ოთარ რჩეულიშვილის ხსოვნას

 

სოლოლაკში, ჩემი ყოფილი ოცდამეცხრამეტე სკოლის პირდაპირ ერთი დიდი სადარბაზოა. ამ სადარბაზოში ბებია ელენეს ძმა ოთარ რჩეულიშვილი ცხოვრობდა – ძია ოთარი, როგორც მას ვეძახდით. ძია ოთართან ჯერ კიდევ მანამდე  დავყავდი ბებიას, ვიდრე სკოლაში შემიყვანდნენ. ამ ნახევრადბნელ, უზარმაზარ სადარბაზოში შესვლა ყოველთვის იდუმალ შიშს, ძრწოლას და ამქვეყნიური ყოფიერების აუხსნელობის განცდას მიღვიძებდა. მაღალჭერიანი და ფართო სადარბაზოს მარცხენა კუთხეში, კიბის ქვემოთ დღის სინათლით განათებული მეწაღის ჯიხური იყო.  ჯიხურს ოთახი უფრო ეთქმოდა, რადგან კარგა მოზრდილ ფართს მოიცავდა. მეწაღეც ყოველთვის იქ იჯდა, მთელი არსებით საქმეში ჩანთქმული, ტაბურეტზე ჩამომჯდარი, წინსაფარაფარებული სქელი კაცი. ჯიხურის შესასვლელთან, შიგ სადარბაზოში მეწაღის დიდი მოტოროლერი იყო შეყენებული, რაც კიდევ უფრო უცნაურ იერს სძენდა სადარბაზოს. ბურუსით მოცულ მარჯვენა მხარეს კიბე იწყებოდა და ამ კიბის საფეხურებზე ზემოდან მკრთალი დღის სინათლე იღვრებოდა. თუკი კიბეზე შემდგარი  ააპყრობდი მზერას, დაინახავდი გამჭვირვალე მინის ჭერს, საიდანაც უხვად იღვრებოდა სინათლე და პირველ სართულამდეც აღწევდა.

ეს ბურუსითა და მთრთოლვარე ბინდით მოცული სადარბაზო იყო და ასეთი იყო სოლოლაკის სხვა სადარბაზოებიც. ვინ ცხოვრობდა ამ სადარბაზოების შიგნით, ვინ იყვნენ ისინი, თითქოს არავინ იცოდა. ეს უცნაური გვირაბები, ნახევრადბნელი გასასვლელები ადამიანთა ბედისა თუ უბედობის შემსწრე იყო და მაინც პირქუშ უთქმელობას ამჟღავნებდა. ეს ყოფიერების მიჯნა იყო, პირადი თუ ინტიმური ცხოვრების ზღურბლი, რომელიც არ უნდა გქონოდა, ვინაიდან ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობდი. კიბეს რომ აათავებდი, მეორე სართულზე გრძელი დერეფანი უნდა გაგევლო, ბოლოს კი მაღალ კართან ჩერდებოდი. ზარი გაიწკარუნებდა და გიღებდნენ კარს. შედიოდი ოთახში და ხედავდი, რომ აქ სულ სხვა გარემო იყო, ადამიანური და ახლობელი. სიუცხოვე, ანუ სადარბაზო უკან გრჩებოდა. სადარბაზო იყო ზამთარში სუსხიანი და ზაფხულში გრილი სივრცე, სადაც ადრე შინსახკომელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მათი ხმა  ექოს გამოსცემდა და მათ იცოდნენ, რომ ამ ბურუსში ან შემოკავებულ ბნელ სივრცეში მოძრაობა შეუზღუდველი იყო. შინსახკომელები და ხშირად თვითონ ლავრენტი ბერიაც თავიანთი ამაზრზენი, შემოტკეცილი, მაღალი და პრიალა ჩექმებით ამნაირი სადარბაზოების საფეხურებზე დააბიჯებდნენ და ამ შეღრმავებული ნიჟარის წიაღში მომლოდინე ადამიანებს ეჭვს, შიშსა და ძრწოლას აღუძრავდნენ. იქნებ ამიტომაც იყო ამ სადარბაზოებში დაძრული ჩქამი, ხმა, ექო შიშის მომგვრელი? ყოფიერების ეს მიჯნა, ჩამყუდროებული ბინების ეს საშიში ზღურბლი სარკოფაგივით დუმდა. მაშინაც კი, როცა შინსახკომის მუშაკებს დაპატიმრებული ადამიანი ჩამოჰყავდათ კიბეზე, სხვას არაფერი არ უნდა გაეგო, ჩუმი ქვითინი ან ნერვიული ჩურჩული სადარბაზოს კედლებს უნდა შთაენთქა. იქნებ ამიტომ იყო ეს კედლები და მთლიანად ეს სივრცე ერთდროულად ავისმომასწავებელიც და მდუმარეც? ეს ღია სივრცე იყო არამარტო შინსახკომელებისთვის, არამედ ყველა იმ ბნელი ადამიანისთვის, ვინც იქ ნასაღამოვებს ან შუაღამისას შემოეხეტებოდა. აქ  შემოკავებულ ფართზე უფრო იოლი გახლდათ ავი ზრახვების ახდენა, ვიდრე გარეთ. ზოგჯერ სადარბაზოში ძაღლები ან სახურავის კატები იკეთებდნენ დროებით საბუდარს, მაგრამ მათ დიდი ხნით ყოფნა არ ეწერათ, რადგან სახლის უჩინარი ბინადრები დაუნდობლად სდევნიდნენ ქუჩაში.

