მნიშვნელოვანი ფაქტორია რეინოლდსის კულინარული მადა, რომელიც პირდაპირაა მიბმული მის ვნებასთან, სექსუალურ დრაივთან, მღელვარებასთან და ა.შ. ისევ ფროიდს რომ მივუბრუნდეთ, ბავშვები, რომლის მშობლებიც ყურადღებით არ მოეკიდებიან მათ აღზრდას, სამომავლოდ გაიჩენენ ნევროზებს, რაც გამომჟღავნდება საკვებზე უარის თქმით სიამოვნების მიღებაში ან საჭმლის დამამშვიდებლად გამოყენებაში. როდესაც ვუდკოკი სტანდარტულ მდგომარეობაშია, ანუ არ აქვს განსაკუთრებული მიზეზი კმაყოფილებისთვის, მარხვას იწყობს და გემრიელ საკვებზე უარს ამბობს და პირიქით, როდესაც რაიმე აღმაფრენას აგრძნობინებს, ცხოველური მადა უჩნდება და პროფესიონალი ბოდიბილდერის განტვირთვის დღის რაციონით იკვებება. პირველად ამას მაშინ ვაკვირდებით, როდესაც ალმას დანახვისას გაუჩნდება დაუოკებელი შიმშილი, თუმცა მანამდე ვნახეთ, რომ ყოფილ პარტნიორთან საუზმობისას კრუასანზე უარი თქვა, მძიმედ მოსანელებელ საკვებს არ ვჭამო.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვუდკოკს მადა ეხსნება, მასში ძლიერი ვნება იღვიძებს, პირველად ეს ხდება ალმას დანახვისას, მეორედ როდესაც ბელგიის პრინცესა სტუმრობს და მესამედ ფილმის ბოლოს, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ალმა მუდამ აღფრთოვანებით, მზრუნველობით და სიყვარულით სავსე მზერით უყურებს რეინოლდსს, თუმცა საპირისპიროს გამომხატველ მზერას იშვიათად ღებულობს. შესაბამისად, ის იწყებს ბრძოლას რომ მოიპოვოს დამსახურებული ავტორიტეტი, გავლენა და ღიად გამოხატულიგრძნობები. სახლში, სადაც რეინოლდსი და სირილი ცხოვრობენ, მყარი ეკოსისტემაა შექმნილი, რომელიც მხოლოდ მათზეა მორგებული, ალმა კი მდგმურის ფუნქციას ასრულებს, რომელიც უნდა დამორჩილდეს წესრიგს. თუმცა თანაცხოვრებისთვის აუცილებელია გარდაქმნა და ცვლილებები, კონფლიქტის შედეგად კომპრომისი და პარტნიორში იმის დანხვა, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მიზანი და არასოდეს საშუალება. სცენას, როდესაც ხანგრძლივი და სტრესული მუშაობის შემდეგ ვუდკოკი მანქანაში შეუძლოდ გრძნობს თავს და ალმას შეთავაზებას – საჭესთან მე დავჯდებიო – თახნმდება, ანდერსონი მეტაფორულ ხასიათს აძლევს და პირველად ალმას მიერ კონტროლის სადავეების ხელში აღებას, რეინოლდსის მიერ მისთვის მანქანის საჭის დათმობას უსადაგებს. ზედაპირულად აქ ხდება მგზავრის და მძღოლის როლების გაცვლა, თუმცა ქვეცნობიერად დომინანტის ფუნქციის გადაბარება. ავადმყოფობის დროს ვუდკოკი ხდება გახსნილი, მგრძნობიარე, სენტიმენტალური და მოწყვლადი, აღიარებს, რომ ალმას მზრუნველობის გარეშე ვერ ძლებს და მისი საჭიროების მნიშვნელობას იაზრებს. მაგრამ როდესაც მოღონიერებულზე ისევ სტანდარტულ პოზას უბრუნდება, ალმა ხვდება, რომ საჭიროა ასეთი მომენტები თავად შექმნას და როდესაც ჩაიში მომწავლელი სოკოს კანს ჩაუყრის, ამას მათი ურთიერთობის გადარჩენის მიზნით გააკეთებს.

