არც იყო გასაკვირი, ვინაიდან ეს შინსახკომის ბიუროკრატიული აპარატის ჭანჭიკები ყოველთვის ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უბადრუკ უფლებებს, ოღონდ ეგ იყო, ზოგიერთი არა უბრალოდ უაზრო სიმკაცრეს, არამედ სისასტიკესაც ავლენდა. და აი, ერთი ასეთი ბიუროკრატიული პერსონა რჩეულიშვილების სახლსაც აკითხავდა. ერთხელაც მივიდა და ფანჯრიდანვე შენიშნეს, მისი მონგრეული ფიგურა როგორ აისვეტა ალაყაფის კართან. კარს მე გავაღებო, უთქვამს ხმადაბლა ოთარს და ადგილიდან დაძრულა. როგორც ჩანს, ინკასატორი უკვე ნიშანში ჰყავდა ამოღებული. შინაურებს მათი საუბარი არ გაუგიათ, ვინაიდან წინკარი ქვედა სართულზე გახლდათ. ცოტა ხნის შემდეგ კი ფანჯრიდან რომ გადაიხედეს, ფეხათრეული ინკასატორი შენიშნეს – გაოგნებულსა და გაბოროტებულს გატეხილი ცხვირიდან სისხლი მოსწვეთავდა. არ ვიცი, ამას რა მოჰყვა, ეს მონაყოლი კი შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ასეთი მოგონებები მრავლად იყო.
ძია ოთარს მოთმინება არ ღალატობდა, უბრალოდ, გუმანით გრძნობდა, რომ ყოველგვარ ზღვარსგადაცდენას სადღაც წერტილი უნდა დასმოდა… თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას მეორე უკიდურესობაც სჩვეოდა. იმ სავალალო წლებში, ომამდე და ომის მერეც თბილისშიც და ქალაქგარეთაც ათასნაირი ინფექცია მძვინვარებდა. ამიტომ ოთარს, როგორც ჯერ სრულიად ახალგაზრდა ექიმ-ინფექციონისტს, ზოგჯერ ქვეყნის მთელი ტერიტორიის გადაკვეთა უწევდა, ავადმყოფამდე რომ მიეღწია. დროდადრო ისეთ მიუვალ ადგილებში უხდებოდა მისვლა, რომ იქიდან უკან დაბრუნება არცთუ იოლი იყო. მიუვალ სოფელში თუ უბრალოდ, მივარდნილ სამოსახლოში, ჭანჭრობებსა და ღარტაფებში ვინმე საბრალო სულთმობრძავი წუთებს ითვლიდა და ჯერ კიდევ ეიმედებოდა საამქვეყნო არსებობა. ამიტომაც ოთარი იქ აუცილებლად უნდა მისულიყო. ბეწვზე ეკიდა ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა, ჯერ კიდევ არ იყო ჩანთქმული დავიწყების კლოაკაში. და ოთარიც მიდიოდა, მიისწრაფოდა იმ უცხო, უცნობი, იქნებ უდიერი და უმსგავსი, მაგრამ მაინც ბედსმინდობილი ადამიანის გადასარჩენად, მიდიოდა მატარებლით, საბარგო მანქანით, ცხენით, ფეხით, რათა მომაკვდავისთვის დროზე მიესწრო. ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი. ის იმათ მიმართაც ხისტი და პირშიმთქმელი იყო, ვინც მისგან შველას მოელოდა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო, არ შეეძლო უაზრო მაამებლობა, ეშმაკობა და სიტყვების უმისამართოდ ფანტვა. როცა ავადმყოფის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მწარე სიტყვა უფრო ჭრიდა. ამის მერე კი ოთარი ტოვებდა მიუვალ სანახებს, ლეშქაშებს, ჭანჭრობებს, ზოგჯერ უდაბნოს სიცოცხლედაშრეტილ ქვიშრობებს და გულსავსე მოდიოდა იმ რწმენით, რომ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გამოსტაცა სიკვდილს.
