ასეა ოტია პაჭკორიასთანაც და ამიტომაც ჰქვია მოთხრობას  „პანოპტიკუმი“, მხოლოდ ამ მოთხრობაში დოსტოევსკის მსგავსად ცალკეული ინდივიდების ფსიქოლოგია არ უკვლევია ოტიას, ეს მცირე ნაწარმოები ასეთ მიზანდასახულებას ვერც დაიტევდა. აქ ერთ საკანში მოხვედრილი პატიმრების ნაციონალური და ეთნიკური სიჭრელეა წარმოჩენილი: ცხადია, მხოლოდ მათი წარმოჩენა არ იყო მოთხრობის მიზანი. ამ საბჭოთა „სატრანზიტო საკანში“ არამხოლოდ იმპერიის ინტერნაციონალური საძმოს წევრები არიან – ჩეჩნები, სომხები, უზბეკები, ქართველები, არამედ იტალიელები, გერმანელები, იაპონელები, რომლებიც, როგორც ავტორი ამბობს, „ეშმაკმა იცის, საიდან მოხვდნენ აქ“.
ავტორის სათქმელი სხვა რამ იყო.
ოტია პაჭკორია 1948 წელს გადაასახლეს შუა აზიაში. ამ საკანშიც მეორე მსოფლიო ომის ქაოსი ტრიალებს. საკანი, რომლის შესახებაც წერს მოთხრობას ოტია, ტოტალიტარულ ქვეყანაში მსოფლიო კატაკლიზმების შედეგად წარმოქმნილი ქაოტური და აბსურდული წერტილია, სადაც დიდი მიგრაციების გამო საუკუნეში ერთხელ იყრიან თავს ერთად ადამიანები. ეს ექსპრესიული მოთხრობა ფაქტობრივად დოკუმენტური პროზაა. ამ აბსურდულ საკანში მოხვდა ბრმა ბედისწერის გამოისობით თბილისელი უწყინარი ჭაბუკი, რომელიც ის-ის იყო იწყებდა ცხოვრებისეული სირთულეების შემეცნებას.
ერთი მხრივ, ადამიანთა შეყრის აბსურდული წერტილია მოთხრობაში მონიშნული და, მეორე მხრივ კი, აქცენტირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილი პიროვნების დეგრადაცია. თბილისელი სომეხი ინტელექტუალი და ავანტიურისტი, იმავე საკანში მჯდომი ტუსაღი პირუმოვი კეფაზე ხელს დაიდებს და ოტიას ეტყვის: „სადღაც აქედან იწყება გახევება“. ეს შიმშილის შიშით და სხვა ათასგვარი შიშის გამოისობით ნევრასთენიკად ქცეული ადამიანის აღიარებაა. ოტია ირონიულად შეხედავს და პურის ყუას უწილადებს პირუმოვს, ის კი სავსებით სერიოზულად ართმევს მას პაწია ნატეხს და მადლობას უხდის დაბნეულ კეთილისმყოფელს.
აქ გამონაგონის წილი თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. „პანოპტიკუმი“ ფაქტობრივად დოკუმენტური პროზაა, მხოლოდ ტექსტს მხატვრულობას ოტიასეული ექსპრესია სძენს. ეს მოთხრობა აბსურდის ზეიმია, ქაოსია, ოღონდ თავბრუდამხვევი ქაოსი.
ოტიას აზრები და მოკლე ჩანაწერები ავსებს მის მსოფლმხედველობრივ სფეროს. ნიშანდობლივია ასეთი ჩანაწერი: „თანამედროვე ლიტერატურისადმი დამოკიდებულებაში წამყვანი ადგილი დაიკავა განსჯამ, გონების თვალმა, თანაც ანალიტური ღირებულების მხრივ საკმაოდ სუსტმა. ვფიქრობ, აუცილებელია ლიტერატურისადმი ემოციური კავშირის აღდგენა, ემოციური, გრძნობადი დამორჩილება, რაც სათანადო ინტელექტუალურ კონტაქტსაც გულისხმობს.“
აქ თვალნათლივ არის ნათქვამი, რომ ინტელექტისმიერმა განსჯამ გამოდევნა ემოციური კონტაქტი მწერლობასთან. ეს, რა თქმა უნდა, ხარვეზია, მაგრამ ამავე დროს, ოტია პაჭკორია ხაზს უსვამს იმას, რომ თვითონ გონებისმიერი მიმართება არ არის ღრმა და ძლიერი. ძლიერი რომ იყოს, მართალია, ემოციის კომპენსაციას ვერ მოახდენდა, მაგრამ მყარ მსოფლმხედველობრივ სქემას მაინც შექმნიდა.
ოტია ვერსად ვერ ეგუება ცივ ცნებით აზროვნებას, ამიტომაც თავის ჩანაწერებში განაგრძობს ემოციური საწყისის აუცილებლობის ფორმულირებას: „ცნებითი აზროვნების სფერო – იგივეა, რაც აზრი ტკივილის შესახებ. მწერალი ყოველთვის უნდა გასცილდეს ცნებითი აზროვნების სფეროს“. მწერალს როდესაც ახსენებს, ჩემი აზრით, ოტია პაჭკორია კრიტიკოსსაც გულისხმობს, რადგან მისთვის კრიტიკა თანაგანცდაა. ოტია აკვიატებული შეხედულების უფრო ზუსტი გამოხატვისკენ ისწრაფვის და ახერხებს კიდეც ამას: „ტკივილის შესახებ აზრში იკარგება ტკივილის განცდა.“ მწერალმა და კრიტიკოსმაც, თუ მას ეს ძალუძს, ისე უნდა გადმოსცეს ადამიანის ტკივილი, რომ მკითხველში შესატყვისი განცდა აღძრას.

 

1 2 3 4