მაშასადამე, ერუდიცია და ვერსიფიკაციული კულტურა პოეტის ნიჭიერების ადგილს ვერ დაიკავებს. გალაკტიონს აქვს ერთი ასეთი ჩანაწერი: „ვინც არ დაბადებულა პოეტად, იგი ვერც გახდება პოეტი, რაც არ უნდა ეცადოს,  რანაირი შრომა და ჯაფაც არ უნდა გასწიოს. მაგრამ დიდი მუშაობის შემდეგ ყველას შეუძლია ისწავლოს ლექსთწყობა და ასე თუ ისე ლამაზი ლექსი დაწეროს…  ნიჭი პოეტისა, ნამდვილი  ოქრო პოეზიის შეიძლება გამოსჭვიოდეს გარეგნულად დაუწყობელ ლექსში, მაგალითად, ნ. ბარათაშვილისა და გრ. ორბელიანის ლექსებში“.
აქ თითქმის იგივეა გამეორებული, რაც უკვე ვთქვით, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ წარმოთქვამს ამ სიტყვებს.
უნაკლო ვერსიფიკაციული ტექნიკა არაერთ პოეტს ჰქონია, მაგრამ ეს არ არის საკუთრივ პოეტურობის მაღალხარისხოვნების ნიშანი, ეს მხოლოდ მისი ერთი მხარეა. ისეც კი მომხდარა, რომ ეს ტექნიკური უნაკლობა ემოციური ზემოქმედების ნიშნით მეტად მწირი ყოფილა. ასეთ დროს პოეზია სანთლითაა საძებარი.
შემოქმედება ახლისქმნაა, გრძნობადი მასალის გაცოცხლებაა, სულის შთაბერვაა და არა ტექნიკური, გარეგანი შეკავშირება, კონსტრუირება. ეს ეხება არა მხოლოდ პოეზიას, არამედ ხელოვნების ნებისმიერ დარგს. ახალი ნაწარმოების შექმნა ყველგან  დიდი თავისუფლების ნიშნით არის აღბეჭდილი.
და  ისევ ლირიკა.
ლირიკაში ჩანს ყოველივე ის, რაც პოეზიისთვის უმთავრესია, რის გამოც პოეზია პოეზიად იწოდება. მთავარი, თვისობრივი, სუბსტანციური,მუდმივი ნიშანი პოეტისა და პოეზიისა, როგორც უკვე ვთქვი, ემანაციაა, ნათებაა, მაგნეტიზმია, სუგესტიურობაა. ყოველივე ამას კი პოეტურ სახეში ჩადებული ემოციური მუხტი წარმოშობს. ძველბერძნული ლირიკის ნათება აღწევს ჩვენამდე არქილოქეს პატარა ქრესტომათიული ლექსიდან, სადაც ის შუბზე დაყრდნობილი სვამს ღვინოს. ჰომეროსის „ილიადა“ იმ მიზნით დაიწერა, რომ უკვდავეყო და განედიდებინა ტროას ომში მონაწილე აქილევსის სახელი. მაგრამ ამ მიზანს და დანიშნულებას მომდევნო ეპოქების მსმენელისთვის და მკითხველისთვის არავითარი მნიშვნელობა აღარა აქვს. სამაგიეროდ მნიშვნელობა აქვს ამ პოემის მაღალმხატვრულობას, მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ, მეექვსე სიმღერას, სადაც ანდრომაქე ეთხოვება ტროას ომში მიმავალ ჰექტორს. ეს ეპიკაში ჩართული ლირიკული პასაჟის უიშვიათესი ნიმუშია.
მხატვრულ სახეში გრძნობის ჩადება, რაც ბადებს ნამდვილ პოეზიას, ირაციონალური აქტია და არ არის პოეტის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ეს კარგად იცოდნენ ძველმა ბერძნებმა, იცოდა, ცხადია, ჰომეროსმაც და ამიტომაც მოუხმობდა მუზებს თავისი პოემების, – „ილიადას“ და „ოდისეას“ დასაწყისში.  „ილიადა“ ასე  იწყება:  „ რისხვას, ღმერთქალო,უგალობე აქილევსისა, აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი“. გავიხსენოთ „ოდისეას“ დასაწყისიც: „მუზავ, უმღერე მრავლისმხილველ ვაჟკაცს, რომელმაც ტროას დანგრევის შემდეგ ბევრი იხეტიალა“. მუზები აშკარად სწყალობდნენ ძველბერძენ უსინათლო აედს და მისი გამოხმობა უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. უმღერე და უგალობეო, რომ მიმართავს ჰომეროსი ეპიკური პოეზიის მუზას, ქალღმერთ კალიოპეს, ამით იმას შესთხოვს უზენაესს, გრძნობად მასალაში სიცოცხლის შეტანის ძალა, მსმენელზე ემოციური ზემოქმედების უნარი მომანიჭეო. პოეტმა თუ არ დაატყვევა
მსმენელი, მთლიანად თუ არ დაიპყრო მისი არსება, მისსავე სიმღერას აზრი არ ექნება.
