გასულ საუკუნეში არა მხოლოდ ემოციას, არამედ მოდერნიზმის ხანაში შთაგონებასაც ეჭვით მოეკიდნენ,  არადა, კონსტრუირება არ უნდა გამორიცხავდეს თავდაპირველ ემოციურ სტიმულს. ოტია, ლირიკული ბუნების კაცი, ყოველთვის შთაგონების მომხრე იყო, თუმცა უფრო კრიტიკოსად მიიჩნევდა თავს და ეჭვი შეჰქონდა თავის მწერლურ ძალმოსილებაში. „არავითარი ზეძალა, ზეშთაგონება არ მკარნახობს წერისას… არ მაქვს დაუოკებელი და მოუთოკავი სათქმელი… მე ამ სათქმელს ისე ვეძებ, როგორც მიმოფანტული სინდიყის წვეთებს, რომელთა ერთად შეგროვება უაღრესად ძნელია“. მან იცოდა, რა იყო ნამდვილი მწერლობა და მაღალ მოთხოვნას უყენებდა  საკუთარ თავს.
ოტიას ერთი ასეთი ჩანაწერი აქვს: „მე ადრე ვწერდი – ფერის, ბგერის, გარემოს შეგრძნების, თუნდაც ესთეტიკური შეგრძნებების პირობითობა, შეცნობა ძნელი გასაძლებია, მტკივნეულია… ახლა კიდევ უფრო ნათლად ვიცი ყოველივე ეს. ბოლოს და ბოლოს არყოფნა სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნებათა გაქრობა“.
დასაწყისში ნათქვამს ახლა სხვაგვარად ვიტყვი: ოტია პაჭკორიასთვის თვითონ სიცოცხლე იყო ესთეტიკური ფენომენი. მასზე ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა გარესამყაროში აღძრული ბგერა, შუქ-ჩრდილი, ფორმა, ზოგადად, საგნობრივი სამყარო. ის მხატვარი იყო და სიტყვის მეშვეობით ქმნიდა შთაბეჭდილების პლასტიკურ ხატს, რომლის შიგნით ადამიანის უნიკალური ხასიათი იყო ჩაწერილი. მან ასეთი ხატებით აღბეჭდილი მრავალი ესეისტური ნაწარმოები შექმნა, რომელსაც მისი მკაფიო პიროვნული ხელწერა ატყვია.

 

1 2 3 4