***
და მაინც თვალები, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ძია ოთარის, უკვე მოწიფული ჭაბუკის თვალები მაგონდება. სურათიც ხელთა მაქვს. ამ მზერაში ჯერ კიდევ არ არის ჩაბუდებული ეჭვი, უნდობლობა, სიმკაცრე, შეუვალობა. ეს მზერა გახსნილია და მიმღებია გარედან მომლოდინე დინებების. თვალებზე შინაგანი სამყაროს სიღრმიდან დაძრული სინათლეა გამოფენილი. ზუსტად არ ვიცი, ეს სურათი როდის არის გადაღებული, მანამდე, ვიდრე ოთარის უფროს ძმას, შალიკოს მოკლავდნენ, თუ მისი სიკვდილის შემდეგ.
შალიკო ბებიაჩემის და ძია ოთარის ძმა იყო, რომელიც ვერაგულად მოკლეს. “ვერაგულად მოკლული შალიკო რჩეულიშვილი“ – ასე ეწერა პატარა ობელისკივით აღმართულ საფლავის ქვას ვაკის სასაფლაოზე. ეს წარწერა ყოველთვის მაკვირვებდა, რადგან ბავშვობაში არ მესმოდა მნიშვნელობა სიტყვისა „ვერაგულად“ და, როცა მიხსნიდნენ, მაინც ვერ ვიგებდი, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არ გადავყროდი ნამდვილ ვერაგობას.
შალიკო მოკლეს. უბედურება მეხივით დაეცა ვანო რჩეულიშვილის ოჯახს. ისინი ვაზისუბნიდან უკვე თბილისში იყვნენ გადმოსულები. შალიკოს ამაყი თავდაჭერა, ძალა და ვაჟკაცობა თანდათან იპყრობდა თბილისის უბნებს. თბილისში ვაჟკაცობის თავისებური კულტი იყო დამკვიდრებული. ეს კულტი ქუჩაში ტრიალებდა და სხვადასხვა უბანში ვრცელდებოდა. ოციანი წლების მიწურულს შალვა რჩეულიშვილმა სახელი იმით გაითქვა, რომ ცნობილი მოჭიდავე, მეტსახელად „მოდიმნახე“, „ნახალოვკელი“ ფალავანი მისსავე უბანში , „ხუდადოვის საჭიდაოზე“ დაამარცხა.
საჭიდაო მოედანი უკვე ბნელი ქუჩა აღარ იყო, სადაც დანებითა და იარაღით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს “შავები“ და „ნასროკალები“. შალიკოს არც მათი რიდი ჰქონია, ყველას იმას მიაგებდა, ვინც რისი ღირსი იყო. ალბათ ამანაც განაპირობა მისი საბოლოო ტრაგიკული ხვედრი. მანამდე კი 1928 წლის ივნისში, როგორც გაზეთები იუწყებოდნენ, „საქართველოს რიგით პირველ ფალავნობაზე ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 20 წლის თბილისელი შალვა რჩეულიშვილი“. ეს შეჯიბრი, ევროპისა და რუსეთის მსგავსად, თბილისის ცირკის არენაზე გაიმართა.
ფოტოსურათზე ერთად არიან გადაღებულები – ბებიაჩემი ელენე, შალიკო, ნიკო (მუცლის ტიფმა იმსხვერპლა), ელიზბარი და ოთარი, შუაში კი მათი დედა, დიდედა კატო ზის. დიდედა კატოს წმინდანის სახე აქვს. კატო ჯორჯაძე მორწმუნე ქალია. მან კარგად იცის, რომ ცხოვრება ტანჯვაა და ტანჯვა აკეთილშობილებს ადამიანს. მის სახეს ეს ნიშანი ატყვია – ღრმა ტკივილის და ჭირთათმენის. მას ირგვლივ მცირეწლოვანი შვილები უსხედან, ჯერ არ დამდგარა განსაცდელის ჟამი, ჯერ არ დაუკარგავს შვილები, მაგრამ მისი სახე უკვე ამჟღავნებს ფარულ იარას.