ვუდკოკის „ივან ილიჩის გამოღვიძება“ დროებითი გამოდგება,რადგანიმის გარდა, რომ ალმას ცოლად მოყვანით მასთან ურთიერთობას სოციალური კონტრაქტით გააფორმებს, სხვა ცვლილება არ მოხდება. მისთვის ცხოვრების მთავარ დრაივად ისევ საქმე დარჩება, ხოლო უმაღლეს ავტორიტეტად და. ამის გააზრებისას განსაკუთრებით სასაცილო ხდება ანდერსონის მიერ კონსტრუირებული ის კადრები, როდესაც სირილთან სალაპარაკოდ ალმა, და ვუდკოკი მიდიან და კომუნიკაცია ისეთი რაკურსებითაა გადაღებული, თითქოს დირექტორთან შესული მოსწავლის ინტერაქციას ასახავს. სირილი მაგიდაზე მონუმენტურად წამომართული მოჩანს, ალმას და რეინოლდსს კი დაპატარავებულებს გვიჩვენებენ მაგიდის დაბალი ტრაექტორიიდან. და სხვათაშორის მხიარულების მხრივ, საკმაოდ ბევრია სასაცილო ეპიზოდი, რომელიც ნაწარმოებია არა იუმორისტული შინაარსით, არამედ უხერხულობებით, რომელსაც იწვევს გათამაშებული მოქმედებები, სივრცეების წარმოჩენით, რომელსაც რეჟისორი ოსტატურად იყენებს (დასაწყისში ალმასა და რეინოლდსს შორის ყოველთვის ცარიელი სივრცეა, სირილი და ვუდკოკი კი ძირითადად მჭიდროდ დაახლოებულები სხედან, მოგვიანებით საპირისპირო ხდება) და მუსიკით, რაც აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჯონი გრინვუდის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია,რომელიც იდეალურ სინქრონში ებმის გამოსახულებას და შიგნით არსებულ დიქოტომიებს.

რადგან სტატუს კვო არ იცვლება და ალმა ხედავს, რომ ფარულად მოწამვლის შედეგად მიღწეული იდილია ისევ ძველ რუტინაში ბრუნდება, რეინოლდსი არ თმობს თავის კაპრიზებს, არ მიდის კომპრომისზე, არ ცდილობს გამოვიდეს ანალური ფაზიდან და პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღოს, ერთადერთი გამოსვალი რჩება, რომ თავის გრძნობის სიმძაფრე პირდაპირ აჩვენოს, სიყვარულის ფატალური ბუნება გარკვევით დაანახოს და მიცეს არჩევანის საშუალება – წავა ყველა იმ რისკზე, რასაც სასიყვარულო ურთიერთობები მოითხოვს თუ არა. ამიტომ, როდესაც მომწამვლელი სოკოთი ომლეტს დაუმზადებს, არ დაფარავს ამ ფაქტს. რეინოლდსი ამპარტავნულად იღებს გამოწვევას და ელოდება, რომ ბოლო წუთს ალმა უკან დაიხევს და დაუშლის ლუკმის გადაყლაპვას. თუმცა რეინოლდსი პირველად აწყდება იმაზე დიად ვნებას, რომელსაც რაციონალურად ვერ ამოხსნი. როდესაც გიყვარს, სიყვარულზე ფიქრისას და მასზე მსჯელობისას აუცილებელი ხდება უმაღლესი და იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ცნებებიდან გამოდიოდე, ვიდრე ეს ბანალური„ბედნიერება“ და „უბედურებაა“. იმისთვის, რომ სიყვარული გადარჩეს, საჭიროა მისი განადგურებისთვის იყო მზად, სასიკვდილო რისკის გაღებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მექანიკური ინტერაქციების ველში გადადიხარ, სადაც უეცარ შემთხვევებზე ხდები დამოკიდებული, რომ ისევ მიიღო გრძნობის მთელი მღელვარება და სიძლიერე. თუ სიცოცხლის საბოლოო დანიშნულება სიკვდილია, მისი მთავარი ინსტინქტების, სიყვარულის და „თანამშრომლობის“ ირგვლივ აუცილებელია ფატალური საფრთხეების შეგრძნება, რომ მათი საჭიროება არ დაგვავიწყდეს და არ მივიღოთ როგორც უპირობო, კუთვნილი და დამსახურებული, რაც გამოიწვევს გრძნობის დაჩლუნგებას და პიროვნების გარყვნას, რადგან როდესაც ჩნდება განცდა, რომ მიზანი მიღწეულია, სურვილი დაკმაყოფილებული და ობიექტი დაპყრობილი, მისი შენარჩუნების, გაძლიერების და გაუმჯობესების იმპულსი ქრება.

 

 

 

 

1 2 3