გასული საუკუნის ოთხმოცი წელი იყო, ოტია პაჭკორია პირველად რომ ვნახე. ის ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში მუშაობდა. მეც იქვე, მთარგმნელობით კოლეგიაში დავიწყე იმხანად სამსახური და ოტიას თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. ხშირად შემისწრია თვალი, სწრაფი ნაბიჯით როგორ აირბენდა ხოლმე კიბეს.
მას ცხოვრების თავისი რიტმი ჰქონდა, რომელსაც არასდროს ღალატობდა. ზოგჯერ ჩვენი რედაქციის ვიწრო დერეფანს გაივლიდა, რომელიმე ოთახის კარს ჯიქურ შეხსნიდა და ზღურბლზე შემდგარი თანამშრომლებს გამოელაპარაკებოდა.
მე უკვე წაკითხული მქონდა მისი ნაწერები და ვიცოდი, ოტია იყო ნამდვილი ლიტერატორი, მწერალი, ესეისტი, მხატვარი ამ სიტყვის ღრმა გაგებით. მნიშვნელობა ჰქონდა მის მთლიან პიროვნებას, მისსავე პროფესიულ ამპლუას მთელი მისი პიროვნება განაპირობებდა. პირველი ნახვისთანავე თვალში გხვდებოდა ამ კაცის პიროვნული ინდივიდუალობა, რაც გარეგნობაშიც ჩანდა. მის გამჭოლ, კეთილგანწყობილ მზერაში ლირიკული ნაპერწკალი ელვარებდა. ეს უაღრესად გახსნილი, მეტყველი გამოხედვა იყო. ამ გამოხედვას ერთგვარი მოუსვენრობა, თითქოს ცვალებადობის თუ მოძრაობის წყურვილი ახლდა. ოტია რასაც გურამ რჩეულიშვილზე წერდა თავის წერილში, ის მასზედაც შეიძლებოდა თქმულიყო. ოტიასაც მოძრაობა იზიდავდა, უაღრესად დინამიურად იყო „მოწყობილი“ და სიცოცხლის ნიშნით აღბეჭდილი. ოტია წერს გურამ რჩეულიშვილზე, რომ ის სიტყვებით არ ცხოვრობდა, არამედ ცხოვრობდა მოქმედებებით, ამბებით და ამ ნათქვამს მოსდევს მშვენიერი ფრაზა: „ოღონდ შეეძლო ამბების მითებად გადაქცევა“.
თვითონ ოტია არა მხოლოდ მოქმედებებით ცხოვრობდა, არამედ სიტყვებითაც. ოტია საუბრობდა მთავარსა და არსებითზე სიტყვის მეშვეობით, ის ფერის და ფორმის გამომხატველი იყო. ოტია სიტყვის ალქიმიას ფლობდა, სიტყვების ნაზავით ქმნიდა მელოდიას, განწყობას, ფორმას, ათასგვარ კონფიგურაციას. ის იყო ლირიკოსი და ამავე დროს ანალიტიკოსიც. მხოლოდ ლირიკოსობას არ სჯერდებოდა. ის ესეისტი და პროზაიკოსი იყო და იცოდა, რომ უმაღლეს პროზაში პოეზია და პროზა ბოლომდე განუზავდება ერთმანეთს. ასეთ პროზაიკოსებად მიაჩნდა სერვანტესი, სტენდალი, ტოლსტოი და ამიტომაც წერდა მათს შემოქმედებაზე. ქართულ პროზაზე როცა წერდა, ეძებდა მთავარს და არსებითს – ცნობიერ საწყისს და „ეთიკურ კანონს“. ყოველივე ამას რომ მიაკვლევდა, მერე უკვე ადეკვატურ ფორმას, ემოციურ და ესთეტიკურ ზემოქმედებასაც მოითხოვდა.
ოტიასთვის ესა თუ ის განხილვის საგანი, მხატვრული ნაწარმოები თუ მწერალი საიმისო საბაბი იყო, რომ თავისი ლიტერატურული მრწამსი, ზოგადად, ლიტერატურისადმი და ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულება გაემჟღავნებინა. ნაკლებად მნიშვნელოვანი საბაბიც კი მნიშვნელოვნად იქცეოდა მის ხელში, რადგან ეს საბაბი მის პიროვნულ წარმოსახვას, კრეატიულ ენერგიას აძლევდა სადინარს. ოტია პაჭკორიას ზედმიწევნით ესადაგებოდა ბიუფონის ნათქვამი – სტილი ადამიანიაო. ყველა მეტ-ნაკლებად გამოკვეთილ პიროვნებას არა აქვს თავისი გამოკვეთილი სტილი, ოტიას კი ჰქონდა.
რა ამჟღავნებდა ამ სტილს?
უპირველეს ყოვლისა ის, რომ მისი ბობოქარი და მოუსვენარი, დინამიური ნატურა ვერ ეგუებოდა ვერავითარ კლიშეს, სტანდარტს, ტრივიალობას. მისი კრიტიკული წერილი თუ პორტრეტი დასაწყისიდანვე შორდებოდა მკვლევარის ჩვეულებრივ პოზას, ცივ, მშრალ ცნებით აზროვნებას, გაჭიანურებულ კვლევას, რომელსაც არ ახლავს „ვნების სიმძაფრე“, შემოქმედებითი ხალისი და ჟინი. ოტია წერდა კრიტიკულ წერილს და ეს წერილი ღრმად პიროვნულ შთაბეჭდილებებს ეფუძნებოდა, მხოლოდ ეს იმ კაცის შთაბეჭდილება იყო, რომელმაც იცოდა მაღალმხატვრულობის ფასი, იცოდა, რის ფასად შეიძლებოდა მოეპოვებინა მაღალმხატვრულობა მწერალს.