ოტია პაჭკორია ჯერ კიდევ სტუდენტობისას პოლიტიკური მოტივით იყო გადასახლებული შუა აზიის უდაბნოში, სადაც მან რვა წელი დაჰყო. იქვე ნაადრევად შეიცნო ის ცხოვრებისეული უკეთურებანი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წარმოსახვით ეზიარებიან ხოლმე ადამიანები. თამაზ ჩხენკელი წერდა: „გულსასტიკობაა ამის თქმა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი, რაც მას თავს გადახდენია, იმად მოსულა, რომ ჭეშმარიტ მწერლად გამოკვეთილიყო მისი პიროვნება“. მე პირადად ბოლომდე ვეთანხმები ამ აზრს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: მისი სტილი მისივე აზრის რიტმულ რხევას ან, თუ გნებავთ, არიტმიას („ზოგჯერ უცებ შეჩერდებოდა გული, გამოტოვებდა რამდენიმე დარტყმას“ – „უკუქცევა“) და წყვეტილ სუნთქვასაც კი გადმოსცემდა. ეს პროტესტის მქონე კაცის ნერვიული სწრაფვა იყო. მას მთელი თავისი ემოციური ტემპერამენტი უნდოდა გამოეხატა. ამიტომაც მიმართავდა ყოველი პორტრეტის თუ წერილის წერისას იმპროვიზაციას. სხვაგვარად არც შეეძლო, ვინაიდან როცა წერდა, გულწრფელი იყო, თავი არასდროს მოუზღუდავს. ოღონდ როგორც უკვე ვთქვი, ცნობიერ საწყისს, „ეთიკურ კანონს“ ეძებდა. ამ ზნეობრივი კანონის აუცილებლობა და არსებობის რწმენაც შუა აზიის უდაბნოში, ქვის კარიერზე მუშაობისას მოიპოვა.
ოტია მწერლების პირველაღმომჩენი იყო. ვოვა სიხარულიძის „მეათე მოწმე“ მისი აღმოჩენა გახლდათ. ამ მოთხრობაში ავტორი სწორედ მთავარსა და არსებითზე საუბრობდა.
ეს იყო ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში პიროვნების სრული ნიველირება. ამ ალეგორიულ მოთხრობაში პრიმიტიული ტოტალიტარული სოციალური წარმონაქმნი მექანიკურად აწყობილი კანონებით ცხოვრობს. ეს არის ურეფლექსიო, უპიროვნო და უგონო მასა, რომელსაც მისგანვე გარიყული და ნიველირებული კაცი, ჯანიკო უპირისპირდება, ამ მასის წიაღში გაჩენილ მედროვეებს აფხიზლებს და მთელ ამ მასას ადამიანური არსებობისკენ უბიძგებს. ცხადია, ამ მოთხრობის მიმართ ოტია გულგრილი ვერ დარჩებოდა, ვინაიდან „მეათე მოწმე“ მახვილგონივრული მინიშნებით ძალზე ლაკონიურად საბჭოთა სინამდვილეს გამოხატავდა. საბჭოთა იმპერიული იდეოლოგიაც ისევე აქრობდა ადამიანებს, როგორც საბალახოელთა კლანმა გააქრო, ვერ გაიხსენა, სოციალურ ნულად აქცია ჯანიკო.
ოტია პაჭკორია პორტრეტისტი იყო. ამ ჟანრის ნაწარმოებთაგან სრულიად გამორჩეულია ლევ სოფიანიდის პორტრეტი. ეს წარმოშობით ბერძენი კაცი ოტიამ გადასახლებაში გაიცნო. სოფიანიდი ესეში სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი: კაცი – პოეზიის მცოდნე, კაცი – უდაბნოში „ოაზისის“ პატრონი, კაცი – სოფელ წინწყაროს ერთი ეული ეკლესიის ჩრდილში მდგომი, მწიგნობარი, ტუსაღი და სოფლის მასწავლებელი. ისიც იმათგანი გახლდათ, ვინც საბჭოთა იდეოლოგიამ ასოციალურ ადამიანად აქცია, ისეთ ლაბირინთში გახლართა, რომლიდანაც გამოღწევა უაღრესად ძნელი იყო და, რომ არა ოტიას შესრულებული პორტრეტი, ლევ სოფიანიდის სახელსაც დავიწყების ტალღა წაიღებდა.
თვითონ ოტიას მოთხრობებიც მახსენდება. ვფიქრობ, მათგან გამორჩეულია „უკუქცევა“ და „გობელენი“. „უკუქცევა“ თვითრეფლექსიაა, იმ კაცის თვითჩაღრმავება, ვინც ერთხანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის შეყოვნდა. ამ მონაკვეთს ეხება კიდეც მოთხრობა, რომელიც წარსულიდან გამოღწეული ჩვენებებით არის გაჯერებული.
„გობელენი“ გარდასულის გახსენებაა, აქ არის დავითის და ელენეს დრამატიზმით აღბეჭდილი ცოლქმრობა და ბუჩუკური – ნატიფი სულიერი წყობის ინტელიგენტი, რომელიც იღუპება, მაგრამ ვიდრე დაიღუპება, ერთი ოჯახის მღელვარე ისტორიას ესწრება. ამ მოთხრობაში სოლოლაკის ერთი სახლის ინტერიერია მრავალმნიშვნელოვნად აღწერილი.
ოტიამ თავის სიცოცხლეში თვრამეტი მოთხრობიდან მხოლოდ ოთხი გამოაქვეყნა. ცხადია, ის ფიქრობდა, რომ ეს ოთხი მოთხრობა ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატავდა მის მხატვრულ ინტუიციას, წარმოსახვის სიზუსტეს და ოსტატობას, ფაქტობრივი მასალის ორგანიზების უნარს. ერთ-ერთი ამ მოთხრობათაგანია „პანოპტიკუმი“. ამ მოთხრობამ დოსტოევსკის „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ გამახსენა, პირველი ნაწარმოები, რომელიც მწერალმა ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ დაწერა. აქ სწორედ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინდივიდების, ტყვედყოფილთა კლანის მრავალსახეობაა აქცენტირებული.