1990-იან წლებში ვწერდი ამბავს უჩვეულო ე.წ. სტუდენტების შესახებ, რომლებიც ინგლისის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ზუსტად არ ვიცოდი, როგორები იყვნენ, მათ მხოლოდ ძველ სახლებში ვხედავდი. ისინი თითქოს ნამდვილი სტუდენტური საქმეებით იყვნენ დაკავებულები – კამათობდნენ წიგნების შესახებ, წერდნენ ესეებს, ხან უყვარდებოდათ ვინმე, ხანაც აღმოაჩენდნენ, რომ აღარ უყვართ, მაგრამ მათ ახლოს არც საერთო საცხოვრებელი ჩანდა და არც პროფესორი. რაღაც უცნაური ბედ-იღბლის ადამიანები იყვნენ, ზუსტად ვერც იმას ვიტყვი, რატომ იყო მათი ბედი უცნაური (მაშინ ჩემი გონება ატომურ იარაღს უტრიალებდა). თაროზე, ჩემს ოთახში, დიდი ფაილი დევს, სახელად „სტუდენტები“ და სავსეა მცირე ისტორიებით. ყველაზე ძველი ისტორია 1990 წელსაა დაწერილი. ძალიან მინდოდა, იმ ამბებიდან რომანი გამომეყვანა, მაგრამ ყოველი მცდელობა სულ სხვა წიგნით მთავრდებოდა ხოლმე. თავს მაინც არ ვანებებდი, მუშაობას ხელახლა ვიწყებდი, მაგრამ რაღაც წერტილს ვერ ვცდებოდი, ვერ ვახერხებდი,  შემეკრა და წიგნად მექცია.

ერთ დილას, კი, რადიოში ერთ დისკუსიას მოვკარი ყური. საქმე ბიოტექნოლოგიების პროგრესს ეხებოდა. როგორც წესი, ასეთ თემებზე საუბარს არ ვუსმენდი ხოლმე, მაგრამ ამჯერად, დისკუსიაში აღმოვაჩინე ის დეტალები,  წიგნის ის ნაწილი, რომელსაც მთელი ამდენი ხანი დავეძებდი. ეს იყო ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური მსჯელობა  ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ეს  არის სევდა ადამიანის ბედისწერის გამო.  ამის შემდეგ  დავიწყე მუშაობა, კვირაში დაახლოებით 30 საათი ვწერდი.  ასე გაგრძელდა სამი წელი, ვიდრე რომანი არ დავასრულე. წიგნის სახელს ბოლოს ვარჩევ ხოლმე და ამისთვის რამდენიმე კვირა მჭირდება. მახსოვს, როცა ტექსტი თავიდან ბოლომდე პირველად წავიკითხე, დავასკვენი, რომ ის ჩემი ყველაზე მხნე და იმედიანი ნაწარმოებია.

არასოდეს მიფიქრია,  მოქმედება მომავალში გადამეტანა. ფუტურისტური სურათები დიდად არ მიზიდავს. არასოდეს მყოფნის ენერგია, წარმოვიდგინო, მომავალში რა მოხდება და ყველა დეტალის ცვლილება აღვწერო. ვერ აღვწერ, მაგალითად, როგორი მანქანები ივლიან, ან როგორი მაღაზიები იქნება, ან როგორი ფინჯნებიდან დავლევთ. თან არც ის მინდა, მომავალი არასწორად ვიწინასწარმეტყველო.  მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს – წიგნში ყველა მკითხველმა თავისი ცხოვრების ნაწილი დაინახოს.

როცა ვწერდი, თვალწინ 70-იანების, 80-იანებისა და 90-იანების ინგლისი მედგა – ჩემი ახალგაზრდობის ხანა. არა ისეთი, როგორიც დღის ნარჩენებში დავხატე, არამედ ნაცრისფერი ცით, უკაცრიელი მინდვრებით, უღიმღამო ქუჩებით, მიტოვებული ფერმებითა და დაცარიელებული გზებით. ფერები მხოლოდ მთხრობელის ბავშვობაში ჩანს. მინდოდა კაშკაშა ფერებისგან დაცლილი ინგლისი აღმეწერა, თითქმის მივიწყებული სანაპიროები და  სოფლები.

