ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პოეზიის გამგები ადამიანების რიცხვი ძალზე მცირეა, საამისო პრეტენზია კი თითქმის ყველას გააჩნია. იმას კი, ვისაც პოეზია ესმის, ამ სფეროში ერთგვარი სუბიექტურობა ახასიათებს. იოსიფ ბროდსკიმ  მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ პოეტად მარინა ცვეტაევა დაასახელა, როდესაც ჰკითხეს მას, რილკეზე რაღას იტყვითო, პასუხი აღარ გაუცია.
ასე რომ, ადამიანთა უმრავლესობას პოეზია ნაკლებად ესმის, ვისაც ესმის, მისი გაგება სუბიექტურია. ალბათ ეს ასეც უნდა იყოს, სინამდვილეს ვერ გავექცევით, მაგრამ როდესაც ზოგადად პოეზიაზე ვსაუბრობთ და პოეზიის განსაზღვრას ვცდილობთ, ისეთი ნიშნები უნდა წარმოვაჩინოთ,რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის (ვგულისხმობ მაინც პოეზიის გამგებ ადამიანებს) მისაღები იქნება. ამ წერილს რომ ვწერ, რა თქმა უნდა, აქაც ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა, აქაც ვერ ავცდები გარკვეულწილად სუბიექტურ მიდგომას, მაგრამ შევეცდები ჩემი შეხედულებები უკვე არსებულ გამოცდილებას შევუჯერო და შევუთანადო.
ვინ ქმნის პოეზიას? პოეზიას ქმნის ადამიანი. ერთი ნაბიჯიც წავდგათ წინ და ვიკითხოთ: ვინ არის ადამიანი? ადამიანის მრავალი განსაზღვრება არსებობს, მაგრამ ძნელია რომელიმემ მოიცვას მისი მრავალმხრივი არსება. არისტოტელე ამბობდა, რომ ადამიანი „ძოონ პოლიტიკონია“ („საზოგადოებრივი ცხოველი“), სხვათათვის ის „ჰომო საპიენსია“, იარაღის მკეთებელი არსებაა, „ჰომო ფაბერია“ და ა. შ.
ერთ-ერთი განსაზღვრების თანახმად, ადამიანი თავისი თავდაპირველი ბუნებით შემოქმედი არსებაა. რას ქმნის ის? ის ქმნის მატერიალურ და სულიერ კულტურას. მატერიალური კულტურა რომ არ შეექმნა, ვიტალობას, სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებდა. სულიერი კულტურის (ეთიკა, რელიგია, ხელოვნება…)  შექმნამ კი მას სრულფასოვნება მიანიჭა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სულიერ კულტურასთან ერთად ადამიანი ძველთაგანვე ქმნიდა სიტყვიერ ხელოვნებას, მხატვრულ ლიტერატურას, რომელსაც ძველი ბერძნები პოეზიად ნათლავდნენ. პოეზიის ზეპირსიტყვიერი ნიმუშების შექმნა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება იყო. ის თავის ჭირსა და ლხინს სიმღერით გამოთქვამდა, სიტყვიერ „ტექსტს“  მუსიკალური ინსტრუმენტების (ლირა, კითარა, ფლეიტა) თანხლებით აჟღერებდა. ასე დაიბადა პირველი ლირიკული ნაწარმოებები. ეს ლექსები ამოოხვრასავით ამოთქვა ძველ დროში პოეტმა, ლაღად და ძალდაუტანებლად. მოსწრებულად ამბობს ილია ჭავჭავაძე: „მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის  და გამოხატულობის არც ვარჯიშობისგან და არც ვარჯიშობისთვის, იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის“. პირველი ლირიკული ლექსებიც ცხოვრებამ უკარნახა ადამიანს.
მხატვრული ტექსტი, ზეპირი იყო ის თუ წერილობითი, არ გახლდათ მსჯელობა, თუნდაც ღრმააზროვანი ტრაქტატი. ის იყო სახეობრივი აზროვნების ნიმუში, ეს კი მას აღმატებით მნიშვნელობას სძენდა. სახეს ხომ მხატვრის ჭვრეტა წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი თანდაყოლილი ნიჭის ნიშანია. მეცნიერული აზროვნება ცნებითია, მხატვრული აზროვნება – სახეობრივი. სახე სიტყვაკაზმული მწერლობის ყველაზე მცირე უჯრედია, რომელშიც აზრი და ემოცია ერწყმის ერთმანეთს ანუ, სხვაგვარად რომ ვთქათ, სახეში ორი კომპონენტია განზავებული – აზრი და ემოცია, მხოლოდ აქ მთლიანობაზეა ლაპარაკი და არა კომპონენტების შეწებებაზე ან შეერთებაზე. სახეში წარმოჩენილი აზრი  ემოციური შეფერილობისაა. და აი ეს არის სწორედ არსებითი – ემოცია. მხატვრული ტექსტი ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. აქ არის სწორედ მთავარი მომენტი: პოეტის შეხება ენასთან და გრძნობის გაჩენა. პოეტი ის ადამიანია, ვინც სიტყვაში გრძნობას აქსოვს. პოეტს განსაკუთრებული შეგრძნება აქვს ენისა,სიტყვისა, ის განსაკუთრებული მადლით ამეტყველებს ენას. აქ უნდა იყოს საუბარი არა ენის ცოდნაზე, „ქონაზე“ ( გავიხსენოთ ერიხ ფრომი ) არამედ ენის ფლობაზე. აკი ამბობს კიდეც პოლ ვალერი: მწერლობა სიტყვიერი ხელოვნებაა, უკეთესია ის, ვინც უკეთ ფლობს თავის ენას“. მაგრამ ენის  ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოეტობას და არ არის პოეზიის გაჩენის წინაპირობა. ნამდვილი პოეტის ხელში ენა, მეტაფორულად რომ ვთქვათ,  მანათობლად იქცევა. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ლირიკულ პოეზიაში ვლინდება. ამის შესახებ თქვა აკაკი წერეთელმა, რაც არ იწვის, არ ანათებსო. ასე იწვის აკაკი და ასე ანათებს მისი ბრწყინვალე ლექსის „განთიადის“ მეტაფორა – „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“ და არა მარტო ეს მეტაფორა, მთელი ეს ლექსი, მკაცრი სისადავით მოსილი ამ ლექსის ყოველი სტრიქონი. ლირიკულ პოეზიაში მთავარი  სწორედ ეს ნათებაა, ეს ემანაცია, რომელიც სულ უბრალოდ ამოთქმულ სიტყვებში შეიძლება გამოსჭვიოდეს:

  გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
  ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

 

აქ არ არის არც აზრით გამოხატული ფილოსოფიური სიბრძნე და არც მეტაფორა, მაგრამ არის პოეზია. უმეტაფორო პოეზიის ცნობილი ნიმუშებია ბარათაშვილის „ჩემი ლოცვა“ და პუშკინის „მე თქვენ მიყვარდით“.  ჰერდერს უთქვამს, პოეზია ენის თვისებააო, მეტაფორასაც ენა ბადებს, უფრო სწორად, პოეტი ბადებს ენის მეშვეობით, მხოლოდ არა ცნობიერად, არამედ სპონტანურად. მეტაფორა ენის კონვულსიაა, ენობრივი ექსცესია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ უმთავრესს: პოეტი არის ადამიანი, რომელიც ენაში გრძნობას აქსოვს, ენაში,  მას გრძნობად მასალაში სიცოცხლე შეაქვს. ძალიან ხშირად ისმის სამართლიანი შეკითხვა: ლექსებს კი წერს მავანი, მაგრამ არის კი პოეტი? რას ნიშნავს ეს შეკითხვა? ეს  ნიშნავს ზუსტად იმას, რაც ჩვენ უკვე ვთქვით; ადამიანი შეიძლება წერდეს ვერსიფიკაციულად უნაკლოდ გამართულ ლექსს, მაგრამ არ იყოს პოეტი, არ იყოს პოეტი იმის გამო, რომ არ ჰქონდეს უნარი მხატვრულ სახეში ემოციური მუხტის შეტანისა. ეს უნარი ნიჭია, ანუ არა შეძენილი რამ, არამედ თანდაყოლილი.
ვფიქრობ, ზოგიერთი მაგალითი უფრო ნათლად წარმოაჩენს სათქმელს.
აქ დროული იქნება მოვიყვანო მცირე ფრაგმენტი უაღრესად საინტერესო პეტერბურგელი პოეტის ალექსანდრ კუშნერის ერთი წერილიდან, სადაც ის საუბრობს  10-იანი და  20-იანი წლების ბრწყინვალე ერუდიტის, დიდი მეცნიერის ვიაჩესლავ ივანოვის ლექსებზე. ვ. ივანოვი რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი მამამთავარი გახლდათ, მაგრამ უშუალოდ მისი პოეზიის შესახებ განსხვავებული შეხედულება არსებობდა: ერთნი მიიჩნევდნენ მას პოეტად, მეორენი კი არ იზიარებდნენ ამ აზრს. ვიაჩესლავ ივანოვის ლექსებს ბოლო დრომდე იკვლევდა ასევე დიდი სწავლული სერგეი ავერინცევი. კუშნერი წერს: „რაც შეეხება ვიაჩესლავ ივანოვს, მისი პოეზია, „რომაული სონეტების“ და ზოგიერთი ბოლოდროინდელი ლექსების გამოკლებით, თაბაშირის ტალღებს, შეღებილ მულიაჟებს, მუყაოს ბუტაფორიებს ჩამოჰგავს. ს.ავერინცევი მის პოეზიას იკვლევს და ამით კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ერუდიციით არ იქმნება პოეზია და აქაც გადამწყვეტ სიტყვას პოეტის ნიჭიერება ამბობს“.

 

 

1 2 3