ნასაღამოვებს სქელკედლებიანი ბინების სადარბაზოების შიგნით მწუხრი გროვდებოდა. ეს გარინდების ხანგრძლივი წუთი იყო, როცა დღეს ღამე მოსდევდა. სწორედ ამ მონაკვეთში მიყვარდა სადარბაზოში შესვლა და მცირე ხნით შეყოვნება, ჩამესმოდა შორიდან შემოღწეული ქალაქის ხმები და ვგრძნობდი დროს, დროის დინებას. ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა სკოლიდან გამოვიდოდი და შინისკენ ვეშურებოდი. ცხადია, მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ დროის შეგრძნება უკვე მქონდა და ამიტომაც ვჩერდებოდი სადარბაზოში. მხოლოდ ეგ იყო, იმ განცდას, რომელიც იმხანად მეუფლებოდა, დროის დინებას ან ყოველდღიურობიდან გასვლას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო მოგვიანებით მოხდა. ახლა კი, როცა ყოფილი მახარაძის და ახლანდელი ქიქოძის ქუჩაზე ჩავივლი და ცოტა ხნით შევყოვნდები ამ სადარბაზოში, დროის დინების შეგრძნებასთან ერთად განვლილი ცხოვრების, ღრმა ნაღველისა და ადრინდელ მარადისობასთან შეხების გრძნობა მეუფლება. თითქოს ექოსავით გაისმის ყოველივე იმის ხმა, რაც  წავიდა და აღარ დაბრუნდება. ამ სახლში უკვე აღარც ძია ოთარი ცხოვრობს და არც სხვა ძველი მობინადრეები, სადარბაზოში მეწაღეც აღარ ზის, თუმცა მწუხრი საღამოხანს ისევ გროვდება. მასთან შეხება კი უკვე აღარ მინდა, რადგან ისედაც ცხადია, ძალიან ბევრი დრო გავიდა.

***

ეს სადარბაზო მაინც განსხვავებული იყო სოლოლაკის სხვა სადარბაზოებისგან; ამ სადარბაზოს სინათლის გამტარი სქელი მინის ჭერი ჰქონდა. ეს ანიჭებდა მას ირეალურ ელფერს და მისტიკური სინათლის ფლუიდებით მოსავდა. როგორც ჩანს, სქელი მინის ჭერი იყო ის ოპტიკური პრიზმა, რომელშიც გადამტყდარი დღის შუქი სადარბაზოს მთელ სივრცეს ავსებდა. თუმცა აქ აკუსტიკაც უცნაური იყო. კიბის საფეხურებზე გაჟღერებული ფეხისხმა საიდანღაც ექოს გამოსცემდა და, როცა მარტო ადიოდი კიბეზე, ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, რომ მარტო არ იყავი და ვიღაც იყო შენს სიახლოვეს. თუ ვინმეს ესაუბრებოდი, ხმა საიდანღაც ზემოდან ჩამოდიოდა. ამიტომაც აქ ყოფნა ბავშვობიდანვე შიშსაც მგვრიდა და სიხარულსაც და იმასაც ვგრძნობდი, უფროსები ყოველივე ამას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ.

