რეჟისორი ფილმს ქინძისთავებით შექმნილი ანიმაციით იწყებს, სადაც კანონის უზენაესობის იდეას ეხება. უელსი იმ ილუზიის ირგვლივ ირონიზირებს, რომლის მიხედვითაც კანონის წინაშეყველა თანასწორია და გვიჩვენებს მავნებლური ბიუროკრატიის უსასრულო შრეებს, რომელიც სამართლიანობის აღსრულებას შეუღწევად ბარიერად ევლინება. თავისუფალი ნება მოჩვენებითი კონსტრუქციაა, რომელიც გვიქმნის წარმოდგენებს, რომ საკუთარი ცხოვრების არქიტექტურა ჩვენვე გვაბარია, თუმცა ტოტალიტარული წესრიგი, როგორიც მაგალითად სტალინის დროს იყო, ან ნეოლიბერალური ბიუროკრატია, რაც პინოჩეტის ჩილეში აღმოცენდა, საზოგადოებას აუცხოებდა ფუნდამენტური უფლებებისგან, კანონის წინაშე თანასწორობისგან და მარტივად რომ ვთქვათ, იმ საშუალებისგან, რომ ღირსეული ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასთვის და არა მხოლოდ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირებისა და მაღალი კლასისათვის.

კაფკას ნარატივისგან დამოუკიდებლად, უელსს ახალი დეტალი შემოაქვს ისტორიაში, სადაც ბიუროკრატიის გამაძლიერებელ პლატფორმად კომპიუტერულ ტექნოლოგიას იყენებს. პროცესში გიგანტურ კომპიუტერებში შეყავთ ცნობები ადამიანების ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მხასიათებლების შესახებ და იღებენ პასუხებს, რომელიც ეჭვქვეშ აღარ დგება. შესაბამისად, საქმე გვაქვს კიდევ უფრო მრავალფენიან ბიუროკრატიასთან და ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოების კონტროლის და მათზე თვალთვალის აპარატთან. რამდენადაც დისტოპიური შეიძლებოდა ყფილიყო მსგავსი თეორია ფილმის გამოსვლის, 1962 წელს, იმდენად რეალობის ნაწილია დღეს, როდესაც უკანონო მოსმენები და პირადი ინფორმაციებზე უნებართვო წვდომა ისეთ დეკომრატიული ღირებულების მქადაგებელ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკაა, შიდა და საგარეო პოლიტიკის წარმოების განუყოფელ ნაწილად გვევლინება.

თუმცა რამდენადაც ხედავს ტრაგიკულ ნიშნებს აღწერილ სამყაროში, იმდენად შავი კომედიის პრიზმიდან უდგება მოქმედებებს რეჟისორი. იოზეფი გამუდმებით აწყდება გიგანტურ კარებებს, იქნება ეს სასამართლოს შეობა, ღვაწლმოსილი მოსამართლის სახლი თუ სხვა ავტორიტეტული წარმომადგენლობები. რიგითი საქმოსნების საცხოვრებელი სახლები კი კომპრესირებული, დაბალჭერიანი, უჰაერო ოთახებითაა  დაკომლექტებული, სადაც ცხოვრების ნაცვლად, თითქოს ტყვებაში იმყოფებიან. განათების ოსტატური გამოყენება შავ-თეთრ გამოსახულებას კიდევ უფრო მეტყველს ხდის და ექსპრესიონიზმის ნიშნებს აძლიერებს.

 

 

1 2 3