(ციკლიდან – „სრული დოსიე“)

ნებისმიერ სუბკულტურას, რომელსაც მართლაც რაიმე საერთო შეხების წერტილები გააჩნია კულტურასთან და რაღაც ღირებულს ქმნის, ადრე თუ გვიან, გარკვეული საბაზრო ფასი ედება და მეინსტრიმი ხდება. დანარჩენები, ასეთი ქვეკულტურების მაჟორიტარული უმრავლესობა უკვალოდ ქრება. მეინსტრიმი სუბკულტურის, თუ გნებავთ ალტერნატივის ბოლო საფეხური, ლამაზი, ბრჭყვიალა აგონიაა. ასე იყო ბიტნიკების, ჰიპების, პანკების შემთხვევაში. ასეთია ბოლო, პანკის შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი და მეამბოხე მოვლენის სთრით არტის ან სხვანაირად, ურბანული არტის შემთხვევაც, რომელიც ჩვენთან, საქართველოში, ტრადიციულად, უკვე ანდერგრაუნდიდან კარგახნის ამოსული, კრიტიკოსების, მდიდარი კოლექციონერებისა და კულტურის ადმინისტრაციული უწყებების მიერ კარგად დავარცხნილი და გაპრიალებული სახით შემოვიდა რამდენიმე წლის წინ, როგორც ელიტარული არტტენდენცია. ამაში გასაკვირი არაფერია. ნებისმიერი სუბკულტურა სადღაც იბადება და თუ განვითარება და ტენდენციად ქცევა მოახერხა, ყველგან ვრცელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვდება.
ურბანული არტი სამოციანი წლების ბოლოს ნიუ იორკში დაიბადა. განვითარდა და თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო – პარიზს, ლონდონს, პეკინს, ბათუმს, თბილისს. ეს შემოქმედების ძველი და მარადიული ლოგიკაა.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ვიცოდეთ და ვარჩევდეთ ერთმანეთისგან არტს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ დეკორატიულ მხატვრობას – სარესტავრაციო, უშნო კედლების იაფად შესალამაზებლად, რაშიც ასევე ცუდი არაფერია, პირიქით, ძალიან კარგია! მხოლოდ ამას ურბანულ არტთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც ევროვიზიაზე შესრულებულ ეგრეთწოდებულ პანკ-როკ კომპოზიციას სექს პოსტოლსთან… რა თქმა უნდა ბენდის 70 წლები მაქვს მხედველობაში, სანამ ჯონი როტენი გასუქდებოდა და მოსკოვში გასტროლებზე დაიწყებდა სიარულს.
ჩვენთან ტრადიციულად, თითქმის კომატოზურ მდგომარებაში მყოფი მომაკვდავი სუბ კულტურები შემოდიოდა ყოველთვის და ფენიქსივით მეინსტრიმად ცოცხლდებოდა. ის რასაც ჩვენში ხშირად ურბანულ არტს ეძახიან, მხოლოდ ოფიციოზის მიერ დაფინანსებული ურბანული დეკორაციაა და არა სთრით არტი. ისევე, როგორც სახელმწიფო უწყებების მიერ დაფინანსებული ერთგვარი მეინსტრიმული “ანდერგრაუნდ “ღონისძიებები, კონცერტები, თავისი მოჰიპო, მოპანკო თუ მორეპო უცნაური ელემენტებით. განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკა, რომელსაც ლამის იგივე მნიშვნელობა დაედო რაც საბჭოთა ნომენკლატურისათვის ჩაიკოვსკის გედების ტბას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ჩემი გულწრფელი პატივისცემისა და სიმპათიისა ავტორების მიმართ, ყველაფერი რაც ქუჩაში კედლებზე ხატია, არტი არ არის. მით უმეტეს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნახატი მხოლოდ ერთ-ერთი ვიზუალური ფორმაა იმ მრავალთაგანიდან, რასაც სთრით არტის ფენომენი მოიცავს.

სთრით ან არტი არის თანამედროვე, ან როგორც ეძახიან ქონტემპორერ არტის მიმდინარეობა, რომელიც მოიცავს ვიზუალური ხელოვნების აბსოლუტურად ყველა ფორმას – გრაფიტს, ნახატს, ტრაფარეტს, სკულპტურას, პერფორმანსს, რეკლამას, მოზაიკას, სტიკერს. მხოლოდ ერთი პირობით – ის შესრულებული უნდა იყოს ქუჩაში. ურბანული არტი პრინციპულად ეფემერული არტია – ის განადგურებას ექვემდებარება და არ აქვს პრეტენზია მარადიულობაზე. მეტიც, ეს ერთგვარი დაჭირობანას თამაშია მუნიციპალურ სტრუქტურებთან.

მის გავრცელებას და პოპულარობას ემალის საღებავის აეროზოლის ბალონების კომერციალიზაციამ შეუწყო ხელი, რომლის ძირითადი დანიშნულება ავტომობილების შეღებვა გახლდათ. სამოციანების ბოლოს ნიუ იორკში გრაფიტის ბუმი დაიწყო და ატლანტიკის ორივე მხარეს სწრაფად გავრცელდა. სთრით არტმა მუზეუმებიდან და ცნობილი გალერეებიდან ხელოვნება ქუჩაში მნახველთან გამოიტანა. ეს მისი უმთავრესი იდეაა – ხელოვნება რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და ამისათვის თავად უნდა მივიდეს მათთან.
დოკუმენტირი ფილმი “გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან”, უბრალოდ და მოკლედ რომ ვთქვა ერთ – ერთი ყველაზე ექსტრავაგანტურია რაც ბოლო წლებში მინახავს. განსაკუთრებით დასაწყისი, სადაც მისი კაპიშონში სახეჩამალული ავტორი, კითხვაზე, თუ რის შესახებ არის ფილმი, მხრებს იჩეჩავს და ციფრულად შეცვლილი ხმით პასუხობს, რომ ერთ უცნაურ ტიპს მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება სურდა, მაგრამ გადაღების პროცესში თავად ის ტიპი, ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ საბოლოდ ფილმი იდეის ავტორის შესახებ გამოვიდა.

 

1 2 3