მეორე ფავორიტი ეფლის რეკლამას, იაზროვნე განსხვავებულად ქვია. ვიდეოში გვიჩვენებენ მნიშვნელოვანი კულტურული ფიგურებისკოლაჟს, ჰიჩკოკი, მარტინ ლუთერ კინგი და ბოლოსკენ, განდი. კორპორაცია, რომლის ქარხანაშიც, ჩინეთში, ისეთი სამუშო პირობებია, რომ მშრომელები თავს იკლავენ, განდის იმიჯით ცდილობს საკუთარი გაყიდვების გაზრდას. იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა რომ სამყაროში დაინახო. განდის ეს ცნობილი ფრაზა ამშვენებს ეფლის კამპანიას. ძალიან ეჭვი მეპარება განდისთვის სასურველი ცვლილება თხელი სმარტფონები ყოფილიყო, რომელიც სამ საათში ერთხელ საჭიროებს დატენვას. არადა განდი ტექნოლოგიების და მოდერნულობის დიდი მოწინააღმდეგე იყო და თავისუფლებისთვის იბრძოდა იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუმცა დღეს უკვე თავისუფლების გაგება ყველა ლიბერალურმა პლატფორმამ ისე დაამახინჯა, შეიძლება ვინმეს მართლა ეგონოს, რომ განდის ბრძოლა თავისუფლებისთვის იმასაც გულისხმობდა, რომ საერთაშორისო დიდ ბიზნესებს ძალაუფლების გაზრდის მეთოდიკაში მისი ფიგურა და დამახინჯებული იდეოლოგია გამოეყენებინა.
რამდენიმე წლის წინ მერსედესმა უფრო მაღლა აწია ფარისევლობის თამასა და ახალი მოდელების პრეზენტაციაზე ჩეგევარა გამოიყენა ბრენდირებისათვის. ზუსტად ის ჩეგევარა, რომელმაც კაპიტალიზმის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლაში გაატარა მთელი ცხოვრება და სიკვდილის წინაც ამ იდეის ერთგული დარჩა. სარეკლამო პრეზენტაციის ბანერში ჩეგევარას ბერეტზე გამოსახული ვარსკვლავიც კი მერსედესის ლოგოთი ჩაანაცვლეს. და ეს ყველაფერი ხდება სწორად კალკულირებული გეგმით, დიდი ბიზნესები ქმნიან კონტრ კულტურას, ყალბ ისტორიას, კვაზიიდეალისტურ სარეკლამო კამპანიებს, იყენებენ თანასწორობისთვის მებრძოლ ფიგურებს და მათ ფილოსოფიას, უტრირებენ, აუფასურებენ მათ და შედეგად, აცლიან მათ ლეგიტიმაციას. დღეს უკვე ჩეგევარას გამოსახულებიანი პროდუქცია გოიმობად გვაქვს გონებაში რეგისტრირებული, იმდენად მოხდა მისი ფილოსოფიის დამახინჯება და გამოშიგვნა.

ასეთია ყოველთვის აგრესიული მარკეტინგის ეთიკა, იდეების კომერციალიზაცია, მორალური ფასეულობების ვალუტაზე გადაცვლა. ჩვენთანაც, როგორც ყველგან, ამ გზას მიმართავენ, ბანკები იქნება ეს თუ სხვა დიდითუ არც ისედიდი ბიზნესები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გვტენიან როგორც აუცილებლობას, თვითგანვითარების, სოციალური სტატუსის ასამაღლებელ ნიშნებად. იმად,რომ ბანკის ვიაიპი მომსახურება უკეთეს, უფრო ძლიერ და სატრფიალო ადამიანად გაქცევს, რომ კონკრეტული ბრენდის სმარტფონი უნიკალურ თვისებებს შეგმატებს, თავისუფალს გაგხდის და მასიდან გამოგარჩევს და რომ ნასკების ჩაცმით სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლად და შეუპოვარ პატრიოტად დაარეგისტრირებ თავს.
ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სერიალში „შეშლილები“, სადაც მოქმედება 60-ანი წლების ამერიკის სარეკლამო ბიზნესის კულისებში ვითარდება, ყოველ ჯერზე, როდესაც პერსონაჟები წარმატებულ სარეკლამო სლოგანს, ბანერს თუ ვიდეოს მოიფიქრებენ, ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ მოხმარებელში ცდილობენ გააჩინონ ილუზია, რომ ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი ადამიანურ ურთიერთობებს ჩაანაცვლებს, სხვების თვალში უფრო საინტერესოს და მოსაწონს გაგხდის, რომ ნოსტალგიურ შეგრძნებებს დაგიბრუნებს, ბედნიერებას გაჩუქებს და ერთი სიტყვით, ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებს. თუმცა ყოველი სერიის ბოლოს, ამ მარკეტინგის კოლოსების ცხოვრებაზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი რეალობის ფალსიფიკაცია და თვითგაუმჯობესების სიმულაციაა. ერთადერთი სიმართლე კი ისაა, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ასეთი აგრესიული მარკეტინგით გვაწვდიან, საერთოდ არაფერში არ გვჭირდება.

1 2