ბროდსკის ლირიკული სუბიექტი რთული ადამიანია, რომელიც ასევე რთულ სამყაროში ცხოვრობს. მისი პოეტური სამყაროს სტრუქტურა ისეთია, რომ აქ ლირიზმი შეუძლებელია არ იყოს შევიწროებული და „ხმადაწეული“. მარჯვედ შენიშნავს ბორის ხაზანოვი: „ის, რაც ყოველთვის იყო პროზის პრივილეგია, ბროდსკისთან უმთავრეს პოეტურ ნიშნად წარმოჩნდა“.  ხაზანოვის აზრით,  ბროდსკის პოსტმოდერნისტულ თავისებურებას  მისი ლირიკული სუბიექტის აზროვნება გამოხატავს. ამ სირთულეს ამჟღავნებს სინამდვილის ერთდროულად სხვადასხვა რაკურსით ხედვა, რომელიც თავის მხრივ რთული სინტაქსის და უაღრესად ჭრელი ლექსიკის მეშვეობით ვლინდება. პოეტის ლექსიკა მოიცავს ჟარგონს, ისტორიულ, მწიგნობრულ და სხვა სახის  სიტყვიერ ასოციაციებს. სამყაროს რთული აღქმა ბროდსკის მთავარი მონაპოვარია. ამას ერთხმად აღნიშნავენ რუსი ემიგრანტი მწერლები და საინტერესოა ის, რომ ბროდსკისეულ პოეზიაში ოსტატურად განზავებული პროზა არც შეიძლება იყოს და არც არის ტრადიციულ-ლირიკული ჟღერადობის, თუმცა  მაინც ლირიკულია და სკეპსისთან ერთად ცივ, გამჭოლ ნათებას ასხივებს. ამიტომაც არის მისი პოეზია ნამდვილი პოეზია და არა პროზა.

1 2 3