ეს იყო და არის ყოველთვის მთავარი პოეზიაში, ანუ პოეზიაში მთავარია პოეზია, ის ძალა, რომელმაც სულიერად უნდა შეძრას ადამიანი.
სხვათაშორის, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში შოთა რუსთაველიც იმას სთხოვს ღმერთს, რასაც ჰომეროსი:
აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება.
გრძნობად მასალაში, ენაში სიცოცხლის შეტანა, რაც ნამდვილ პოეზიას ბადებს, ჩვეულებრივ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომაც სთხოვს პოეტი ამ უნარს განგებას. ასე იყო ანტიკურ  ხანაში და შუა საუკუნეებში, როცა პოეტი ქურუმად, მოძღვრად, მეხოტბედ, წინასწარმეტყველად იყო შერაცხილი, ასე დარჩა მერეც, რენესანსის ეპოქაში, როცა ლიტერატურა უკვე საშუალება კი აღარ იყო, არამედ თვითმიზანი, მკითხველისათვის ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი ფენომენი. ლიტერატურის თვითკმარობა აღორძინების ხანაში ნიშნავდა იმას, რომ საგანგებოდ  უნდა დახვეწილიყო ფორმა. ეს დახვეწა კი შინაარსთან სრულ თანხვედრას მოასწავებდა.
მაშასადამე, პოეტურ სახეში აზრთან ერთად გრძნობის ჩადება ირაციონალური აქტია და თვით პოეტისთვისაც აუხსნელია. ეს აქტი, როგორც უკვე ითქვა, პოეტის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. პოეტს შეუძლია მხოლოდ თვითდაკვირვება და ამ თვითდაკვირვების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების ამოთქმა: „რაც არ იწვის, არ ანათებს“ (აკაკი), „ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის“ (გალაკტიონი), „ ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“ (ნიკო სამადაშვილი). ყოველ ამ სიტყვების გამომთქმელს თვითონვე უკვირს ის, რაც მის არსებაში ხდება.
მაგრამ პოეზიის შექმნის გარდა, არსებობს პოეზიის გაგება. და თუ არ იქნა გამგები, არ იარსებებს თვით ეს პოეზიაც. ვინ იცის, ასეთი ვერგაგების გამო რამდენი ლექსი თუ პოემა მისცემია დავიწყებას და დაკარგულა.ზოგჯერ არ დაკარგულა, მაგრამ თავის დროზე ვერ გაუგიათ. ვთქვათ, დიდი ინგლისელი პოეტი- მეტაფიზიკოსი ჯონ დონი (1572 – 1631) უცდომლად ტომას სტერნზ ელიოტმა შეაფასა და წარმოაჩინა. ეს მოხდა  XX  საუკუნეში. ვერაფერს ვიზამთ, ასეც ხდება.
დილთაისეული გაგების თეორიის თანახმად, პოეზია შინაგანის, განცდისმიერის გარეგამოსახულებაა. ეს გარეგამოსახულება პოეტური ტექსტია. ამ ტექსტის მეშვეობით უნდა ჩაწვდეს გამგები პოეტის განცდის შინაარსს. ამგვარი წვდომა ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, ვინაიდან პოეტის განცდა უნიკალურია, უაღრესად ინდივიდუალურია. დილთაის მიხედვით, იმისათვის, რომ გამგებმა სხვისი განცდა გაიგოს, ჯერ საკუთარ თავს, საკუთარ განცდას უნდა ჩაუღრმავდეს. გამგები სხვისი გარეგამოსახულების მიერ აღძრულ განცდას საკუთარ თავში უღრმავდება. ეს არის კვლავშექმნა და კვლავგანცდა (ან იქნებ თანაგანცდა), რის შემდეგაც ის მიმართავს ტრანსპოზიციას ანუ გაცოცხლებული, აღდგენილი განცდის გადატანას სხვის შინაგან სამყაროში. ეს არ არის ბოლომდე რაციონალური პროცესი. თვითონ დილთაი ამბობს: „ყოველ გაგებაში არის რაღაც ირაციონალური  ისევე, როგორც თვითონ სიცოცხლე არის ასეთი. გაგება არასოდეს არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ლოგიკისმიერი ფორმულებით“.
