ეს კაპიშონიანი კაცი, ფილმის ავტორი და რეჟისორი, სთრით არტის ხორცშესხმული ღვთაება, თავად ბანკსია. ხოლო ტიპი, ვიზეც ლაპარაკობს, მისი მეგობარი ლოსანჯელესელი ფრანგი კეთილი ავანტიურისტი ტერი გეტა, რომელიც მოგვიანებით მისტერ ბრეინვაშის სახელით გაიცნო არტის სამყარომ.
რომ შეგახსენოთ, ბანკსი, სწორედ ის არტისტია, რომლის მილიონ ორასი ათას დოლარად გაყიდული ნამუშევარი ,,გოგონა წითელი ბუშტით“ 2018 წლის ოქტომბერში სოტბის აუქციონზე, ჩაქუჩის დარტყმისთანავე ჩარჩოში ჩამონტაჟებული მექანიზმის საშუალებით ავტომატურად განადგურდა. ეს ვიდეო ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს. თუმცა ამ ღია დამცინავ პროვოკაციას სულაც არ გაუნაწყენებია კოლექციონერები, პირიქით – სულ ახლახანს, გასულ ოქტომბერში, ამავე აუქციონზე, მისი ახალი ნამუშევარი, „შიმპანზეეების პარლამენტი“, რომელშიც ბრიტანელი პარლამენტარები შიმპანზეებით არის ჩანაცვლებული, 11 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბენქსის პროვოკაციები არ გახლავთ გამდიდრებული არტისტის კაპრიზები. ეპატაჟი ბენქსის შემოქმედების აბსოლუტურად ორგანული ნაწილი იყო ყოველთვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენი სთრიტ არტისტების. მხოლოდ ეპატაჟში არ ვგულისხმობ არანორმატიული ლექსიკით პოლიტკორექტულობას, რომელსაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ ბოლო დროს ქართველი არტისტებისგან და მწერლებისგან. ნამდვილი ეპატაჟი არა მარტო პოლიტკორექტულობასთან, კანონთანაც მოდის კონფლიქტში.