უყურებ სურათს და ხედავ, ძია ოთარის სიჭაბუკისდროინდელ ფოტოზე აღბეჭდილი თვალები ალიკვალი კატოს თვალებია, შალიკოს თვალებიც კატოს თვალებია. სულიერადაც დედას დამსგავსებიან შვილები. ამ უტეხი ბუნების ვაჟკაცების მზერაში დედის მღელვარე სულია განფენილი, საიდანაც კაცთა უმსგავსობის გამო გაჩენილი წუხილიც გამოსჭვივის.
***
შალიკო მოკლეს, მოკლეს ოცდაერთი წლის ულამაზესი ჭაბუკი. კარი რომ გააღეს, ორი კაცი იდგა. ერთ-ერთი ის იყო – მკვლელი – ოსი ბიწო. თებერვალში რომ იცის, ისე ციოდა. ქვაფენილებზე თოვლი იდო. შინ არ შემოსულან, შალიკო თან გაიყოლეს და წავიდნენ.
მაშინ ჩვენები მტკვრის პირას ცხოვრობდნენ და ისინიც იქვე გავიდნენ სალაპარაკოდ. რა ილაპარაკეს, არავინ იცის. როგორც მერე ითქვა, იმ ორსაც და სხვებსაც რაღაც უმსგავსობა, სავარაუდოდ, ქურდობა ჩაედინათ, რაც შემთხვევით გაეგო შალიკოს და შეეცხადებინა. ამიტომაც მოვიდნენ – კვალის წაშლა სურდათ. ალბათ აღიზიანებდათ ამ კაცის მომეტებული თავისუფლება. თანაც შალიკო იმხანად თავისუფალ ჭიდაობაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა და ესეც შურს აღუძრავდათ. მშვიდად ესაუბრებოდნენ და როცა გამვლელთაგან მოფარებულ ადგილს მიუახლოვდნენ, ოსი ბიწო ოდნავ ჩამორჩა მოსაუბრეებს, ფინური დასაკეცი დანა გახსნა და შალიკოს მიპარვით, ზურგიდან გულის არეში ჩაარტყა. ეტყობა, დანამ შალიკოს ღრმად გაუარა გულში, რადგან ძალა უეცრადვე დაკარგა და ამ ორმა ნაძირალამ ძალაწართმეულს მტკვარში გადაგდება დაუპირა, მაგრამ ბედისწერამ განწირული ჭაბუკი ოდნავ დაინდო – უცაბედად ნაცნობი ქალი გამოჩნდა და ამის შემსწრემ ყვირილი მორთო. ყვირილზე ოსი ბიწო ადგილიდან მოწყდა და გაიქცა. მტკვარში გაუჩინარებას გადარჩენილი შალიკო იმ მეორემ და გზად შემოყრილმა ქალმა მიხაილოვის საავადმყოფოში წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ შალიკო დაიღუპა. დედამისის, კატოს შეკითხვაზე, ის მაინც მითხარი, ვინ გაგიმეტა მოსაკლავადო, არ უპასუხა, მხოლოდ ეს თქვა, გამოვალ და თვითონვე მივაგებ მისაგებსო.
შალიკოს დაკრძალვაზე ზღვა ხალხი მოგროვდა. ეს იყო აღშფოთება თუ პროტესტი ყოვლად აბსურდული მკვლელობის გამო და ამავე დროს პატივისმიგება ულამაზესი ვაჟკაცისადმი. მოკლულის მეგობრებმა ფიცი დადეს, მკვლელისთვის სამაგიერო მიეზღოთ. მანამდე კი მკვლელი დააპატიმრეს. ეს მოხდა 1929 წელს.