ე.ი. არც პოეტური შემოქმედებაა მეტ-ნაკლებად რაციონალური მომენტი და არც მისი გაგება. პოეტი კონკრეტული პიროვნებაა, კონკრეტულ სოციალურ გარემოში ცხოვრობს, ასევე კონკრეტული და პიროვნულ-ინდივიდუალურია, უნიკალურია მისი განცდა, რომელიც თავის მხრივ წარმოშობს შემოქმედების ნაყოფს, მაგრამ ამ ნაყოფში, ლექსში ეს უნიკალობა ზოგად ხასიათს იძენს, ამიტომაც იქცევა ის სხვებისთვის გასაგებად. თავის წერილში „ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“ ელიოტი ამბობს: „პოეტი სრულიადაც არ არის საინტერესო თავისი სუბიექტური ემოციებით, რომლებსაც მის ცხოვრებაში მომხდარი კონკრეტული მოვლენები იწვევს. პოეტის პირადი ემოციები შეიძლება გულბრყვილო, პრიმიტიული და უსახურიც კი იყოს. სამაგიეროდ შთამბეჭდავია მის შემოქმედებაში გამოვლენილი უაღრესად რთული ემოციური განცდები“. აქ ალბათ გარკვეული სიზუსტეა საჭირო. არასუბიექტური ემოციები არ არსებობს, არ არსებობს არც ზოგადი განცდა. ბიოგრაფიული ფაქტები სტიმულის მომცემი ბიძგებია, რომლებიც წარმოშობენ საპასუხო განცდებს მხატვრულ ქმნილებაში, კერძოდ, ლექსში გასაგნებული ეს განცდები, როგორც უკვე ვთქვით, მეტ ზოგადობას იძენენ. როგორი უსახური და პრიმიტიულიც არ უნდა იყოს  განცდა, პოეტის რთულ არსებასთან შეხებისას ის შეიძლება მხატვრული ნაწარმოების, ლექსის დაბადების სტიმულად იქცეს და ის, რაც მერე ზოგადობას შეიძენს, განცდის სირთულედაც აღიქმება.
ელიოტი ინტელექტისა და ემოციის ინტეგრაციას მიესწრაფვის და არსად არ ამბობს იმას, რომ თვითონ შემოქმედებით პროცესში, ლირიკული ლექსის დაბადებისას პრიორიტეტი ემოციურ სტიმულს ეკუთვნის. არადა, ეს აქტი სპონტანურია, ამ ქმნადობის მომენტში აქსოვს პოეტი გრძნობად მასალაში ემოციას, რომლის გარეშეც არ იარსებებს ზოგადად ლირიზმი და არც ლირიკული ლექსი.
იქნებ თანამედროვე პოეზიამ იცვალა სახე?
იოსიფ ბროდსკი XX საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა. ის XXI საუკუნის პოეტია. „პოეზია უნდა გაოცებდეს“ – თქვა ერთმა პოეტმა. არ ვიცი, პოეზიის ეს განსაზღვრება რამდენად ესადაგება ბროდსკის ლექსებს. ბროდსკიმ ათვისებული რუსული პოეტური ტრადიცია ანგლო – ამერიკულ პოეზიას (ჯონ დონი, ოდენი, ელიოტი და სხვ.) განუზავა და ამ სინთეზმა თანამედროვე  სახე შესძინა მის ლექსებს. რა თქმა უნდა, ეს ნაზავი მისმა პიროვნულმა უნიკალობამ განაპირობა. ბროდსკი მეგაპოლისების პოეტია. ეს უბრალოდ ურბანიზმი არ არის, ეს არის ყოველგვარი ტრადიციული პოეზიისგან განსხვავებული პოეზია როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით. პირველყოვლისა, თვალშისაცემია ლირიზმის ნაკლებობა. ზოგიერთი რუსი ემიგრანტი პოეტი ამბობს, რომ ლირიკული სტიქია საერთოდ უცხოა ბროდსკისთვის. იქნებ ირონია ამცრობს  და ზღუდავს მისი ლექსების ლირიკულ ჟღერადობას, თუ ეს ლირიზმის სიმცირე რუსი აკმეისტებისაგან აითვისა პოეტმა? ემიგრანტი მწერალი ბორის ხაზანოვი ამბობს, რომ ბროდსკი პოეტი-ესეისტია და ეს მსოფლმხედველობის განსაკუთრებული ნაირსახეობაა.

 

 

1 2 3