ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა კითხვაზე, რის ნახვას ისურვებდა დოკუმენტურ ფილმში, მაგალითად, ჰეგელზე ან ჰაიდეგერზე, პასუხობს, მათ სექსუალურ ცხოვრებასო. მიუხედავად იმისა, რომ თავად დერიდას ღიად არასოდეს უსაუბრია საკუთარი სექსუალური ცხოვრების შესახებ, თავის კოლეგებისგან სწორედ ამაზე საუბრის მოსმენა სურდა. არადა, პრინციპში მართლა საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, ჰაიდეგერის და ჰანა არენდტის საძინებელში სხეულთა კომუნიკაციის რა სპექტრს ქონდა ადგილი. თუმცა ამ საკითხზე, რასაც სექსუალურ ცხოვრებას ვუწოდებთ, გულახდილი თხრობა ხელოვნების სხვადასხვა ფორმებში ძალიან იშვიათად ხორციელდება.

მაგალითიად, რომ ავიღოთ ჰეტერონორმატიული პორნოგრაფია, ძირითადად ორი ტიპის სცენარულ განვითარებას აღმოვაჩენთ. პირველი, სადაც სტანდარტული ნარატივი ვითარდება, ქალს რაიმე ტიპის საჭიროება უჩნდება, ან წყლის მილი გასკდება და ხელოსანს იძხებს, ან მოშივდება და პიცის მიმტანს მოუხმობს. შემდეგ კი ერთი ტიპის საჭიროებას, სხვა, უფრო ფუნდამენტური ფიქსაციის და დანაყრების აქტი მოსდევს. მეორე შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო ხელოვნური და სასაცილოა, ვხვდებით ფსევდო კუსტარულ ფილმებს, სადაც ის სცენარია გათამაშებული, თითქოს რეალური წყვილი იწერს თავის ინტერკურსს. ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში ვაწყდებით არარეალურ იმიჯებს, იდეალური მუცლის პრესის მქონე კაცებს და კანქვეშა ცხიმისგან სრულად დაცლილ ქალებს გიგანტური მკერდით. სიამოვნების მიღების ნაცვლად კი ტექნიკაზე მიმართულ კალკულირებულ მოძრაობებს, რაც ყალბ წარმოდგენებს გვიქმნის იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად ინტიმური ურთიერთობები.

ამ მხრივ უფრო მძიმე სურათი მეინსტრიმულ კინოში გვხვდება, სადაც მაგალითად თავისუფლად გვიჩვენებენ როგორ ალილავებს ჯიუ ჯი ცუს შთამბეჭდავი ილეთებით ცოლ-ქმარი ერთმანეთს, მაგრამ როდესაც სექსზე მიდგება საქმე, ყველაფერს საბანი ფარავს. ძირითადად კი ყველა სექსის სცენა კაცის მზერის დასაკმაყოფილებელ ესთეტიკაში იქმნება, რაც კიდევ უფრო გვაშორებს ავთენტურ გამოსახულებას. მთავარი ინტიმური დეტალები, რაც არის ახალ სხეულთან შეხების მღელვარება, კანის სინაზისგან გამოწვეული სენსაცია, ფორმებზე დაკვირვება თუ სხვა, ეს ფუნდამენტური ელემენტები ან სრულად არის უგულვებელყოფილი, ან რობოტული მოძრაობებითაა გადმოცემული.

დევიდ ფინჩერის ფილმში „სოციალური ქსელი“, ფეისბუქის ციფრულ სამყაროში ჩაშვების მთავარი ბიძგიც ასეა წარმოჩენილი –  ურთიერთობების სტატუსის მოფიქრების შემდეგ  მარკ ცუკერბერგი გადაწყვეტს, პროექტი დასრულებული და სრულყოფილია,  მზადაა გასაშვებად და  ხალხს უეჭველი მოეწონება ჩემი ქმნილებაო, იმ არგუმენტით, რომ ყველას აინტერესებს ვის ვისთან აქვს სექსიო. როგორც ამბობენ, სექსი ყველაფერს ყიდის, მას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განზომილება გააჩნია, რადგან პირადი, მუდამ საჯარო ინტერესის, განხილვის და უტრირების საგანს წარმოადგენს. შედეგად ყალიბდება დამახინჯებული წარმოდგენები და იქმნება ძალაუფლებრივი ურთიერთობები. იქიდან გამომდინარე, რომ კულტურაში ისედაც უტრირებულ სექსს ვაწყდებით,  პორნოგრაფია ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის საპირწონე აქტივობებს აწარმოებს, კომერციული კინო კი მკაცრად რომანტიზმის ბურკაში ატარებს სექსის პრაქტიკებს, მისდამი დამოკიდებულება და ინტერესიც ჯანსაღ ფორმებს კარგავს.

სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია იდეალური სექსი, შემდეგნაირად პასუხობს. ქალი და კაცი ხვდებიან ერთმანეთს, პაემანზე ორივეს მიაქვს მექანიკური გენიტალია, ამ ხელსაწყოებს ერთმანეთში აერთებენ, მაგიდაზე დებენ, თვითონ კი ფილმებზე საუბრობენ და ადამიანური კომუნიკაციით ერთობიან. მათი ეგო დაკმაყოფილებულია, რადგან სიმბოლური აქტი შედგა და აღარაა საჭირო ერთმანეთის ფიზიკურ დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. ანუ დიალოგი, ადამიანური კომუნიკაცია, ხორციელ ვნებაზე წინ დგება. რეალურად, პრიორიტეტად ის ისახება, რისი დეფიციტიც ყველაზე მეტად გაგვაჩნია, ასე რომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ – დერიდა ინტერესების განაწილებისას სწორი ყოფილა.