მე, ბებია და ბაბუა ძია ოთართან მივდიოდით და ეს იყო ხალხმრავალი წვეულებების დრო.  და ახლა, როცა ისინი ჩემთან აღარ არიან და აღარ არის ძია ოთარიც, ხშირად მესიზმრება, როგორ შევდივართ  მის სახლში. იქ სტუმრიანობაა. ფართო ქვის აივანზეც, რომელიც ოდნავ ზემოდან დაჰყურებს მოპირდაპირე მხარეს ასვეტილ ჩემი სკოლის ალაყაფის კარებს, სტუმრებს მოუყრიათ თავი. ისინი საუბრობენ, ზოგიერთი სუფრის სამზადისში მონაწილეობს – ღვინოს ასხამს; სიზმარში რაღაც უცნაურად, ხმადაბლა საუბრობენ სტუმრები, მერე დიდი ჭაღის ქვეშ სხედან გაშლილ გრძელ სუფრასთან, ბოლოს კი, როცა  უკვე ყველაფერი მთავრდება, ხმამაღლა მოსაუბრენი ჩადიან უშველებელი სადარბაზოს ფართო საფეხურებზე. ეს თითქოს სპექტაკლია, რომელიც დამთავრდა. უკანასკნელმა ექომ გაიჟღერა დაბნელებულ, ნათურებით განათებულ სადარბაზოში და ადრინდელი სიჩუმე ჩამოწვა. მეც ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვტოვებ სახლს,  სადარბაზოს და ღამის ქუჩებს მივუყვები. ჩვენც ხომ სოლოლაკში ვცხოვრობთ, შინისაკენ მივდივართ, ჯერ მახარაძის ქუჩას გავყვებით, მერე ლერმონტოვის ქუჩას ავივლით, გადავალთ ჯაფარიძეზე, ბოლოს კი ჩვენს, დავითაშვილის ანუ ამაღლების ქუჩას ავუყვებით. ბინდი უკვე გაქრა და ქუჩის ნათურებს სიმკვეთრე მოემატა. როგორც იქნა, მოვაღწიეთ  სახლამდე. შინ შესვლას ვაპირებთ. სიზმარში მრავალჯერ შევყოვნებულვარ ჩემი სახლის ფანჯრებთან. ვდგავარ და შევყურებ ჩვენი დიდი ბინის ფანჯრებს და მახსენდება, რომ დიდიხანია უკვე ამ სახლში აღარ ვცხოვრობთ ( ჩვენ იქიდან მართლაც ადრევე გადავედით), აქ  სხვები ცხოვრობენ. და მაინც, უნდა შევიდე ამ სახლში, უნდა გავიარო ოთახები, სადაც სხვები დაბინავებულან და მაინც უნდა შევაღწიო იმ ერთ ოთახში, სადაც ჩემი კუთვნილი სივრცეა მოქცეული. მწარე სიზმარია…