***
ვიდრე სოლოლაკიდან გადავიდოდით, ხშირად მიწევდა ძია ოთარის სადარბაზოსთან ჩავლა, რადგან ჩემი ოცდამეცხრამეტე სკოლა ზუსტად ამ სადარბაზოს პირდაპირ მდებარეობდა. სოლოლაკიდან გადასვლის შემდეგაც არაერთხელ ამივლია იმავ ქუჩაზე და შევსულვარ ამ სადარბაზოში. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მიმძაფრდებოდა ჟამთა დინების შეგრძნება. ვიდექი ამ სადარბაზოს სიწყნარეში და თითქოს ხელით ვეხებოდი გარდასული ადამიანების აჩრდილებს. ზოგი მათგანი სურათებში მყავდა ნანახი, ზოგი კი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მე თვითონვე შევესწარი. სოლოლაკი თითქმის ყველას გვაერთიანებდა და ეს სკოლაც, ადრე მეთოთხმეტედ წოდებული, მრავალთა ხსოვნას იტევდა. ამ სკოლაში სწავლობდნენ დედაჩემი და მამაჩემი, მათ ფაქტობრივად აქ გაიცნეს ერთმანეთი. აქ სწავლობდა მამაჩემის ძმა ანრი, რომელიც აქვე დაასმინა ერთ-ერთმა თანაკლასელმა, როცა მან „რკინის სახკომის“ ეჟოვის სურათი ნაკუწებად აქცია. ეს იყო პროტესტი 1938 წელს მამის ნაუცბათევი და აბსურდული დაპატიმრების გამო. ანრი გადაასახლეს. ამ სკოლაში სხვა ადამიანებიც სწავლობდნენ, მამაჩემისა და დედაჩემის მეგობრები, რომელთა აჩრდილებიც ამ სადარბაზოშივე ხშირად ჩემ თვალწინ ლივლივებდა… სურათებში ნანახი შალიკოს სახეც წარმომიდგებოდა ხოლმე და მახსენდებოდა, როგორ დავყავდი აღდგომა-დღეს ბებიაჩემს ვაკის სასაფლაოზე. ვერის სასაფლაოს მსგავსად ეს სასაფლაოც ქალაქის გაგრძელება იყო, თითქოს მუზეუმს ჰგავდა, რომელიც ქალაქში მომხდარ სხვადასხვა შემთხვევას იკრებდა და ინახავდა. პირველად აქ ვნახე ლადო ქოქიაშვილის საფლავი: მაღალ პოსტამენტზე მერაბ ბერძენიშვილის მიერ გამოძერწილი ბიუსტი იყო შემდგარი. ლადოც მოკლეს და მისმა სიკვდილმაც მთელი თბილისი აღაშფოთა, რადგან ისიც არამარტო კეთილშობილი, არამედ უაღრესად ლამაზი ჭაბუკი იყო. მახსოვს ანზორ სალუქვაძის ლადოსადმი მიძღვნილი ლექსი:
ვიცი, შენ სხვა ხარ, შენ არა ხარ სანჩეს მეხია,
შენი გულმკერდი სხვა ქიმერებს გადაეხია,
შენ არ გატყვია მოზვრის რქები პერანგზე ორგან,
არც არასოდეს არ ყოფილა ჩვენში კორიდა!
შენთან სიკვდილი სხვა მხარიდან, სხვა დღეს მოვიდა!
ამბობდნენ, რომ დაჭრილი ლადო გურამ რჩეულიშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში. ვაკის სასაფლაოზე გზის პირას იყო თვითონ გურამის საფლავიც – მიწაზე გაწვენილი ქვის სვეტი და ამ ქვაზე ამოტვიფრული ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი გაშლილი ეტრატით ხელში. მხედრის მიღმა უსასრულო სივრცე ჩანდა, უნაპირო მარადისობა. გურამი ელენეს და ოთარის ბიძაშვილის, ძია მიშას ვაჟიშვილი იყო. ამიტომ აქაც დიდხანს ვჩერდებოდით. გურამის დაღუპისთანავე ძია ოთარი გაგრაში გაეშურა და იქ სხვებთან ერთად კატერით ზღვაში იყო გასული მის მოსაძებნად. მოგვიანებით არაერთხელ გაუხსენებია ის საბედისწერო დღეები.