ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო სარეკლამო ბიზნესზე და იმაზე თუ როგორ ეწევიან დიდი ბრენდები მნიშვნელოვანი იდეების პროფანაციას. გასულ წელს მსგავსი შემთხვევა ნაიკის მეთაურობით მოევლინა სამყაროს. ვიდეოში (აბზაცის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ რელკამა) მონაწილეობს კოლინ კაპერნიკი, ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე, რომელმაც ერთ-ერთი თამაშის წინ, ამერიკის ჰიმნის დროს, ფეხზე დგომის ნაცვლად, ჩაიმუხლა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ქვეყანაში რასული უსამართლობის გასაპროტესტებლად. ეს ნამდვილად კეთილშობილური აქტია. თუმცა ნაიკი კაპერნიკის იმიჯს და პერსონას, იყენებს პროდუქციის მარკეტინგისთვის და სარეკლამო რგოლში გვთავაზობს სლოგანს: ირწმუნე რაიმე, თუნდაც ეს ნიშნავდეს ყველაფრის დაკარგვას. ამის მაგალითად კი გვევლინება კაპერნიკი, რომელიც იდეაში განასახიერებს ადამიანს, რომელსაც გააჩნდა მართალი იდეა და მის გასატანად ყველაფრის დაკარგვაზე წავიდა. ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოსაყოფი, კაპერნიკმა პროტესტი გამოხატა მაშინ, როდესაც პრივილეგირებულ პოზიციაში იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც თუნდაც გუნდიდან გაგდების შემთხვევაში, მის კეთილდღეობას არაფერი დააკლდებოდა. იგივე ქმედებისკენ მოწოდება, როგორც რეკლამაში ხდება, შშმ პირებისათვის, ლტოლვილებისთვის თუ სხვა უმცირესობების წარმოამდგენლებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, მავნებლური პრაქტიკაა. ყველაფრის დაკარგვისთვის მზაობა ვერ ექნება ადამიანს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და არაფერის მოპოვების საშუალება არ ქონია.

მსგავსი დაბალი სენსიტივობა საკუთარ მოძღვრებასთან ხშირად გვხვდება ხოლმე მეგა თუ არც ისე მეგა კორპორაციების მარკეტინგულ სტრატეგიებში. ნაიკამდე ერთი წლით ადრე პეპსიმ გადაიღო ვიდეო, სადაც საპროტესტო აქციაზე კენდალ ჯენერი პოლიციელს პეპსის ქილას აწვდის და ამით სიტუაციის ესკლაციის საფრთხეს ანეიტრალებს. იცხოვრე ხმაურიანად, გვეუბნება პეპსი. სოციალური პროტესტი, წარმოებს იმისთვის, რომ მავნებლური მოცემულობები შეცვალოს, სოციალურ ცვლილებებს უმცირესობა და დაბალი კლასი იმისთვის ნამდვილად არ ითხოვს, რომ კორპორაციული ინტერესები გაატაროს, პირიქით, ძირითადად ასეთი მუხტი საზოგადოებაში იმიტომ ჩნდება, რომ თანასწორობა მოითხოვოს, მათ შორის ეკონომიკური, რომლის მოპოვების გზაზეც კედლად სწორედ პეპსის მსგავსი მსხვილი კორპორაციებია აღმართული.

ნაიკს რომ დავუბრუნდეთ, რომელიც ინდონეზიაში ბავშვების არაკანონიერი შრომით და შრომის მონური პირობებით ქმნის თავის პროდუქციას, რამდენად ვულგარული და შეურაცხმყოფელია, როდესაც საკუთარ პროდუქტს გასაღებს ინსპირაციული ტექსტის მქონე ვიდეორგოლით, სადაც სტატუს კვოსთან დაპირისპირებისკენ მოგიწოდებს. გეუბნება, რომ იდეალისტი უნდა იყო და ყველაფრის გაწირვისთვის მზაობა უნდა გქონდეს, ოღონდ ამას როცა აკეთებ, ნაიკის ბოტასები თუ გეცმევა, უფრო მეტი შანსია წარმატებას მიაღწიო. თუმცა ჩემი საყვარელი სარეკლამო კამპანია ეფლს ეკუთვნის. ორი რეკლამა მიყვარს განსაკუთრებით. ერთი რიდლი სკოტის გადღბულია, ორუელიანურ სამყაროში, ერთ დიდ სივრცეში იდენტური ჰაბიტუსის და ჩაცმულობის ადამიანები სხედან, მათ წინ გიგანტური ეკრანია და დიდი ძმა ეწევა მათ დეჰუმანიზაციას. შემორბის გოგონა ფერად ტანსაცმელში, ესვრის უროს ეკრანს და ამთავრებს ოპრესიას, ადამიანებისთვის გონების გამორეცხვას და ტიტრები გვამცნობს, რომ ორუელიანური 1984 წელი აღარ დადგება, რადგან ეფლი მაკინტოშს უშვებს ბაზარზე.მარტივი პოპულიზმია, თუმცა ეფექტური, თუ გაყიდვებს დავაკვირდებით, სადაც ყოველწლიურად ახალი აიფონის შესაძენად გიგანტურ რიგში დგანან ადამიანები და პროდუქტთან შეუსაბამოდ ძვირ ფასს იხდიან მხოლოდ იმისთვის, რომ კონკრეტული ბრენდის ახალი ნაწარმი შეიძინონ.

 

 

1 2