ბრიტანელი მწერალი ნიკ ჰორნბი თავის წიგნში High Fidelity ძალიან მნიშვნელოვან კითხვას სვამს: პოპ მუსიკას იმიტომ ვუსმენდი, რომ უბედური ვიყავი თუ უბედური იმიტომ ვიყავი, რომ პოპ მუსიკას ვუსმენდიო? ამ შემთხვევაში, საუბარია პოპ მუსიკაზე, როგორც რომანტიკული იმიჯების ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელსა და გამავრცელებელზე. წიგნის მთავარი გმირის, რობის, პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას რომანტიკული შეხედულებები აქვს სასიყვარულო ურთიერთობებზე, რაც იმ სიმღერების მიერაა ნაკარნახები, რომელთა სენტიმენტებზეც გაიზარდა.

რომანტიკულ ნაწარმოებებში, იქნება ეს ლიტერატურა, კინო, კომპიუტერული თამაშები თუ მუსიკა, მუდმივად ვხედავთ საზოგადოებრივ წეს-ჩვეულებებთან დაპირისპირებულ წყვილებს, რომლებიც საკუთარი სიყვარულის გადასარჩენად არაფერზე იხევენ უკან. ტრაგედიებში ყველაფერი სიკვდილით მთავრდება. თუ საშუალება არ ჩნდება, რომ წყვილი ერთად იყოს, მაშინ ერთადერთ სწორ მოქმედებად სუიციდი ან ავტორის მიერ პერსონაჟის მოკვდინება რჩება. გავიხსენოთ გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, როგორი პათოსი და გმირული სულისკვეთებაა მთავარი გმირის გადაწყვეტილებაში, როგორ აქცევს მას თვითმკვლელობა აბსოლუტურ რომანტიკულ სიმბოლოდ, სიყვარულს შეწირულ რაინდად. ან თუნდაც ფიცჯერალდის „დიდი გეთსბი“. გეთსბი ჩემი თინეიჯერობის პირადი გმირი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ირაციონალური პერსონაჟი ლიტერატურას ცოტა თუ ახსოვს. მაგრამ სიყვარულისთვის იბრძვის, ეს ბრძოლა კი მუდამ კეთილშობილური და მართალია. ყოველ შემთხვევაში ასე გვასწავლის კულტურა.

მხატვრულ ფილმ „მატრიცას“ მეორე სერიაში, მთავარი გმირი ნეო, მისი გულისსწორის, ტრინიტის, გადარჩენის შესაძლებლობის მოპოვებისთვის, მთელი კაცობრიობის გათავისუფლების შანსს უგულვებელყოფს. და ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კინო მანიფესტია, რომელიც სიყვარულის შედეგებს აღწერს, მაგრამ რომანტიკული ბუნების მიღმა რომ შევხედოთ, ზედმეტად ეგოისტური ნაბიჯია, რომელიც ინდივიდუალურ ინტერესს წირავს საზოგადოებრივ სიკეთეს. მოკლედ, რომანტიზმის იდეა მთლიანად წარმოდგენების სამყაროა, რომელიც მომხიბვლელია და მუშაობს ფიქციურ მედიუმებში, მაგრამ როდესაც რეალობაში ვმოქმედებთ მსგავსი პრაქტიკებით, ვიღებთ კონფლიქტებს, კომუნიკაციის არევას და დესტრუქციულ ქმედებებს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ არცერთ ზემოთხსენებულ და მათ მსგავს თანამედროვე კულტურის მძერწავ ნამუშევრებში, არავინ გვიყვება იმ დრამებსა და პრობლემებზე, რომელსაც რეალურ ურთიერთობაში გადავეყრებით. მაგალითად ჩემთვის ყველაზე ძლიერი რომანტიკული ილუზია ისაა, რომ პარტნიორმა უთქმელად უნდა გამიგოს, მიხვდეს რისი სურვილი მაქვს, როდესაც რამე მეწყინება, ზუსტად იცოდეს რა იყო ამ წყენის მიზეზი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი დიალოგია ერთადერთი, რაც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო, ხშირად მაინც იმ პოზას ვარჩევ, რომ თვითონ უნდა მიხვდეს, რადგან ჩემში უკვე ძლიერადაა ფესვგადგმული რომანტიკული კოდები და რამდენადაც არ უნდა ვხვდებოდე, რომ ლოგიკურად ასეა სწორი, ემოციური ფრუსტრაცია მაინც არსად მიდის.

შესაბამისად, რომანტიკული ნაწარმოებები გვიქმნის წარმოდგენებს იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები, ხოლო როდესაც რეალობაში სხვაგვარ შედეგს ვაწყდებით, სადაც მხოლოდ სიყვარული აღარ არის საკმარისი ძალა წინაღობების დასაძლევად და ვხვდებით, რომ მის შესანარჩუნებლად და გასახანგრძლივებლად ყველაზე დიდი ძალისხმევა, ემოციური ინვესტირება, მუშაობა, პირადი ინტერესების დათმობა და სხვისი საკუთარ თავზე წინ დაყენების შესაძლებლობაა საჭირო, ვრჩებით იმედგაცრუებული, მოტყუებული და ტრაგიკულები.

აქედან დასკვნა: რომანტიზმი აზარალებს სიყვარულის პრაქტიკულ განხორციელებას. რომანტიზმი და უმოქმედობა. როგორც ვუდი ალენი ამბობს ენი ჰოლში, ურთიერთობები ზვიგენივითაა, თუ მუდამ წინ არ მიიწევს, კვდება. გადარჩენა კი წინსვლაშია. ამიტომ, დროზე უნდა განვთავისუფლდეთ მკვდარი ზვიგენისგან.