლიტერატურას, რომელსაც ვკითხულობთ, იმ ფილმებს, რომლებსაც ვუყურებთ. გავიხსენოთ რამხელა რომანტიკა მოდის ფილმ Trainspotting-ის სცენაში, როდესაც ღამის კლუბში ეულად მდგარ რენტონს უცებ დაიანი შეუყვარდება. ან თუნდაც როგორ აღწერს ფიცჯერალდი გეთსბის წვეულებებს – შამპანურის შადრევნები. ლონგ აილენდზეხომ ყოველი საღამო შამპანურის შუშხუნის ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენთვის გართობის შინაარსში ადგილი არ რჩება გამართული კომუნიკაციებისა და ცოცხალი ინტერაქციებისთვის.რასაკვირველია არაფხიზელ მდგომარეობაში ურთიერთობები ცალკე რომანტიკაა, მაგრამ უპრიანი იქნება გართობის ეტიმოლოგიაში დავამატოთ ისეთი ცნებებიც, რომლებიც არაახალგაზრდული და მოსაწყენი რეპუტაციით სარგებლობს.

მაგრამ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეურად ჟღერს კარგად და პრაქტიკაში მისი გადმოტანა ძალიან დიდი თავისტკივილი იქნება, კვლავ გავაგრძელებთ მთელი სამუშაო კვირა იდეალური გართობის მოლოდინში ილუზიების შექმნას. ოფისში მექანიკურ აქტივობებზე გადასულები, როგორც კინგ ვიდორის საქმოსნებიფილმში „ბრბო“, წარმოვიდგენთ როგორ ვტოვებთ სამსახურს თავისუფლების დევნაში და როგორ ვუნაზღაურებთ საკუთარ თავსუინტერესოდ გატარებულ საათებს.თუმცა ალბათ მთავარი აქცენტი იმაზეა დასასმელი, რომ უინტერესო საათები, რომლის კომპენსირებაც უიქენდზე თავაშვებული ღრეობით გვსურს, გარდავქმნათ იმ კუთხით, რომ მათგან დროებითი დაღწევა, გაქცევა და გამოთიშვა არ მოგვინდეს, რადგან სხვა მხრივ, მხოლოდ სიზიფეობრივ აქტივობაში თვითნებური ჩაბმა იქნება ყოველდღიური მდგომარეობა.