მაგალითად 2004 წელს მან მილიონზე მეტი ყალბი ათფუნტიანი დაბეჭდა, რომელზეც დედოფლის პორტრეტის ნაცვლად ლედი დიანას პორტრეტი განათავსა, „ბენქ ოფ ინგლანდ“ – „ბენქს ოფ ინგლანდ-ით” ჩაანაცვლა და ნოთჰინგ ჰილის კარნავალის დროს მაღალი შენობიდან
გადმოყარა. ყალბი ფულის დაბეჭვდაზე ბრიტანეთში სასჯელი ათი წელია. 2005 ში თავის ექსპოზიციაზე კლოდ მონესა და ვან გოგის რეპროდუქციები გამოფინა და ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად ორასი ვირთხა გაათავისუფლა. ან კიდევ 2006 წელს, 11 სექტემბრის მემორიალურ დღეებში, ფლორიდის დისნეი ლენდში ნატურალური ზომის გასაბერი თოჯინა გამოფინა, რომელსაც გუანტანამოს ტუსაღის ყვითელი ფორმა ეცვა და თავზე შავი ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
2015 წელს მან გახსნა დისნეი ლენდის შავი პაროდია, ფაქტობრივად საკუთარი გიგანტური ექსპოზიცია – ატრაქციონების პარკი დისმაილ ლენდი.
ფილმში „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან “ ( Exit Through the Gift Shop) ბანკსისა და სხვა არტისტების ბევრ მსგავს პერფომანსს იხილავთ. ისინი ყველა, ვიდეო კამერის ნამდვილი ობსესიით შეპყრობილი, დიგა ვერტოვს თუ დავესესხებით ნამდვილი „ადამიანი კამერის“ ტიერი გეტას გადაღებულია. თუმცა დიგასგან განსხვავებით ტიერიმ ნორმალურად გადაღება ვერასდროს ისწავლა.
1974 წლიდან, მას შემდეგ, რაც პირველი ვიდეოკამერა ჩაუვარდა ხელში, იღებდა აბსოლუტურად ყველაფერს, განსაკუთრებით რაც ურბანულ არტს შეეხებოდა. მას გადაღებული აქვს სრულიად უნიკალური კადრები არტისტების პირველი ნაბიჯების, რომლებიც მოგვიანებით სტრიტ არტის კერპები გახდნენ. ზევსი, შაპარდ ფერლი, ანდრე, ინვადერი, რა თქმა უნდა თავად ბანკსი.
სწორედ ტიერი გეტას წყალობით შემორჩა ისტორიას ქუჩის არტისტების მიერ შესრულებული უამრავი არალეგალური, კანონსაწინააღმდეგო პერფომანსი. მათ შორის ამერიკაში ბანკსის პირველი საოცარი გამოფენა სახელად „არც ისე ლეგალური“, ლოსანჯელესის გარეუბნის რომელიღაც უსახო სივრცეში და რომელსაც მთელი ჰოლივუდის თანავარსკვლავედი დაესწრო. ტიერის არასდროს უნახავს თავისივე გადაღებული მასალა. სანამ ერთხელ ბანკსიმ არ შესთავაზა გაეკეთებინა ფილმი სთრიტ არტის ისტორიაზე.
ტიერი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს. რამდენიმე თვეში 90 წუთიანი ფილმი – life remote control ჩაუტანა თავის იდოლს ლონდონში. ფილმის ყურებისას – ამბობს ბანკსი – მივხვდი, რომ ტიერი კინემატოგრაფისტი არ არის, უბრალოდ გარეკილი ტიპია.
ამის შემდეგ, რომ არ გაენაწყენებინა, ურჩია თავად შეექმნა რაიმე ნამუშევრები, ეყიდა ერთი ორი ბოთლი ღვინო და პატარა გამოფენა გაეკეთებინა ლოს ანჯელესში. ტიერიმ ბანკსის რჩევა ლამის ღვთიურ ნიშნად მიიღო, დაირქვა მისტერ ბრეინვოში ( ქართულად ტვინის გამორეცხვა) და გააკეთა ალბათ ყველაზე დიდი გამოფენა სტრიტ არტის ისტორიაში. ბანკსისა და სხვა ცნობილი არტისტების რეკომენდაციების წყალობით ეს გამოფენა ნამდვილ მოვლენად იქცა. ტიერიმ, რომელიც კიდევ უფრო ცუდი არტისტი იყო ვიდრე კინემატოგრაფისტი, პირველივე კვირაში მილიონ დოლარზე მეტის ნამუშევრები გაყიდა. მისტერ ბრეინვოშ, ანუ ტიერი გეტა დღესაც ჩამოყალიბების პროცესშია და არკვევს რა არის მისი ნამდვილი მოწოდება.
საბოლოოდ ტიერი გეტას არქივების გამოყენებით ბანკსიმ, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, თავად გააკეთა სწორედ ის დოკუმენტური ფილმი, რომელსაც დღეს ნახავთ. ეს არის ნამდვილი ანდერგრაუნდის, სუბკულტურის ისტორია რომელიც არ შეიძლება იყოს ძალიან ლეგალური და კანონთან თავსებადი, როგორც ეს ხელისუფლების უყურადღებობით განაწყენებულ ზოგიერთ არტისტს წარმოუდგენია. რადგან მათი აზრით ანდერგრაუნდი მაინც რაღაც ელიტარული
სოციალური სტატუსია და არა ცხოვრების არაკომფორტული და ხანდახან სახიფათო წესი. რისკი, მსხვერპლის გაღება, თამაში კანონთან და სასჯელთან. ეს არის ფილმი ურბანულ არტზე. მეტიც,ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაზე, რომელსაც ლიმიტები, წესები არ გააჩნია.
თავად ბანკსის იდენტობა დღემდე ბურუსით არის მოცული. არავინ იცის დაზუსტებით ვინ არის ის.
ერთერთ ინტერვიუში ბანკსი ამბობს : არ შეიზლება აკეთებდე გრაფიტს და ამავდროულად იყო საჯარო პირი.
“მე გადავწყვიტე დამემალა ჩემი იდენტობა. რადგან ხშირად, როდესაც იცნობ არტისტს, ფიქრობმ რომ იცნობ მის ხელოვნებას, მე ვარჩიე ჩემი ხელოვნებისთვის მისტიკურობა შემენარჩუნებინა. “

 

1 2 3