ექვს მაისს, მსოფლიო კინემატოგრაფის კოლოსალური ფიგურა, ორსონ უელსი დაიბადა, ვუნდერკინდი, რომელმაც 25 წლის ასაკში გადაიღო მონუმენტური ნაწარმოები, „მოქალაქე კეინი“, რომელზეც დღემდე არ წყდება დისკუსია სინეფილურ საზოგადოებაში, არის თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო ფილმი. თუმცა დღეს, უელსის ნაკლებ ცნობილ და ვფიქრობ, ჯეროვნად არ დაფასებულ ფილმზე, „პროცესზე“ მსურს ვისაუბრო, რომელიც ფრანც კაფკას ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია გახლავთ. ფილმის სიუჟტი ახალგაზრდა იოზეფ ქეის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც მოულოდნელად საკუთარ საძინებელში წაუყენებენ ბრალს დანაშულში, რომლის შინაარსიც როგორც მაყურებლისთვის, ისე პერსონაჟისთ ვის, უცნობი რჩება.

უელსი კაფკას ნაწარმოებში წამოჭრილი თემების შთამბეჭდავ ვიზუალურ თარგმანს ანხორციელებს და პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტს მაქსიმალურად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ არც ფილმის გმირებმა და არც მყურებელმა არაფერი ვიცით იმის შესახებ თუ რაში დებენ ბრალს იოზეფ ქეის, რეჟისორი მასში ბრალეულობის განცდას და ეჭვებს გვიჩვენებს. ქეი ქედმაღლური და ნერვოზებით სავსე ადამიანია, რომელიც იმავე რეპრესიული აპარატის ნაწილია, რომელიც მის გასამართლებას აპირებს. მართალია მან არ იცის რის გამო წარუდგინეს ბრალი, მაგრამ გრძნობს რომ შეიძლება დამნაშვე იყოს, რადგან მისი საქმიანობა იმ ჯოჯოხეთური ბიუროკრატიის შექმნას ემსახურება, რომელშიც სამართლიანობის იდეა მუნჯდება და ადამიანების დახმარების ნაცვლად, მათ ცხოვრებას ართულებს და ღირსებას ართმევს. ის დასმენის, უაპელაციო განაჩენის გამოტანის და უსამართლობის მკვებავი ინსტიტუტის ამბიციური თანამშრომელია, რომელიც ენერგულად ემსახურება და ახორციელებს იმ პრაქტიკებს, რომელის სამიზნეც ამჯერად თავადვე გახდება.

უელსი გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენით შემაძრწუნებელი სცენების კონსტრუირებას ახდენს. ხშირად კამერას კადრში მყოფი მსახიობების წელს ქვევით განალაგებს, გამოსახულებას ფართო ლინზებით იღებს და ჰერმეტულობის, კლაუსტროფობიის და დეზორიენტაციის შეგრძნებას იდეალურად გადმოსცემს. ფილმის დეკორაციები ისეთივე დისკომფორტის გამომწვევია, როგორც მასში არსებული ტოტალიტარული წესრიგი, მუდმივი განცდა, რომ მიმდინარე მოვლენებეს ვიღაც აკვირდება, პარანოიდალური ეფექტის უმაღლეს შედეგს იძლევა.

1 2 3