ამბის პირველი ნაწილი სკოლა-პანსიონში ხდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავად არასოდეს მივლია ასეთ სკოლაში. რა თქმა უნდა, ჩემი  ბავშვობიდან და მოზარდობიდან გარკვეული ფაქტები მახსოვს. თუმცა, ბავშვებზეც ისევე ვწერ, როგორც მოზრდილებზე, ან ნებისმიერ სხვა პერსონაჟზე, რომელიც სხვა კულტურის ნაწილია ან ჩემგან განსხვავებული ცხოვრება გამოიარა. ვცდილობ, წარმოვიდგინო რას იგრძნობენ, ან როგორ მოიქცევიან ჩემი გმირები და მათ მივყვები. არასოდეს მიგრძვნია, რომ ბავშვებზე წერა ჩემგან, როგორც მწერლისგან რამე განსაკუთრებულს მოითხოვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, საგანგაშოც კია, რომ ჩემთვის   მოზარდივით ფიქრი ამდენად ადვილია.

აქვე დავამატებ, რომ წიგნში რომ სკოლა-ინტერნატია, ჩემთვის ის ბავშვების დიდებისგან სრულ იზოლაციას ნიშნავს. იმ ბავშვებმა არ იციან, რა მოელით მომავალში, როცა სკოლიდან წავლენ და გარე სამყაროს ნაწილი თავადაც გახდებიან. ისინი ნაგლეჯ-ნაგლეჯ იღებენ არასწორ, შელამაზებულ ინფორმაციას. ხშირად უფროსები ტკბილ ტყუილსაც ეუბნებიან. ერთი სიტყვით, ამ წიგნში ბავშვი  ზრდილობისა და  მორჩილების სინონიმია და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება  დღემდე ასეთი სტერეოტიპებით აზროვნებს.

და ბოლოს, კლონებს შევეხები. პარადოქსია, მაგრამ თუ მწერალი პერსონაჟებად კლონებს აირჩევს, მუშაობა გაუადვილდება. გავიხსენოთ ლიტერატურაში დასმული  ტრადიციული შეკითხვები. ეს ის შეკითხვებია, რომელთა წინ წამოწევაც ამ ბოლო დროს ცოტა უხერხულადაც კი ითვლება. მაგალითად: „რას ნიშნავს იყო ადამიანი?“ „რა არის სული?“ „რა მიზნით გავჩნდით და უნდა მივაღწიოთ თუ არა ამ მიზნებს?“ ისეთ მწერლებთან, როგორებიცაა, მაგალითად, დოსტოევსკი ან ტოლსტოი, პერსონაჟები მსგავს საკითხებზე მთელი 20 გვერდი მსჯელობენ და ამას მკითხველი არ აპროტესტებს. ჩვენს დროში, მწერლები ცდილობენ შესაბამისი სიტყვები და ტონი შეარჩიონ, რომ არქაულად ან  მაღალფარდოვნად არ გამოუვიდეთ.  ხოლო თუ მწერალს მთავარ გმირებად კლონები, რობოტები ან კომპიუტერები ჰყავს, მას  შეუძლია უმტკივნეულოდ ისაუბროს ასეთ თემებზე.  სულაც არაა გასაკვირი, რომ ბოლო დროინდელ, საკმაოდ ამბიციურ ფილმებსა და წიგნებში,  მთავარ გმირებად კლონები გვევლინებიან. აი, ასე, ფუტურისტულად შეგვიძლია, დავუბრუნდეთ უძველეს და დღემდე აქტუალურ, ლიტერატურისთვის მნიშვნელოვან ამოცანებს.

ინგლისურიდან თარგმნა  დალილა გოგიამ