***

სიზმარი და სინამდვილე ერთმანეთს შეუერთდა, მათი განცალკევება აღარც მიცდია. წარსული ხომ სიზმარს ჰგავს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ესა თუ ის ამბავი ნამდვილად მოხდა თუ დამესიზმრა. ძია ოთარის ფოტოსურათებს ვათვალიერებ. ეს, რა თქმა უნდა, ცხადია და არა სიზმარი. ეს სურათები მანამდეა გადაღებული, ვიდრე ის მეორე მსოფლიო ომში წავიდოდა. ერთ-ერთ სურათში მას თავისი პატარა დისშვილი ანუ დედაჩემი ჰყავს ხელში აყვანილი. თვალშისაცემია მისი ამაყი და ვაჟკაცური სახე, მაღალი ფიგურა, ძლიერი მკლავები, დიდი მუშტები და თვალები. ამ ფოტოზე გამაოგნებელია მისი მზერა, მისი თვალები. ეს არის უაღრესად მგრძნობიარე ადამიანის სახე, ნაღველშეპარული და სათნო, უმწიკვლო გამომეტყველება. ასეთი სილბო შეუთავსებელი იყო მის ფიზიკურ სიძლიერესა და მაგარ ხასითთანაც. ის ფეთქებადი იყო უსამართლობასთან ან უდიერ ადამიანებთან შეჯახებისას; რისხვა ერეოდა, ცინიკურ გამომეტყველებას მკაცრი იერი ცვლიდა და იმ უდიერსა თუ უზრდელს მისი მოუზომელი ძალით მოქნეული მუშტი ხვდებოდა ალეწილ სახეში. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო. ძია ოთარს – პირშიმთქმელ კაცს უკანდახევა არ სჩვეოდა. არადა, ცხოვრება ხან სად გადაისვრიდა და ხან სად, ხან ვის გადაჰყრიდა და ხან ვის. მამაჩემმა პირველად რომ ნახა რუსთაველის პროსპექტზე, ქურთ მტვირთავებს ეჩხუბებოდა. იმ დროს ის ოცდათოთხმეტი წლის იყო. მახსოვს მამაჩემის გაკვირვებული სახე, წლები რომ გამოთვალა და თქვა: „ხედავ შენ,  თურმე მაშინ ოთარი ოცდათოთხმეტი წლის ბიჭი იყო“. ეს მართალი გახლდათ. მაშინაც და მერეც ძია ოთარს ბიჭური იერი ჰქონდა, უფრო სწორად, ძარღვიანი, ვაჟკაცური. როგორც ვთქვი, ცხოვრების ზვირთები ხან სად გარიყავდა და ხან სად, მაგრამ ყველგან ერთნაირი იყო – შეუვალი, ნირწაუმხდარი, ღირსებაშეულახავი. მან იცოდა, რომ ბრბოში ათქვეფილ ადამიანებს გადაცდომა ახასიათებდათ, ხან რას მოიმოქმედებდნენ და ხან რას. მათგან არც აგრესიული ქმედება იყო მოულოდნელი და არც უადგილო ბილწსიტყვაობა. ოთარი ახლობლების მიმართაც ისეთივე შეუწყნარებელი იყო, როგორც უცხოთა მიმართ. უჩუმრად ჩადენილ უსინდისობას თუ თავხედურ გამოხდომას ერთნაირად პასუხობდა – არა მომაბეზრებელი მორალის კითხვით, არამედ მოქნეული ხელით, გასილაქებით ან  მუშტის დარტყმით. ასეთ დროს ადამიანები ამ მძლავრი აღნაგობის კაცის წინაშე პიგმეებად იქცეოდნენ, არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ, ზნეობრივ პიგმეებად. ისინი ძალიან ხშირად იმსახურებდნენ მუშტს და მუჯლუგუნს, რაც უებარი წამალივით მოქმედებდა. ეს ასე იყო. ძია ოთარი ვერ იტანდა ქედმაღალ და აგდებულ დამოკიდებულებას და სადაც არ უნდა შესწრებოდა ასეთ რამეს, ყველგან თავის ნებას ავლენდა, ხოლო თუ უშუალოდ მას შეეხებოდა პიგმეების ბრბოდან გადმოსროლილი თუნდაც ერთი შხამიანი წვეთი, დაუნდობელი და თავგამეტებული ხდებოდა და სამიზნეს უანგარიშო ძალის რისხვას ატეხდა. ძია ოთარის ახლობლები ასეთ არაერთ შემთხვევას იხსენებდნენ. ვთქვათ, მეც კარგად მახსოვს ელექტროდენის მუშაკები ე.წ. ინკასატორები რომ დადიოდნენ ბინებში. ისინი ავტორიტარული რეჟიმის გროტესკულ სახეებს წარმოადგენდნენ, ე.ი. თვითონ ზომაზე მეტად თავხედები ყველასგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდნენ.

 

1 2 3 4